დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

გრძელ ვადაში ეკონომიკას უნდა მივხედოთ, სხვა წამალი ლარისთვის არ არსებობს - შოთა გულბანი 27.03.2021 16:53

თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის წევრი, ანალიტიკოსი შოთა გულბანი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს: პირველი - ლარის კურსზე მნიშვნელოვნად მოქმედებს განწყობები და მოლოდინები იმ ბიზნესმენებში, რომელთა საქმიანობა პირდაპირ შემხებლობაშია უცხოური ვალუტით ოპერაციების განხორციელებასთან.

თუკი ბიზნესმენი, რომელსაც დიდი ოდენობით იმპორტი აქვს განსახორციელებელი ხედავს, რომ მინიმუმ წლის ბოლომდე ქვეყანაში სიმშვიდე არ იქნება, ის ცდილობს უცხოური ვალუტის მარაგების გაკეთებას, რა დროსაც დოლარზე მკვეთრად იზრდება მოთხოვნა და ლარი ეცემა.

შესაბამისად, ყველა ანგაჟირებული პოლიტიკოსი თუ მედია საშუალება, რომელიც ცდილობს, რომ პანიკა ხელოვნურად დათესოს, ირიბი თანამონაწილეა ლარის გაუფასურებაში. მეორე - ტურიზმი თითქმის 100%-ით დაეცა, საიდანაც 3 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ვაგენერირებდით, შემცირებულია ინვესტიციებიც, ამ ფონზე გვიკვირს, რომ ლარს გაუჭირდა?

მესამე - თურქული ლირა გაუფასურდა დაახლოებით 10%-ით რაც ჩვენთვის ორ გარემოებაზე მეტყველებს. პირველი ის, რომ თურქეთი საქართველოს იმპორტში ყველაზე დიდი 17.5%-იანი წილით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქული ლირის გაუფასურება ჩვენს დახლებზე თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებს გააიაფებს, რაც კარგია. ამისათვის უნდა ვნახოთ ლარი/თურქული ლირის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სულ მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი თურქეთში, კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს, რაც მთლიანი ექსპორტის 9,1%-ს შეადგენს. ხოლო იმის გამო, რომ საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა სწორედ თურქეთთან აქვს, ერთ ან მეორე ქვეყანაში ეკონომიკური ლანდშაფტის გაუარესება ისევ მოლოდინების არხით უარყოფითად აისახება კურსზე და ამ შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უფრო წამგებიან სიტუაციაში ვართ, ვინაიდან ჩვენი და თურქეთის წარმოების მასშტაბების შედარებაც კი არ შეიძლება.

მეოთხე - როგორც გრაფიკებიდან ჩანს, ბოლო 15 დღის განმავლობაში ლარის ვარდნა და დოლარის ინდექსის აღმასვლა ერთმანეთთან გარკვეულ კოორდინაციაშია. ყოველ შემთხვევაში ამ ფაქტორს სრულად ვერ გამოვრიცხავთ, ვინაიდან მაღალი დოლარიზაციის წყალობით დოლარის გამყარება როგორც წესი ლარზე უარყოფითად მოქმედებს. აუცილებელია, რომ დედოლარიზაცია გაგრძელდეს, სხვა შემთხვევაში მოსახლეობას დოლარში სესხები უძვირდებათ, რასაც თუ შემოსავლების პირდაპირპროპორციული ზრდა არ მოჰყვა, ცხადია ის, რასაც განკარგვად შემოსავალს ვეძახით მცირდება. ასეთ დროს აუცილებელია, რომ მსხვილმა იმპორტიორებმა დოლარების გაშმაგებული შესყიდვებისგან დროებით თავი შეიკავონ, რაც ყველაზე უებარი წამალი იქნება ლარისთვის მოკლევადიან პერიოდში. გრძელ ვადაში ეკონომიკას უნდა მივხედოთ, სხვა წამალი ლარისთვის არ არსებობს“, - წერს შოთა გულბანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ