კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
კოვაქსი ვარაუდობს, რომ გზავნილების ძირითადი ნაწილი 2021 წლის მარტში განხორციელდება.
"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ".
კოვაქსის განმარტებით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".
აღნიშნულ განცხადებას „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე გამოეხმაურა:
„კოვაქსი“ ვერ აკმაყოფილებს აშშ-სა და ევროგაერთიანების ვალდებულებებს და დამატებით მოთხოვნებს საბაბად იყენებს იმისათვის, რომ დანარჩენ ქვეყნებს დაუგვიანონ ვაქცინის მიწოდება, - ამას სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი.
კომპანიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საქართველომ ამბულუტურად ყველა პირობა დააკმაყოფილა. ამისათვის, ჩვენმა ქვეყანამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება რეკორდულ დროში მიიღო. „ფაიზერის“ ვაქცინებისთვის მაცივრებიც გვაქვს. მათი გადაადგილება სამივე დიდ ქალაქში შესაძლებელია, ანუ რაც ამ დოზებს სჭირდება, ყველაფერი დაკმაყოფილებულია. შესაძლოა, თავად მწარმოებელი, - ფაიზერი, ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს და ეს მხოლოდ საბაბია, იმისათვის, რომ თავი იმართლოს“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.
„კოვაქსის პლატფორმის“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა კრიტერიუმი, რომელიც „კოვაქსმა“ დააყენა, არ არის სწორი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გავრცელებულ განცხადებას.
მისივე თქმით, საქართველომ „ფაიზერისგან“დამატებითი მოთხოვნები მიიღო.
„ამას სჭრიდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც ყველა პირობა დაზუსტდება და ამას ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი გვექნება ეს ორმხრივი ხელშეკრულებები. როცა ჩვენ „ფაიზერის“ ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლას უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან ველოდით, „ფაიზერის“ შუალედური კომუნიკაციის შემდეგ, „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ „ფაიზერის“ მიერ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები, რომელიც ვაქცინის მიღებისთვის ქვეყნის ტექნიკურ მზაობას არანაირად არ უკავშირდება და ეს დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში ჩვენ „კოვაქსი“ ვერ გვატყობინებს, თუმცა, გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც ეს პირობები დაზუსტდება.
დღეს პირველი მარტია, ჩვენ „კოვაქსისგან“ და „ფაიზერისგან“ დღესაც ველოდებით სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების საშუალებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანხმობის საფუძველზე, იურიდიული და ტექნიკური მზაობა ყველა ამ პირობის მიღებისთვის არსებობს. ამდენად ქართული მხარის მიერ „ფაიზერთან“ მიმართებით შეფერხება არ ყოფილა არცერთი წუთი და როგორც კი გვექნება მათი საბოლოო დასტური, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე. ქვეყნის მზაობა არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერტიუმებთან, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად დაისვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge