დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ასეთ შემთხვევაში, გიორგი გახარიას პარტიას პირველი ადგილისთვის ბრძოლის პრეტენზია ექნება - ვახტანგ ძაბირაძე 31.03.2021 15:38

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც, გუშინ, უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის ჩართულობით შემაჯამებელ შეხვედრაზე მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი განიხილეს, თუმცა, ის ორივე მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. უშედეგო რაუნდი მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა შეაფასა:

 

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას,"- განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადებები ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტს - შარლ მიშელს და მის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნების ლეგიტიმურობას გაუსვა ხაზი:

 

"ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ შარლ მიშელს და მის პირად წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის და გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც აფასებს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საქართველოს მოსახლეობა. წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ბატონმა დანიელსონმა მხარეებს წარმოუდგინა პოლიტიკური შეთანხმების პროექტი. იმთავითვე, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არანაირ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აღნიშნული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. შესაბამისად, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ამ არჩევნების რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“-განაცხდა კობახიძემ.

 

გაცილებით მწვავე იყო ოპოზიციის შეფასებები. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა:

 

"ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის მთავარი ამოცანა ქვეყანაში არის ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ისინი აპირებენ, რომ გააგრძელონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება და ა.შ. ჩვენ გვქონდა შანსი კიდევ ერთხელ, რომ დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია, ყველა პუნქტზე, რომელიც იყო თავის დროზე შარლ მიშელის დასახელებულ გეგმაში. 5 პუნქტი არსებობდა შეთანხმებაში, აქედან სამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა შეთანხმებას და არსებობდა ორი საკითხი, პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა. რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის, რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით,"-აღნიშნა სამადაშვილმა.

 

შეუთანხმებელი მოლპარაკების პროცესს ექს-პრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

 

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი ქვეყანაში, პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ის ბრიუსელში დაბრუნდა. 27 მარტს კი, თბილისში მეორედ ჩამოვიდა.

 

უშედეგო მოლაპარაკებებზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში, - ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“  ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა. ის თვლის, რომ მოვლენები კარდინალურად არ შეიცვლება:

 

„არ მგონია, რომ  მან არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვნად შეცვალოს. პოლიტიკური კრიზისი უფრო პარტიებს შორისაა, ვიდრე - საზოგადოებაში. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩაშლილმა მოლაპარაკებამ  რაიმე საზოგადოებრივი აქტიურობა გამოიწვიოს და რადიკალიზმისკენ უბიძგოს, ჩემი შეფასებით, ეს ასე არ არის. რეალურად, საზოგადოება მეთვალყურის როლშია. პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში რა ხდება, მას, სამწუხაროდ, ნაკლებად აინტერესებს. ვერმიღწეულმა შეთანხმებამ, არა მგონია რაიმე კარდინალურად შეცვალოს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც იყო“, - აცხადებს ძაბირაძე.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროცესებზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა იკისროს. მისი მოსაზრებით, ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება, რადგან, ამ საკითხზე პარტნიორებთან მთავარი არგუმენტი ლეგიტიმურად აღიარებული არჩევნებია:

 

„მოთხოვნა, რაც ოპოზიციას აქვს, არ შეცვლილა. ის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა და დღესაც ითხოვს. სხვა კომპრომისი, რაზეც არ უნდა წავიდეს ხელისუფლება, მისთვის მიუღებელია. თუ ამას განვიხილავთ, ეს უკვე ულტიმატუმია. პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს. ხელისუფლებას პარტნიორებთან სალაპარაკოდ არგუმენტები აქვს, რადგან, არჩევნები ყველა პარტნიორმა ქვეყანამ ლეგიტიმურად ცნო. მან მშვენივრად იცის, რომ საზოგადოებაში ისეთი უარყოფითი მუხტი არ არის, რომ ოპოზიციამ  პერმანენტული და მძლავრი აქციები გამართოს, ამიტომ  მშვიდად მიუყვება პროცესს.

 

რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას,  არ მგონია, რომ ეს გადაულახავი წინააღმდეგობა გახდეს. მას არჩევნების თემა მოსდევს. თუ  ეს საკითხი გადაწყდება, მაშინ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. ეს ერთი ჯაჭვია“, - დასძენს ექსპერტი.

 

ვახტანგ ძაბირაძემ „ჯორჯიან თაიმსს“ ასევე განუცხადა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მეტად გააქტიურდებიან და დანიელსონის გეგმა შესრულდება: ოპოზიცია პარლამანეტში შევა, ხელისუფლება კი - პოლიტპატიმრების საკითხს გადაწყვეტს:

 

„ევროპელ პარტნიორებს მედიაციის სურვილი კვლავ ექნებათ. გარკვეული დროის შემდეგ, ამ პროცესში  ამერიკა გაცილებით უფრო  აქტიურად ჩაერევა და ბოლოს ზუსტად ის სქემა იქნება, რაც დანიელსონმა დადო. ოპოზიცია პარლამენტში შევა და ხელისუფლება პოლიტპატიმრების საკითხს გადაწყვეტს. ეს მნიშვნელოვანია და ჩვენი პარტნიორების მხრიდან ოპოზიციასა და ხელისუფლებისადმი, ამისკენ  მოწოდება, დაჟინებული მოთხოვნა იქნება“, - აცხადებს ის.

ექპერტი გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა.

 

ვახტანგ ძაბირაძემ ექს-პრემიერის პოლიტიკური რესურიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ის კახი კალაძესთან და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად შექმნის გუნდს, მას პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობის პრეტენზია შეუძლია ჰქონდეს:

 

„გიორგი გახარიას ივანიშვილისგან და "ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებლად, თავისი პოლიტიკური კაპიტალი გააჩნია. თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს საკმარისი არაა, იმისთვის, რომ ისეთი პარტია შექმნას, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობით მოსვლაზე პრეტენზია ექნება. არსებობს ელექტორატი, რომლის სწორად გამოყენება, დღე ბოიკოტში მყოფმა წვრილმა პარტიებმა ვერ შეძლეს (ნაციონალური მოძრაობის გარდა ყველას ვგულისხმობ), ეს რესურსი ასათვისებელია და როგორც ჩანს, გათვლა ამაზე გაკეთდება. თუ გახარია თავის პოლიტიკურ საქმიანობას სწორად წარმართავს და ამასთანავე, გარკვეული მიმზიდველი ბირთვის შექმნას შეძლებს, ეს სერიოზული პოლიტიკური ძალა იქნება. მე თავის დროზე ვთქვი, რომ თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კახი კალაძესთან და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პარტიას შექმნის, ეს არანაციონალური და არაქოცური ამომრჩევლის მასშტაბური მობილიზება იქნება. კალაძეს და კვირიკაშვილსაც ორივეს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი აქვს. ეს ამომრჩევლისთვის თავსებადი სამეულია. ვინც, მაგალითად, კვირიკაშვილს მხარს უჭერს, მისთვის გახარია და კალაძე მიუღებელი არ არის.

 

ამ ძალას პარლამენტში უმრავლესობის არა, მაგრამ  პარტიებს შორის პირველი ადგილისთვის ბრძოლის პრეტენზია ექნება," -განაცხდა ვახტანგ ძაბირაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ