დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვიქონიოთ იმედი, რომ არც სააკაშვილი, არც მელაძე და არც გვარმაია, ბოლომდე ნაცები არ არიან - დავით ზარდიაშვილი 07.03.2021 12:48

ანტიკური დროიდან, შესაძლოა ბევრად უფრო ადრეც, როგორც კი მეტაფიზიკა და ფიზიკა წარმოიშვა, გონიერი ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ ერთგვარი წმინდა სუბსტანციის არსებობაში, რაც აბსოლუტურად განმსჭვალავდა ყოველივე არსებულს და რომლის გარეშე სინათლის, ნათელის არსებობა შეუძლებელი იყო. ბერძნებმა ამ წმინდა სუბსტანციას - „ეთერი“ უწოდეს. „ეთერი“ მეხუთე სტიქია გახლდათ და დანარჩენ ოთხს - მიწას, წყალს, ცეცხლსა და ჰაერს სრულად გამსჭვალავდა, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 


"ფიზიკა, ვიდრე მაიკელსონ-მორლის ექსპერიმენტამდე, დაჟინებით ეძიებდა ამ წმინდა სუბსტანციას, როგორც გარდაუვლად არსებულ გარემოს, რის რხევით ტალღასაც სინათლე წარმოადგენდა. ამასთან, ამ წმინდა სუბსტანციასთან მიმართებით შესაძლებელი იქნებოდა რომელიმე კონკრეტული საგნისა თუ თუნდაც მთელი სამყაროს, მაგალითად - ჩვენი პლანეტის, დედამიწის პოზიციონირება - ყოვლის აღმავსებ ეთერში მოძრაობის როგორც მიმართულების, ასევე სიჩქარის პოვნა და გაზომვა. სავალალო შედეგი ცნობილია: მაიკელსონ-მორლის ექსპერიმენტი და მასთან ერთად, წმინდა სუბსტანციის პოვნის ყოველგვარი იმედი, ყოველ შემთხვევაში - ფიზიკაში მაინც, თუ სრულიად მეტაფიზიკაშიც არა - საბოლოოდ ჩაფლავდა!


შედეგი გამაოგნებელი გახლდათ - გენიალური აინშტეინის ფარდობითობის თეორია, რომელიც ამტკიცებს: არავითარი აბსოლუტი, გარდა თავად სინათლის გავრცელების სიჩქარისა, რაც უცვლელია ნებისმიერ უძრავსა თუ მოძრავ ათვლის სისტემაში, მაშასადამე - არც არანაირი ათვლის მყარი, უძრავი, უნივერსალური სისტემა, რომლის მიმართაც მოძრაობა „ობიექტურად“ დადასტურდება და გაიზომება, არ არსებობს. ანუ - მოძრაობაც, სივრცეცა და დროც- ფარდობითია.


ცხადია, ადამიანის აზროვნებაში ეს იყო მკვეთრი შემობრუნების საბოლოო წერტილი, რის შემდეგაც ადამიანმა მზერა არაარსებული ეთერიდან - არსებულ გარემომცველ წყვდიადს მიაპყრო: ყველაზე უკეთ ეს წინა საუკუნის უდიდესმა მეტაფიზიკოსმა მარტინ ჰაიდეგერმა შეძლო, როცა დაასკვნა - - აბსოლუტი, რის მიმართაც არსებობა შეიძლება დადგინდეს - მხოლოდა და მხოლოდ „არარააო“. ფილოსოფოსობაც სწორედ ამ „არარას“ წინაშე ძრწოლის (და არა - უბრალოდ შიშის) გამო დაიწყო გონიერმა ადამიანმა, რადგან უწინარესი, იმთავითვე ფილოსოფიური შეკითხვა და აზროვნების საწყისი სწორედ ეს იყო: „რატომ არსებობს რაიმე და არა არარა?“


იქნებ ეს მიმართება გახდა კიდეც მთელი მე-20 საუკუნის პოლიტიკის შინაარსი: ნიჰილიზმთან, ანუ „არარას“ მიმდევრობასა და თაყვანისცემასთან პოზიციონირება. 21-ე საუკუნეში უკვე პოსტ-ნიჰილზმთან და პოსტ-პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, რადგან ეთერი, რასაც კაცობრიობა ეძებდა და ვერ კი მიაგნო, რეალურ სუბსტანციად, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცედ - ჯერ ტელე, ახლა კი ინტერნეტ-რეალობად ადამიანის მიერვე კონსტრუირდა.
ბუნებრივია, ჩვენი, ე.ი. ქართული ტრადიციისთვის - განზომილებათა ამოსავალი წყვდიადი კი არ არის, სინათლეა: აქედან მოდის ქართული ეთიკის ფუძემდებლური პრინციპიც: არეოპაგული აზროვნების მთავარი თეზისი: „ბოროტებაი სიკეთის ნაკლუვანებაი არს“, რაც რუსთაველის უკვდავად ქართულ დევიზშია ხორცშესხმული: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ანდა, თუ გნებავთ, ესეც: „რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია?“


ეს ყველაფრი მხოლოდ იმიტომ მოვყევი, რომ ნაცების სამ-არხოვანი და სინამდვილეში - უგანზომილებო ეთერი, სუბსტანციურად არსებობს და იგი მართლაც სრული წყვდიადია. ხოლო მისი არსია ამ წყვდიადის, ე.ი. „არარას“ რხევით - აბსოლუტური სიბნელის, ბოროტის, რასაც ჯოჯოხეთური ხმაური და სიმყრალე ახლავს თან, გავრცელება. თანამედროვე, ფარდობითობით შეპყრობილი და ნათელისგან მიტოვებული ადამიანის დღევანდელი ეგზისტენცია კი ეს არის: ამ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტელე თუ ინტერნეტ ეთერში წყვდიადის, „არარას“ მიმართ პოზიციონირება, ანუ იმდენადა ხარ ადამიანი , რამდენადაც შეიმეცნებ, რომ ამ წყვდიადსა და არარას არ განეკუთვნები! დასკვნა ესაა: ადამიანობა და ქართველობა ანტი-ნაცობის ხარისხით იზომება. ანუ - თუ სააკაშვილზე, მელაძეზე, გვარამიაზე და ა.შ. ზოგადად ნაცზე, ე.ი. არარას ამ გამხრწნელ სიბილწეზე გული არ გერევა, მაშასადამე, არც ქართველი ხარ და არც ადამიანი!


მაინც ვიქონიოთ იმედი, რომ არც სააკაშვილი, არც მელაძე და არც გვარმაია, ბოლომდე ნაცები არ არიან და როგორც ადამიანები, თავადვე ძრწიან საკუთარივე წყვდიადის წინაშე. იქნება და ოდესმე აზროვნებაც დაიწყონ,"- წერს ზარდიაშვილი, 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ