დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ეს ეკლესია კათოლიკურია, მართლმადიდებლების მფლობელობაში არაკანონიერად არის - ივლიტას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აღადგენს 03.03.2021 00:45

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ახალციხეში, სოფელ ივლიტაში, ეკლესიის დაზიანებული სახურავის შესასწავლად სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ბარამიძის განცხადებით, ტაძრის სახურავის შეკეთება სავარაუდოდ აპრილში დაიწყება.

 

„ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი წარმომადგენელი, რამაზ კორშია, რომელმაც პირველადი მონაცემები მოგვაწოდა. როგორც ირკვევა შენობაზე თოვლის ზემოქმედების შედეგად ჩაიქცა სახურავის ზედა ფენილი. ჯერჯერობით დაზიანებები შიდა ინტერიერში გამოვლენილი არ არის, შესაბამისად სარეაბილიტაციოა მხოლოდ სახურავი. სახურავქვეშ ხის კონსტრუქცია იყო საკმაოდ ამორტიზებული, რაც უხილავი იყო, ამის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ ჰქონდა. ორ დღეში ისევ ჩავა ჩვენი წარმომადგენელი, საპროექტო მონახაზებს შეადგენს, რათა საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდეს შესადგენად და სამუშაოები სავარაუდოდ აპრილში, სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდება“, – ამბობს ბექა ბარამიძე.

 

ივლიტაში ეკლესიის სახურავი, მიმდინარე წლის 16 თებერვალს ჩამოინგრა.  ტაძრის წინამძღვრის, იოანე გელაშვილის თქმით, შენობის მდგომარეობის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო საქმის კურსში იყო.

 

„ტაძარს პრობლემები ჰქონდა, 1960–იან წლებში აქ გაჩენილა ხანძარი, დაიწვა ეკლესია და მერე აღადგინეს, ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბოლო წლებში შევამჩნიე, რომ დაზიანდა, ხე იყო რომელიც აღარ ვარგოდა, ჩვენ მივმართეთ ძეგლთადაცვას, მაგრამ ჯერჯერობით ასე იყო, უცბად თოვლმაც გამოიწვია ეს შედეგი“, – გვითხრა ივლიტას ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი ირწმუნებიან, რომ მათთან წერილობითი შეტყობინება არ შესულა, შესაბამისად ტაძრის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

 

„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, თუ ასეთი წერილობითი შეტყობინება არის და ჩვენგან რეაგირება არ ყოფილა, ამასაც რა საკვირველია შეიძლება თავის მიზეზები ჰქონდეს. ისევ და ისევ ვუბრუნდებით ძველ საკითხებს. მოგეხსნებათ, რომ საქართველოში უამრავი ძეგლი არის ისეთი რომელიც, გარდა ინტენსიური მონიტორინგისა, საჭიროებს გადაუდებელ სარესტავრაციო ჩარევას, შესაბამისად ამ ეკლესიის სახურავის დაზიანება არ იყო გამოკვეთილი“, – აცხადებენ სააგენტოში.

 

ივლიტაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილობით მიმართა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ. სასულიერო პირის განცხადებით, მომხდარი არა მხოლოდ უამინდობის, არამედ უყურადღებობის ბრალიცაა. მისივე თქმით, ტაძარი ჩამონგრევამდე „მავანმა შეგნებულად მიიყვანეს, რადგან ისტორიულად ეკლესია კათოლიკეებს ეკუთვნით”.

 

„ეს ფაქტი შედეგია არა მხოლოდ უამინდობისა, არამედ უმთავრესად უყურადღებობისა და უზრუნველობისა, რომელშიც იყო მიტოვებული ტაძარი, სწორედ ამგვარი დღის მოლოდინში. ადგილობრივი კათოლიკენი დიდი ხანია აღნიშნავდნენ დაზიანების აშკარა ნიშნებს და ამგვარი შედეგი მოსალოდნელი იყო. ვშიშობ, რომ ამჯერადაც შეგნებულად იქნა მიყვანილი მდგომარეობა იქამდე, რომ შენობა დაინგრეს და შემდეგ მავანმა აღადგინოს ის თავის გემოზე“, – წერია ეპისკოპოსის მიმართვაში, რომელიც საქართველოს კათოლიკე ეკლესიის მედიის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

სასულიერო პირის თქმით, აღნიშნული ტაძარი ისტორიულად კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია, შესაბამისად იგი ითხოვს, რომ „ეკლესიაში ყოველივე აღდგენილ იქნას პირვანდელი სახით, დაცულ იქნას ამ ტაძრის სტრუქტურა, ისტორია და იერსახე და ჩამაყენონ საქმის კურსში გადაწყვეტილებების მიღებისას“.

 

გაითვალისწინებენ თუ არა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის, ჯუზეპე პაზოტოს თხოვნას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ასე გვიპასუხეს:

 

„არ გამოვრიცხავთ კათოლიკე პირების ინფორმირებას და მათ ჩართულობას, თუმცა ჩვენ უპირატესად ურთიერთობა და კომუნიკაცია გვექნება იმ რელიგიურ კონფესიასთან [მართლმადიდებლური ეკლესია] რომლის საკუთრებაშიც იურიდიულად თუ სამართლებრივად ეს უძრავი ნაგებობა არის რეგისტრირებული“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ რედაქციას საჯარო რეესტრის ამონაწერი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაში 2012 წლიდან არის.

 

ივლიტას ეკლესიაში როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკური ხატებია განთავსებული. კათოლიკე მღვდლის, მამა ზურაბ კაკაჩიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ეკლესიაში კათოლიკე სასულიერო პირმა წირვა ბოლოს 1991 წელს აღავლინა.

 

„ივლიტაში 2003–2005 წლებში ვმსახურობდი, სამწუხაროდ ტაძარში მსახურების უფლება არ მოგვეცა, ამიტომ ვიყიდეთ კერძო სახლი, რომელიც კათოლიკე სასულიერო პირს ეკუთვნოდა და იქ მიმდინარეობს ლოცვა. ეს ეკლესია კათოლიკურია, ამის დოკუმენტები არსებობდა, მაგრამ სავარაუდოდ კომუნისტების დროს განადგურდა, მართლმადიდებლების მფლობელობაში არაკანონიერად არის“, – განაცხადა მან.

 

 

 

წყარო: sknews.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ