15:19 05.03.2021
"პანდემიის პირობებში ეს გადაუდებელი დოკუმენტია"- რას შეცვლის ეკონომიკის განვითარების ათწლიანი გეგმა

საქართველოს  პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში  სიახლეებია. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის დაწყებაზე განაცხადა და აღნიშნა,რომ ხელისუფლებას აღნიშნული პროექტის მიმართ ყოველთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გამოხატული. ასევე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავება იწყება. საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე კი მუშაობა გრძელდება. კვლავ აქტუალურია პანდემია და დაგვიანებული ვაქცინის საკითხი.

 

კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, „ჯორჯიან თაიმსი“  პოლიტოლოგ გია აბაშიძეს ესაუბრა:

 

-    ბატონო გია, ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოსაზიდად ტენდერი გამოცხადდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ეს წამოწყება და პროექტის წარმატებით დასრულების რა შანსი არსებობს ?

 

-    ეს პროექტი საკმაოდ რეალისტურია, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ტვირთების როგორი გადაადგილება ხდება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აზიიდან - ევროპაში და პირიქით. საქართველომაც უნიკალური შანსი უნდა გამოიყენოს, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ააშენოს.  პორტს მეორე დატვირთვაც აქვს. იქ შესაძლოა, ეკონომიკური სარგებელი აფხაზებმაც ნახონ  და ისინიც დასაქმდნენ. ამ პორტს საკმაოდ მრავალფუნქციური დატვირთვა გააჩნია  და სამწუხაროა, რომ თავის დროზე ანაკლიის კონსორციუმმა რამდენჯერმე გადავადებული საკუთარი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და ეს სახელმწიფოს დააბრალა, რომელმაც, თავის მხრივ, დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა. სამწუხაროდ, ამ პროექტის აღსრულებამ  რამდენიმე წლით გადაიწია.

 

-  მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ვაქცინის შემოტანა იგვიანებს. რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ვაქცინაციის შეყოვნებამ ეკონომიკის თუ ჯანდაცვის თვალსაზრისით?

 

-   მე  ამ საკითხს ტრაგიკულად არ ვუყურებ. აქ სხვა ფაქტორებიც არსებობს. ვაქცინები, რა თქმა უნდა, შემოვა. მე რასაც გლობალურად ვხედავ, არის ის, რომ ვაქცინების განაწილებაზე საკმაოდ დიდი პრობლემები და უკმაყოფილებაა როგორც ევროპაში, ასევე, მსოფლიოში, - ერთგვარი მტაცებლობა მიდის. ვაქცინებს მდიდარი ქვეყნები უფრო მალე  ეუფლებიან, ვიდრე შედარებით განვითარებადი და დაბალშემოსავლიანი ქვეყნები.


-   ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კვლავ დაძაბულობაა. ნიკა მელიას დაკავებამ სიტუაცია უფრო კრიზისული გახადა. როგორ შეაფასებთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ფაქტს და ამ ფონზე, შესაძლებელია თუ არა ოპოზიცია პარლამენტში ვიხილოთ?

 

-  ნიკა მელია საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო არავის დაუკავებია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ნიკა მელია პარლამენტში შეჭრის მცდელობის თანაორგანიზატორობისთვის დააკავეს. ამის მსგავსად, ამერიკაში, კაპიტოლიუმში შეჭრისთვის 300 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ერთ-ერთი ამერიკელი შტატის კონგრესმენი. ასე, რომ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ხელისუფლებამ წითელი ხაზები მკაფიოდ აღნიშნა და ეს არის ე.წ პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები. ყველაფერ დანარჩენზე მოლაპარაკება შეიძლება. ეს იქნება განახლებული საარჩევნო კოდექსი, პლებისციტი თუ სხვა.

 

ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო პარლამენტში არ შევლენ,  მაგრამ, შესაძლოა სხვა პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც წვრილი პარტიები არიან და ახალი საარჩევნო კოდექსი აწყობთ, შემოვიდნენ, ცვლილებებს დათანხმდნენ და კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ.


-  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა შემუშავდება. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა ქართული ეკონომიკისთვის?

 

 

-      ეს დოკუმენტი გადაუდებელია, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. მე მომეწონა ის ინიციატივა, რომ ამაში ყველა პროფესიონალს შეუძლია ჩართვა. იქნება ეს ხელისუფლებაში, თუ ხელისუფლების გარეთ; კერძო პირები, ეკონომისტები, ფინანსისტები. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო, მძიმეწონიანი კომისია შეიქმნება, რომელიც, ამ რეფორმების მონახაზს გააკეთებს და იმედია, რომ  ეს ეტაპობრივად და განსაზღვრულ ვადებში განხორციელდება.


-    საარჩევნო სისტემაში ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. საუბარია, მაგალითად, საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანაზე, საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადების გაზრდაზე და ა.შ.  რამდენად აისახება  ეს  ცვლილებები  არჩევნების ეფექტურობაზე?

 

-    ეს ძალიან კარგი ცვლილებების პაკეტია და ჩვენი დასავლელი მეგობრების, კერძოდ, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს შეესაბამება. ნებისმიერი არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირი რეკომენდაციებს წერს. ზოგი მალე სრულდება, ზოგი მოგვიანებით. ვფიქრობ, რომ  ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ამაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ექსპერტები არიან ჩართულნი და ვფიქრობ, უფრო აქტიურად სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან, რომლებმაც, საარჩევნო კანონმდებლობაში  ეს რევოლუციური ცვლილებები ერთხმად უნდა მიიღონ.

 

-    დიდი მადლობა!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge