12:31 03.03.2021
დასავლეთი ცეცხლს ეთამაშება - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ ქმედებად აფასებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება.


„აშშ-ის ადმინისტრაციამ მტრული, ანტირუსული თავდასხმა განახორციელა, როდესაც ევროკავშირთან ერთად,“მოსკოვის დასჯის“ მიზნით მორიგი სანქციები გამოაცხადა,”- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


უწყების მტკიცებით, სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბია.


„ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა“, - ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეაქცია შესაბამისი იქნება.


„ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. რეაგირებას ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მოვახდენთ. მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ნებისმიერ აგრესიას მოვიგერიებთ. ჩვენ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან,“- აცხადებენ უწყებაში.


შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა და აშშ-მა ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge