დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

თურქეთმა არ უნდა ააშენოს და მორჩა - ამირან სალუქვაძე ნამახვანჰესზე 05.03.2021 11:28

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესახებ შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ნამახვანჰესის ხელშეკრულების ერთი დეტალის შესახებ, რომელიც მწვავედ განიხილება

 

პირველ რიგში ის მიკვირს, რამდენი ხანია მასალებს ვაგროვებ, ვკითხულობ, ზღვა მასალაა, დაწყებული 200 გვერდიანი ხელშეკრულებიდან, დამთავრებული მოსაზრებებით, კომენტარებით, კვლევებით, მსოფლიო გამოცდილებით და ა.შ.

 

ჯერ უამრავ კითხვაზე მაქვს პასუხი მოსანახი. ამ ხალხს ასე მკაფიოდ, თანაც ჯიუტად ჩამოყალიბებული პოზიცია რომ აქვს, ყველაფერი წაიკითხეს, ყველაფერში ერკვევიან, ბუნების დაცვის სფეროც ესმით, სეისმო და სხვა სახის უსაფრთხოებაც, მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებშიც გარკვეულები არიან, ენერგოსისტემის მუშაობაშიც გარკვეულები არიან, ტარიფები ან, იურიდიული ნიუანსებიანად, ენერგეტიკის პრობლემებსაც სრულად ფლობენ?

კარგი. ეს მათი საქმეა, თუმცა ჩვენიცაა.

მოკლედ, მწვავედ განიხილება 15 წლის შემდეგ ჰესიდან ჩვენი სარგებლის თემა, თითქოს ენკას შეუძლია ჩვენ ელ-ენერგია აღარ მოგვყიდოს.

ეს ასე არაა.

 

ნამახვანჰესს, ზოგიერთი სხვა სადგურისგან განსხვავებით, არ აქვს გადამცემ ხაზებზე გარანტირებული დაშვების ხელშეკრულება (ე.წ. TDA)

ეს ნიშნავს რომ ექსპორტის დროს ხაზზე იმართება აუქციონი და ამ წესით შეიძლება მოიპოვოს ან ვერ მოიპოვოს ექსპორტის უფლება. ანუ ბაზრის წესების შესაბამისად უნდა იხელმძღვანელონ.

 

მთავრობის ვალდებულებას ექსპორტთან მიმართებით არეგულირებს მუხლი, სადაც წერია: „მთავრობა“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში და „საქართველოს კანონმდებლობის“ შესაბამისად".

 

ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად კი, ექსპორტზე ნებართვას დისპეჩერი იძლევა და, თუ საქართველოს ელ-ენერგიის საჭიროება ექნება, ექსპორტის უფლებას არ მისცემს. რამდენადაც ვიცი, ეს ახლაც ასე ხდება.

 

რაც შეეხება 15 წლამდე ვალდებულებას. ისე რომ იყოს, როგორც საუბრობენ, თითქოს თურქეთისთვისაა აშენებული და იქეთ გაიტანენ დენს, მაშინ კომპანია რატომ მოითხოვდა მთავრობისგან 15 წლის მანძილზე გარანტირებულად შეისყიდეო? პირდაპირ გაიტანდა ექსპორტზე?

 

ჩემი აზრით იმიტომ მოითხოვა, რომ ხაზზე გარანტირებული დაშვება მიიღო. ეს გარანტირებული პერიოდი სესხის მომსახურებისთვის სჭირდება.

 

მისი ამოწურვის შემდეგ, როგორც ზემოთ დავწერე, კანონმდებლობის შესაბამისად დარეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის წესებით იმოქმედებენ და ელ-ენერგიას ბაზარზე გაყიდიან 15 წლის შემდგომ საბაზრო ფასად. ექსპორტზე გატანის უფლება კი სახელმწიფო ელექტროსისტემამ უნდა მისცეს, რომელიც მოთხოვნას დაუკმაყოფილებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს არ ექნება დენის საჭიროება.

 

ასე მესმის მე და ასეთი კონსულტაციები მივიღე.

ასეთ დეტალურ შესწავლას მოითხოვს ყველა ის საკითხი, რომლებიც მოსახლეობაში განიხილება, რასაც დრო და კომპეტენცია სჭირდება.

წინა პოსტში დავწერე, რომ სამჭკუაშვილი არ ვარ. არ ვარ ყველაფრისტი, რასაც ბევრი კადრულობს თუნდაც ნამახვანჰესის საკითხის განხილვისას. თუმცა, შემიძლია მასალების მოძიება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. ეს ჩემი პროფესიაა, რითაც წლების მანძილზე ვიყავი დაკავებული.

 

ამავე დროს, რამდენი მასალაც არ უნდა წავიკითხო, ვერ გავხდები სეისმოლოგი, ეკოლოგი და ა.შ. ამ ცალკეულ სპეციალობებზე, ამ კონკრეტული დარგის სპეციალისტმა უნდა ისაუბროს.

გაფორმებული ხელშეკრულება 200 გვერდია. მის გაანალიზებას და დეტალებში ჩაწვდომას, მხოლოდ ზერელედ გადაკითხვა არ ჰყოფნის, თუ დარგის სპეციალისტი არ ხარ.

 

მსოფლიოში გამომუშავებული ელ-ენერგიის 2/3 ჰესებზე მოდის. ბევრი კვლევაა ჰესების ეკოლოგიურ, ტექნოგენურ თუ სხვა სახის უსაფრთხოებაზე. ბევრი იძლევა რჩევას ალტერნატიულ ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე ამბობენ, რომ შერეულად უნდა გამოიყენონ.

 

ნორვეგიას გაზის და ნავთობის დიდი მარაგები აქვს. ამ დროს ჰესებს ავითარებს და მოხმარებული ელ-ენერგიის, თუ არ ვცდები, 90%-ზე მეტი, სწორედ ჰესებზე მოდის.

საზოგადოებაში დაახლოებით 20-ზე მეტი კითხვა განიხილება ნამახვანჰესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე სპეციალისტის პასუხს ვერ დავდებ. მიზეზი ავხსენი. თუმცა, შემიძლია წავიკითხო, ჩვენი თუ უცხოელი სპეციალისტების მოსაზრებები და მათგან რომელიმე მივიჩნიო უფრო მისაღებად და ობიექტურად.

 

ათობით გვერდი სხვადასხვა პუბლიკაცია წავიკითხე. ვინც ახლა ასე ხმაურობთ და დაჟინებით რაღაც ვერსიას ამტკიცებთ, თანაც არ ხართ სფეროს სპეციალისტი, ასეთ პასუხისმგებლობას როგორ კისრულობთ?

ცალკე თემაა, როცა კონკრეტულად თურქეთის წინააღმდეგაა მიმართული სერიოზული საინფორმაციო შტურმი. ტიკ-ტოკი და ფეისბუკი სავსეა მოკლე ვიდეოებით და სტატიებით.

 

მაგალითად, ატრიალებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეოებს, სადაც რომელიმე მაღალჩინოსანი თურქეთის ინვესტიციებზე საუბრობს. როცა თურქეთში ხარ ვიზიტით, ან ისინი არიან აქ, რა თქმა უნდა, მინისტრი ან პრემიერი თურქეთის ინვესტიციებზე ისაუბრებს. დღეს რომ ჭრით, ფაქტია, ისეთ ქვეტექსტს აძლევთ, თითქოს ეს ჩინოვნიკები თურქეთის ლობისტებია.

 

ჩემი სპეციალობა და გამოცდილება მაფიქრებინებს, რომ ეს მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო ომია, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ამოცანის გადაჭრას ემსახურება:

- საქართველო-თურქეთის ურთიერთობების დაძაბვა;

- რეგიონში ვითარების არევა ან კონტროლი;

- რეგიონში ენერგეტიკულ პროცესებზე კონტროლი და სხვა.

როცა ერთი და იგივე ადამიანები ხმას არ იღებენ იმ გარემოებაზე, არ აპროტესტებენ, რომ თითქმის მთელი ენერგოსისტემა, ჰესები, მათ შორის ხაზზე პირდაპირი დაშვების უფლებით, რუსეთს ეკუთვნის და მხოლოდ თურქეთი იწვევს გაღიზიანებას, ეს აშკარა რუსული კვალია და რუსეთიდანაა მართული.

 

ამიტომ, როცა საუბრობენ მხოლოდ ამახვანჰესზე, მის უსაფრთხოებაზე, ეკოლოგიაზე და სხვა პრობლემებზე, ეს მესმის და მისაღებია. როცა ურევენ პოლიტიკას და იერიში მიდის მეზობელ სახელმწიფოზე, მიუღებელია.

სადმე, დისკუსიაში, ხომ წაიკითხავთ, "თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთი არააო?" ეს სუფთად პრორუსული პოზიციაა. ამათ რამდენიც არ უნდა აუხსნათ, რომ მსოფლიომ გვცნო 1991 წლის საზღვრებში, ვერ გავაგებინებთ. მათთვის მთავარია რუსეთს ოკუპანტი არ უწოდო.

 

ჰესის საკითხშიც იგივეა, თურქეთმა არ უნდა ააშენოს და.მორჩა. ე.ი. რუსეთისთვის 30 ჰესი შეიძლება, თურქეთ-ნორვეგიისთვის ერთი ჰესი არ შეიძლება. ამათ რომ ვუსმინოთ, ყველა მეზობელს, ვისთანაც ტერიტორიული პრობლემა გვაქვს ან ადრე გვაკავშირებდა, ომი უნდა გამოვუცხადოთ. ისე, თურქეთი ერთადერთია, ვისთანაც საზღვარი გარკვეული გვაქვს და აქ წერტილია დასმული.

 

მოკლედ, ამ ჰესის ყველა "ცხელი" თემა რომ განვიხილო, ალბათ ათეული გვერდი იქნება დასაწერი. შარშან პანდემიაზე და შეთქმულებებზე 27 გვერდი დავწერე, რადგან ასევე საინფორმაციო შეტევა იყო სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე. ზოგმა დამიკომენტარა, ამდენი რამ დაგაწერინაო.

დღეს მხოლოდ ერთ საკითხს შევეხე, 15 წლის შემდგომ პერიოდს. მგონი გასაგებად ავხსენი.

 

როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა გეგმავს, ან დღეს, ან ხვალ გამოაქვეყნონ ჰესის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვასთან დაკავშირებით, დასაბუთებული პასუხები.

დაველოდოთ, წავიკითხოთ და, თუ დარჩება კითხვები, გავაგრძელოთ კამათი. ოღონდ კამათი და არა საინფორმაციო ომი. შესაძლოა კითხვები აღარ დარჩეს. მეც ავცდები თქვენს კრიტიკას, ამდენს რა გაწერინებთო,"- წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ