2019 წლის მიწურულს ვუჰანში გაჩენილმა ვირუსმა, ინფიცირების სწრაფმა ზრდამ და გავრცელების ფართო არეალმა მსოფლიო პანდემიამდე მიგვიყვანა. covid-19 რთული გამოწვევა აღმოჩნდა როგორც მსოფლიო ჯანდაცვისათვის, ასევე, გლობალური ეკონომიკისთვის და ამით გამოწვეულ ნეგატიურ ზეგავლენებს დღემდე ვაწყდებით.
კორონავირუსის პანდემიის გამო, (2020 -2021წ) საქართველოში თითქმის 4 თვიანი შეზღუდვების შემდეგ, თებერვლიდან, ქვეყნის ეკონომიკა გაიხსნა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, შეზღუდვების საფუძვლიანი მოხსნა 25 თებერვლიდან დაიწყო.
ამოქმედდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. შაბათ-კვირას დაიწყო მუშაობა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა.
ეკონომიკის ზრდის დადებით ტენდენციებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიესალმება.
მისი თქმით, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეკონომიკაში პოზიტიური ფაქტორები შეინიშნება.
„ეკონომიკა გაიხსნა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. უნდა დავაკვირდეთ კიდევ. ფაქტობრივად, პატარა რეგულაციები მაინც რჩება. ინვესტორები და ამ სფეროში მყოფი აქტორები ხედავენ, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა გამოდის სტრესიდან, რომელიც პანდემიის პერიოდში გვქონდა,“- აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
8 მარტიდან სავაჭრო მოლებმა და ბაზრობებმა შაბათ- კვირასაც განაახლეს მუშაობა. ამ დრომდე ხსენებულ ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჰქონდათ. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სავაჭრო ცენტრებში ხალხის მომატებული ნაკადი შეინიშნება. თუმცა, მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მაღაზიის დახლებზე ჯერ კიდევ ძველი საქონელი ხვდებათ.
აღნიშნულ საკითხს ნიკოლოზ მჭედლიშვილი ეხმაურება და თვლის, რომ ბიზნეს სუბიექტების გადასაწყვეტია, რას შემოიტანს და რას არა, განაახლებს თუ არა კოლექციებს.
როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, ქვეყნის საზღვარზე შემოსვლის პრობლემა არ არსებობს, რადგან ბრენდები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცდილობენ საქონლის ამოყიდვას.
„თუნდაც ტანსაცმლის შემთხვევაში, ძვირადღირებული ბრენდები ბევრი გვაქვს საქართველოში. ეს მათი გადასაწყვეტია, კოლექცია განახლდება თუ - არა. როგორც ჩანს, ტანსაცმელი დასაწყობებულია. ძველი კოლექცია უნდა ამოიწუროს და ახლით შეივსოს. ეს ინერცია, რა თქმა უნდა, იარსებებს. ჩაკეტილი იყო ბიზნესი და ეს აუთლეტები, რომლებიც მოლებში გვაქვს, არ ფუნქცონირებდა. ეს უნდა ამოიყიდოს და ახალი კოლექციით შევსება დაიწყოს. სავაჭრო ცენტრებში ხალხის ძალიან დიდი ნაკადია. ეს კარგია, რადგან ადამიანებს აქვთ დანაზოგი და უნდათ, რომ დახარჯონ. აქედან გამომდინარე კი, პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მაღაზიებს ძველი საქონელი აქვთ წარმოდგენილი,“- აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge