დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ჩაშლილი დაბადების დღე - რას გამოიწვევს რუსი ჟურნალისტისა და მისი სტუმრების საქართველოდან გაძევება 01.04.2021 14:57

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად, სტუმრებთან ერთად, საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. 

 

მათი საქართველოში ვიზიტი აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გაიმართა, სადაც ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

 

შსს-ში კი განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

 

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. „ვინოტელი“ კი, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

 

აქცია  სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ გაგრძელდა, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

 

დღეს, დილით ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.

 

თუმცა, ჟურნალისტი  „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ საქართველოდან უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა.

 

დღეს, მთავრობის სხდომაზე,  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით,  გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აგრეთვე აშშ-ის მოქალაქეა, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშრად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით და ეს იყო მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი.

 

„ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქცია. ამჯერადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა.

 

ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც, აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ისინი მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აღნიშნულ მოვლენებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა:

 

„ვლადიმერ პოზნერს საქართველოში შემოსვლის უფლება ჰქონდა, რადგან ის ამერიკის მოქალაქეა.  მის სტუმრებს კი, ეგრედ წოდებული კოვიდპასპორტები ჰქონდათ და ასევე, უარყოფითი პასუხი „პისიარ“ ტესტებზე. ისინი ქვეყანაში კანონის შესაბამისად შემოვიდნენ.  მათი მხრიდან რეგულაციების დარღვევა მიუღებელი იყო, რაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდა.


რაც შეეხება სამოქალაქო პროტესტს, ეს ფორმა, რა თქმა უნდა,  ცივილიზებულ ნორმებს გასცდა. ეს არაერთხელ გვინახია „ნაციონალური მოძრაობისგან“ და არც გვიკვირს. დღეს, სწორად აღნიშნა ჩვენმა პრემიერმა, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც დიალოგი შეუძლებელია.


ისედაც ქვეყანას ძალიან უჭირს ეკონომიკურად, პანდემიის პირობებში. ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მათი შემოსვლა ძალიან გვჭირდება.  ამის შესაბამისად კი კარგად ვნახეთ, რაც მოაწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“.


ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რა რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს ამ ფაქტმა რუსეთში ან როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ის, რაც ჩვენთან მოხდა, მოსაწონი ნამდვილად არ იყო,“ - განაცხადა  ზურაბ აბაშიძემ.

 

ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი  ეხმაურება და აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენები საქართველოს ღრმა კრიზისში ყოფნაზე მიანიშნებს. 

 

მისი თქმით, საქართველოს საშინაო პოლიტიკას ღრმა რადიკალიზმი განსაზღვრავს და რუსეთის მოქალაქეების იქ ყოფნა უსაფრთხო არაა.

 

მისივე განცხადებით, ანალოგიური მოხდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართაც.

 

„ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა,“- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ