21:56 02.03.2021
ოპოზიციის არაადეკვატურობა ის არის, რომ ხელისუფლებას სთხოვს, თავისი ხელით ჩააბაროს ძალაუფლება - დავით ზურაბიშვილი

ოპოზიციის არაადეკვატურობა იმაშია, რომ “ოცნებას” სთხოვს ძალაუფლება თავადვე ჩააბაროს, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტიკის ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.

 

“როდესაც ოპოზიციის არაადეკვატურობაზე ვლაპარაკობ, ჩემი აზრით ეს იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას სთხოვს თავისი ხელით ჩააბაროს ძალაუფლება. ეს არარეალისტური მოთხოვნაა. თუ ახალი არჩევნები ჩაატარა და ახალი ცესკო დანიშნა… მეტი რაღა უნდა გააკეთოს? ეს პრაქტიკულად აღიარება იქნება, რომ თქვენ მოიგეთ არჩევნები და მე გავაყალბეო. ასე არ გამოვა. ამაზე ხელისუფლება არ წამოვა. მე პირადად მომხრე ვიქნებოდი რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ არ წამოვა”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლი მიშელმა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნა და თითქოს ყინული დაიძრა, თუმცა დღეს ერთი მხრივ ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირების აქცია მაინც გამართა, ხოლო მეორე მხრივ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია, რამაც პოლიტიკური პროცესი ისევ ჩიხში შეიყვანა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge