22:22 02.03.2021
როდესაც შარლ მიშელი ესწრებოდა შეხვედრას, ოპოზიციიდან ყველანი იყვნენ ისეთი ტკბილები, თბილები, აკადემიურები.. როგორც კი აფრინდა თვითმფრინავი... - ირაკლი ზარქუა

როდესაც შარლ მიშელი ესწრებოდა პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას, ოპოზიციიდან ყველანი იყვნენ ისეთი ტკბილები, თბილები, აკადემიურები. როგორც კი აფრინდა თვითმფრინავი და წავიდა, კი ნახეთ ამ დილას რაც მოხდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი განმარტებით, მაშინ როდესაც საათები არ არის გასული მოლაპარაკებიდან, მსგავსი ქმედება არანაირ კონსტრუქციულ ჩარჩოებში არ ჯდება. მისივე თქმით, მმართველმა ძალამ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზეც წავიდა და ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა.

 

„საათები იყო გასული, უკვე მოაწყეს ამ დილას, ეს არის კონსტრუქციული დიალოგი? ეს არის კონსტრუქციული ურთიერთობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, დღეს ხელკეტებით შეიარაღებული რომ მოვიდნენ და დილიდანვე დესტრუქციაზე გადავიდნენ? მერე მიხვდნენ და დღეს გამოაცხადეს, რომ არაო, მეტს ასე არ ვიზამთო, არ არისო კარგიო, ჩამოყალიბდნენ, ალბათ, ეთერში რომ ნახეს, როგორ იქცეოდნენ ამ დილას. ეს ჯდება რომელიმე კონსტრუქციულ საუბარში, დიალოგში ან ურთიერთობაში ? კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ კონსტრუქციულ ეტაპზე გადავსულიყავით. 4 რაუნდი ჩატარდა, ჩვენ ყველანაირი შეთავაზება გავაკეთეთ, მოვდივართ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე, დღეს ინიცირებულია, რომ ახალი ელექტრონული სისტემით ჩატარდება არჩევნები. დარჩა ბარიერის თემა, სადაც გვჭირდება საკონსტიტუციო შეთანხმება, აგერ არის ბურთი და მოედანი. მელია გჭირდებათ? გადაუხადეთ, გადაიხადოს, გამოვიდეს და გააგრძელოს“, - განაცხადა ზარქუამ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge