საკმარისია არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ მის მიმდევარ რომელიმე "ჭეშმარიტ" ნაცს ერთი წუთი მაინც უსმინო, რომ სამუდამოდ დარწუნდე - ნაცობა შეპყრობილობაა. სააკაშვილიცა და მისი კორპორაციაც ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით, ამ საშიში ვნებითა და დაუკმაყოფილებელი ჟინით სულით - ხორცამდე შეპყრობილნი არიან. ყოველგვარი ჩარჩოებიდან, იქნება ეს მორალი თუ ეთიკა, სინდისი თუ სამართალი, ამოვარდნილი ეს "ძალაუფლების ნება", რაც მათ დაუოკებელ წადილსა და მუდამ დაუკმაყოფილებელ ვნებაშია გადაზრდილი, კვებავს სააკაშვილსა და მის კორპორაციას, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
"ნაცი იმიტომაც არის ნაცი, რომ -არა აქვს ძალაუფლება საკუთარ ძალაუფლებაზე, ანუ არ ძალუძს ეს თავაწყვეტილი ვნება და დაუოკებელი ჟინი რაიმეთი მოთოკოს.
სახელმწიფო კი მხოლოდ იმდენად და მხოლოდ მაშინ არის, როცა ძალაუფლების ნებას სამართალი აკავებს და ყოველის, ვინც არ უნდა იყოს იგი, ვნებებსა და ჟინს შეკრავს, მოთოკავს, ჩარჩოებში აქცევს და გასაქანს უზღუდავს.
სააკაშვილი, როგორც მხარე, ამ მოლაპარაკებებში, იმთავითვე მონაწილეობს, რადგან - მთელი ეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, სინამდვილეში -სწორედ მისი ვნებებითა და ჟინით საზრდოობს, სწორედ ამას ემყარება და ყოველნაირად ცდილობს, მიუხედავად სამართლისა თუ მოლაპარაკებებში თუნდაც ევროპული მედიაციით დაწესებული ჩარჩოებისა, მაინც თავისი ჯიქურ გაიტანოს.
ეს ე.წ. პარტიუკები, როგორც მათ სააკაშვილი სრულიად სამართლიანად უწოდებს, მთლიანად, სააკაშვილის კორპორაციის კლიენტები არიან. ისინი პრივილეგიებს ესწრაფიან, რასაც მხოლოდ სააკაშვილის მსახურებით ეღირსებიან მისსავე კორპორაციაში, თუკი ეს კორპორაცია კვლავაც ბატონობას დაიბრუნებს. სხვა შანსი - საკუთარი, თუნდაც უფრო ზომიერი ვნებების დაკმაყოფილებისა, მათ ერი-სახელმწიფოში არ ექნებათ. რადგან ერი-სახელმწიფოში სამართლის ნებაა უზენაესი და მაგ. ლელოს, პარაზიტიზმით გამდიდრების საშუალებას სამარტალი არ მისცემს. ისევე, როგორც, მაგ. "აღამშენებლობას" ვერასდროს ეღირსება ვაშაძე. ხოლო სააკაშვილთან მას ჭყონდიდელობის იმედი ნამდვილად აქვს. ვაშაძე და სხვებიც, ამ მოლაპარაკებებში სწორედ ამიტომაც, ცალკ-ცალკე თუ ერთად - სწორედ სააკაშვილს წარმოადგენენ.
ივანიშვილი კი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, რადგან მას არა აქვს და იმთავითვე არც არასდროსა ჰქონია არა თუ ძალაუფლების ვნება, არამედ ნებაც კი.
ბიძინას შესრულებული მისია ეს იყო - მას უნდა შეეკავებინა და სამართლის ჩარჩოებში გამოემწყვდია შეპყრობილთა ვნება. ანუ - სააკაშვილის კორპორაციის, რომელიც ყიზილ-ბეშური განუკითხაობით პარპაშებდა ამ ტერიტორიაზე, ბატონობისგან ქვეყანა ეხსანა. ხოლო ამ კორპორაციის სანაცვლოდ ერი-სახელმწიფო აღედგინა, სადაც სახელმწიფოს, მაშასადამე - სამართლის ნება გაბატონდებოდა შეპყრობილთა პოლიტიკური ვნების სანაცვლოდ.
ამ მოლაპარაკებებში ბიძინას მიერ დაფუძნებული "ოცნება" მონაწილეობს, მაგრამ იგი არა ბიძინას, არამედ ერი-სახელმწიფოს ხელისუფლებას წარმოადგენს.
კუბილიუსი იქნება თუ ვინმე სხვა, რასაკვირველია, ამ ობიექტურ მოცემულობას ვერასგზით შეცვლის: სინამდვილეში ამ მოლაპარაკებების არსია - სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებულთა მოთოკვა.
რომ იყოს არა 21-ე, არამედ მე-14 საუკუნე, ეს მოლაპარაკებები დასრულდებოდა იმ შედეგით, რაც გიორგი ბრწყინვალემ აღასრულა: ამბოხებულებს თავები დააყრევინა.
რადგან 21-ე საუკუნეა, ბუნებრივია, მოლაპარაკებები აბსოლუტურად უსისხლოა, თუმცა მისი შედეგი პოლიტიკურად იდენტური იქნება: ძალაუფლების თავაწყვეტილი ვნებით შეპყრობილებმა, ვინაიდან იმთავითვე თავები უკვე დაკარგეს, ასევე - ყოველგვარ ადგილს დაკარგავენ პოლიტიკაშიც!" - წერს დავით ზარდიაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge