საქართველოში საწვავი 2 დღეში, კიდევ 5 თეთრით გაძვირდა. 14 მარტის დღის ბოლოს, საწვავი საქართველოში 2,56 ლარი ღირდა, ხოლო 15 მარტს დილით, უკვე მისი ფასი 2.61 ლარამდე გაიზარდა.
აღნიშნულ ფაქტს, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება იწვევს. მაგალითად, 11 მარტს, ლონდონის სანავთობო ბირჟაზე Brent ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 69,63 (+1,73) დოლარი იყო, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ტიპის ნავთობის ღირებულება ბარელზე 66,02 (+1,58) დოლარს შეადგენდა.
ჩვენი ქვეყანა მთლიანად არის დამოკიდებული საწვავის იმპორტზე და შესაბამისად, ნავთობპროდუქტები ძვირდება.
საქართველოში საწვავი რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის. მათ შორის, რუსეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბოლო წლებში კი, პირველ ადგილზე გავიდა. რკინიგზით, ნავთობის გადაზიდვებშიც რუსეთმა დომინანტი ადგილი დაიკავა.
სატრანსპორტო კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ საწვავზე ფასების ზრდა მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციაა და თითოეულმა ქვეყანამ აქციზისა და დაბეგვრის თვალსაზრისით საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატაროს.
როგორც პაატა ცაგარეიშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“ აცხადებს, საწვავის ფასის ზრდა ძალიან ურტყამს დისტრიბუციასა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს. მისი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
„მხედველობაში მაქვს საწვავის ფასის ასეთი პერმანენტული ზრდა, რომელიც 2020 წლის ივნისიდან დაიწყო და მაშინ 1ლიტრი საწვავის ფასი 1.9 ლარი იყო და დღეს უკვე, 8 თვის შემდეგ, 2.61 ლარია. ამ მოკლე პერიოდში, თითქმის 30% -იანი ზრდა მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო რეისებს და შემოაქვთ სხვადასხვა დანიშნულების ტვირთები, რა მდგომარეობაში იქნება?!
პანდემიის დროს, ძალიან რთული პერიოდი გამოიარა სატრანსპორტო ბიზნესმა. საზღვრიდან რომ შემოვიდოდა მანქანა, კოვიდის ახალი ტესტი 3 დღის პერიოდში უნდა აეღო, თუ დადებითი იქნებოდა, დატვირთული მანქანა სხვისთვის უნდა გადაებარებინა, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა. აი, ეს გამოიარა ამ ბიზნესმა, იმ ვითარებაში, როცა ჩვენ ეკონომიკაში ორნიშნიანი კლება გვაქვს.
ერთის მხრივ, ნავთობის ფასები იზრდება, შესაბამისად, - გადაზიდვების ფასებიც. მეორეს მხრივ, გადაზიდვების წარმომადგენლები ფასებს ვერ ზრდიან, ბაზარი ფართეა და ეკონომიკური ვარდნა გვაქვს. გამოდის, რომ გადამზიდავები საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე მუშაობენ. ეს არის ძალიან უარყოფითი ტენდენცია. საწვავის ხარჯი კი მათ საერთო ხარჯებში თითქმის 40%-ია,“ - აცხადებს სატრანსპორტო კვლევის ცენტრის პრეზიდენტი.
როგორც პაატა ცაგარეიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, სახელმწიფოს ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი გაუთვალისწინებია, არანაირი წინადადება არ აქვს შემუშავებული, რომ გარკვეული დახმარების ხელი გაუწიოს იმ ბიზნესს, რასაც სატვირთო გადაზიდვები ჰქვია.
მისი მტკიცებით, რომ არა საერთაშორისო გადაზიდვების ბიზნესი, ქვეყანა ექსპორტისა და იმპორტის მხრივ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
„რაშია გამოსავალი? პირველი - აქციზის შემცირება იდეალური იქნებოდა, მაგრამ, იურიდიულად რთული პროცესია. გართულებულია, რადგან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გადაწყვიტონ.
არის კიდევ ერთი გამოსავალი - ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაზიდვას ასრულებს, მას ყოველთვის გააჩნია დოკუმენტი, რომ დატვირთულია და უნდა გავიდეს საზღვარგარეთ. ჩვენს საზღვარზე მას შეუძლია დაუბეგრავი საწვავი შეიძინოს, თუკი სახელმწიფო ამ ნაბიჯს გადადგამს, დაუბეგრავად ჩაუსხას საწვავი და ეს 20-30 თეთრით შეღავათია. ლარსის გამშვებ პუნქტში მუშაობდა, სპეციალური ნავთობგასამართი სადგური, მსგავსი პრინციპით, მაგრამ გაჩერებულია.
ასევე, შეიძლება, რომ კონკრეტულად ამ ბიზნესისთვის, სახელმწიფომ დაბეგვრის რეჟიმი შეამციროს. უცხოეთში, რამდენიმე ქვეყანაში ამ ბიზნესს გარკვეულწილად შეუმცირეს დღგ-ის საშემოსავლო. 15% თუ იყო, 8% გახადეს და ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. სარესტორნო ბიზნესს ეხმარებიან, აფინანსებენ. ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ საერთაშორისო გადაზიდვები ძალიან მნიშვნელოვანია და სახელწიფოს ფუნქციონირება ამაზეა დამოკიდებული,“- აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge