დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვაქცინაციის "ოპტიმიზმით“ ინვესტორს ვერ გამოკვებავ - რატი აბულაძე 11.03.2021 13:07

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის ბლოგს:

 

ეკონომიკის იმუნური სისტემა დასუსტებულია. მართალია ცალკეული კომპანიები ისწრაფვის დააჩქაროს ნორმალურ ეკონომიკურ რიტმში ჩადგომა, მაგრამ პროცესებს ხელს უშლის გაურკვევლობა: გაურკვეველია ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა, ეკონომიკის აღდგენის ძალა, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების საჭიროა, საკომპენსაციო ღონისძიებების მასშტაბი (რაც საშუალებას მისცემდა ოჯახებს ჰქონოდა მეტი განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ მისი დახარჯვის შესაძლებლობას მისცემდა და დაეხმარებოდა ეკონომიკის აღდგენას). ყოველივე აღნიშნულს თვალნათლივ ხედავს ინვესტორიც. შედეგად, შემცირებულია საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც.

 

დღეს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა წინასწარმა მონაცემებმა ცხადყო, რომ 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 %-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.  ანგარიშში ნაჩვენებია, რომ ინვესტორი ქვეყნების პირველ სამეულს წარმოადგენს გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი, ხუთეულს აბოლოებს აშშ-ი და მალტა, ათეულში შედის ლუქსემბურგი, რუსეთი, გერმანია, დანია და პანამა.

 

განხორციელებული ინვესტიციებიდან, აღსანიშნია საფინანსო სექტორი, (64.9%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (16.5%) და უძრავი ქონების სექტორი (11.6%).

 

სამწუხაროდ, განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა ვერ აბალანსებს ურთიერთსაწინააღმდეგო გამოწვევებს და საჭიროებს მხოლოდ ცვლილებებს, გარდაქმნებს და მაღალი კლასის პოლიტიკურ თვისებებს. ამიტომ, ქვეყანაში ინვესტორი რომ შემოვიდეს საჭიროა:

 

  • შევქმნათ ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა, ბაზარზე -პროგრამა, ხოლო მოსახლეობაში -შემოსავლები;

 

  • მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა;

 

  • სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის სისტემები დაეფუძნოს განგრძობად  ეპიდემიოლოგიურ  კონფიგურაცას;

 

  • ცხადი უნდა გახდეს საბაზრო კორექციების კონტურები, რისკები, პასუხები -  სანამ ეკონომიკა აღდგება კიდევ უფრო ხომ არ გაუარესდება ეკონომიკური ვითარება;

 

  • დღეს, ვაქცინა არის ინვესტიციების მოზიდვის, პოლიტიკის და დიპლომატიის ეფექტური ინსტრუმენტი. ინვესტიციების მოზდივას სჭირდება ეკონომიკის და საზოგადოების ჯანსაღი იმუნური სისტემა. ვაქცინაციის „ოპტიმიზმით“ ინვესტორს ვერ გამოკვებავ.

 

ქვეყანაში, სწორედ პოლიტიკა არის საინვესტიციო ინტერესების ზრდის საფუძველი. არსებითია ითქვას, რომ საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის თვალსაზრისით, საჭიროა მხოლოდ ზოგიერთ დარგი გავხადოთ უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი, სხვები კი საკუთარი რესურსით გავააქტიუროთ. მაგალითად:

 

  • ეკონომიკაში გვჭირდება მეტი სმარტ და ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტიციები. ინვესტიციები გვჭირდება ციფროვიზაციის, ავტომატიზაციის და რობოტიზაციის მიმართულებით (არის გაეროს რეკომენდაციაც);

 

  • ინვესტიციები გვჭირდება ფარმაცევტულ სფეროში, რომ წამალი გაიაფდეს და ხელმისაწვდომი გახდეს. პოლიტიკა, მეცნიერება და ინვესტიციები გვჭირდება ვაქცინის შექმნის მიზნით (არავინ იცის, ვირუსის ეპოქა დამთავრდა თუ ახლა იწყება);

 

  • მაგრამ, სოფლის მეურნეობაში ჩვენი შიდა ინვესტიციები გავააქტიუროთ, მიზნობრივი პროგრამები შევქმნათ და ბიუჯეტით დავაფინანსოთ. ეს კი ახალ ქართველ ფერმერებს, ძლიერ გლეხს და ახალ ბიზნეს კლასს შექმნის;

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  თანხები უნდა დავაბანდოთ კვლევებში, რომელიც მიმართული იქნება ვაქცინის შემუშავებასა და იმუნური სისტემის განმტკიცებისკენ. ეს არის საზოგადოების ინტერესების დაცვა.

 

ცალკეულ პროცესებს, სტიმულირებისა და კომპენსაციის ღონისძიებებს, საგადასახადო-საბიუჯეტო თუ ფულად-საკრედიტო-პოლიტიკას აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, შემდგომ ნეგატიური პროცესები კვლავ შეუქცევადია. ეკონომიკის მხარდაჭერა და ბაზრის ამოძრავებას უფრო მეტი სჭირდება. კონკრეტულად კი ისეთი ეკონომიკური ჯგუფები, რომლის პოტენციალშია კომპლექსური მიდგომის რესურსი, ცვლილებებისა და მაღალი სტანდარტების შექმნის პოტენციალი;

 

და ბოლოს, ყველაფერი არ გადის მხოლოდ ინვესტიციებზე. ორგანიზება და პოლიტიკური შესაძლებლობები ქმნის თითოეული  დარგის განვითარების პირობას. „ძვირი პურით და ეკონომიკური სანახაობით“ კი ეს არ მიიღწევა. ქვეყანა, რომ განვითარების ტრაექტორიაზე გავიყვანოთ, დროა ეკონომიკური სანახაობაში წარმატებული პოლიტიკა „გავაჩეროთ“ და გლობალურ ეკონომიკაში საპატიო ადგილის დამკვიდრებისკენ მიმართულ პოლიტიკაზე მოვახდინოთ ფოკუსირება.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ