20:36 25.03.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში „ალიანს ცენტროპოლისის“ კომპლექსის მშენებლობა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, „ალიანს ცენტროპოლისის“ კომპლექსის მშენებლობა გახსნა, რომლის დროსაც საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
„ალიანს ჯგუფის“ პროექტი „ალიანს ცენტროპოლისი“ უნიკალური რეგიონული ჰაბია, რომელიც გლობალურ ბრენდებს აერთიანებს. რეგიონში პირველი, უმსხვილესი ღონისძიებების ორგანიზატორი ქსელის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გარდა, პროექტი ასევე მოიცავს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ჰაიატ ცენტრიკს“. ალიანს ჯგუფის პროექტში გაერთიანებული იქნება 10 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონა, 1000 ავტომობილზე გათვლილი 3-დონიანი მიწისქვეშა პარკინგი, საერთაშორისო სამზარეულოებით დაკომპლექტებული უმაღლესი კლასის რესტორნები და კვების ობიექტები, გასართობი ცენტრი, ბოულინგი, კინოთეატრი, სპა და გამაჯანსაღებელი სივრცეები, ფიტნესცენტრები, საცურაო აუზები და გასართობი ტურისტული სივრცეები. „ალიანს ცენტროპოლისში“ ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარაში პირველი A კლასის სავაჭრო ცენტრი, ბიზნესცენტრი, საგამოფენო ცენტრი და საინვესტიციო აპარტამენტები.
„ალიანს ცენტროპოლისი“ ალიანს ჯგუფის მეხუთე მასშტაბური პროექტია. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და აღსანიშნავია, რომ საქართველოში, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო სასტუმრო ბრენდი - „ჰაიატ ცენტრიკი“ შემოვიდა. „ალიანს ცენტროპოლისის“ საინვესტიციო ღირებულება 380 მილიონი დოლარია და მშენებლობის პროცესში 2 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო პროექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, კომპანია 3 ათასამდე ადგილობრივს დაასაქმებს.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge