დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ქალმა საკუთარი თავი უნდა დაივიწყოს, ნამდვილად რომ შეძლოს ვინმეს შეყვარება“ - თამაზ ჭილაძე 05.03.2021 12:36

1931 წლის 5 მარტს ქალაქ სიღნაღში ქართველი მწერალი, დრამატურგი და პოეტი თამაზ ჭილაძე დაიბადა. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში.

 

თამაზ ჭილაძე ავტორია რამდენიმე ათეული პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. შუადღე” (1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა, მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები” (1971), “აუზი” (1972), ”წერო”, “პოსეიდონის სასახლე”, “კაქტუსის ბაღი”, “ბრეიგელის მთვარე’’.

 

მისი ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, უკრაინულ, ესპანურ, იტალიურ, ჩეხურ და კიდევ სხვა რამდენიმე ენაზე.

 

თამაზ ჭილაძის პიესების მიხედვით, სხვადასხვა დროს, სპექტაკლები აქვთ დადგმული რეჟისორებს: რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, გიზო ჟორდანიას, გიგა ლორთქიფანიძეს.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ მის გამონათქვამებს:

 

„ყველაფერზე დაუნდობელი ამქვეყნად სიყვარულია. სიყვარულით შეიძლება მოკლა ადამიანი, მოკლა, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. ადამიანი ძალიან დაუნდობელია,თვით სიყვარულისთვისაც კი. ხშირად მხეცს ემსგავსება ხოლმე. საერთოდ, შემაძრწუნებელია ადამიანისა და მხეცის მსგავსება.რაღა შორს წავიდეთ,როგორც ცნობილია, ორი არსება ტირის მხოლოდ ადამიანი და ნიანგი!“

 

„ქალმა უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა დაივიწყოს, ნამდვილად რომ შესძლოს ვინმეს შეყვარება!“

 

„ადამიანი იმ  სახლში ცხოვრობს,რომელსაც ბედისწერა მიუჩენს.უბინაო ადამიანი არ არსებობს, თუკი უბინაოა - მაწანწალაა, რომელმაც არ იცის, რომ ცაც ჭერია.“

 

„ადამიანს,საერთოდ,ისე ესმის მეორე ადამიანის ნათქვამი,როგორც მას უნდა, ან როგორც მას შეუძლია გაიგოს. ჩვენსკენ მომართული სიტყვები, ვიდრე ჩვენს შემეცნებას მიაღწევდნენ, მთელი ჩვენი ცხოვრების მიერ წარმოქმნილ ძლიერ ფილტრში გაივლიან, ამიტომაც, გაღატაკებულნი ან გამდიდრებულნი და შეიძლება სულ სხვა მნიშვნელობით დატვირთულნი წარმოგვიდგებიან ხოლმე.“

 

„სიყვარულის სწავლა არ შეიძლება. რომ გაიგო, რომ მიხვდე, რა არის სიყვარული, ან თვითონ უნდა გიყვარდეს ვინმე, ანდა, თუნდაც, ვინმე უნდა გძულდეს.“

 

„დათმობას გამოცდილება და ჭკუა სჭირდება. მარტო გულით ვერაფერს დათმობ.“

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ