რუსეთის ყოველდღიურ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პოზნერთან დაკავშირებულ ქართულ სკანდალში შეუსაბამობაა: „იგი მხოლოდ ხელში მოჰყვათ“, რომელშიც გადმოცემულია ვლადიმერ პოზნერის თბილისში თავსგადახდენილი ისტორია, ექსპერტების კომენტარებთან ერთად (ავტორი - მიხეილ კატკოვი).
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
„ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში, სადაც მას დაბადების დღის აღნიშვნა ჰქონდა დაგეგმილი, სკანდალურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ქართველმა ოპოზიციონერებმა ჩათვალეს, რომ მან, ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში გაშლილ სუფრაზე ყოფნისას კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული წესები დაარღვიაო, თუმცა შემდეგ გაიხსენეს, რომ ვლადიმერ პოზნერი აფხაზეთს მხარს უჭერსო. საბოლოოდ კი მას თავის დაბადების დღეზე საქართველოდან წასვლა მოუწია. პოლიტოლოგებმა ამ ისტორიაში შეუთავსებლობა იპოვეს: ბოლო სამი წლის განმავლობაში ტელეწამყვანი მშვიდად ჩადიოდა საქართველოში და დაბადების დღეს აღნიშნავდა.
რესტორნიდან აეროპორტამდე რუსი სტუმრები პოლიციის თანხლებით მივიდნენ. ოპოზიციამ ისარგებლა სიტუაციით, რომ 2019 წლის „წარმატება“ გაემეორებინათ, როცა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ორი წლის წინ ქუჩის უწესრიგობებით 300-მდე ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 31 ჟურნალისტი, ამჯერად კი ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიარა.
ამის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რათა რუსებისთვის გაეხსენებინა: „საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისათვის ყოფნა სახიფათოა“. მართალია, იმავდროულად მან შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ ვლადიმერ პოზნერის უსაფრთხოება უზრუნველყვეს.
თუ რატომ აღმოჩნდა რუსეთიდან ჩასული ჟურნალისტი თბილისური სკანდალის ცენტრში, „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ ექსპერტებმა განუმარტეს.
ვლადიმერ ნოვიკოვი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე:
„ეს არის საგარეო პოლიტიკის გამოყენება საშინაო პრობლემების გადასაწყვეტად. ოპოზიცია ცდილობს ექსპლუატაცია გაუწიოს „რუსეთის საფრთხის“ თემას ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცდელობა წარმატებული იყო, ოპოზიციამ მოსალოდნელი შედეგი ვერ მიიღო, პირიქით - მომავალში მათ ეს ყველაფერი შეიძლება უკან დაუბრუნდეთ. ვლადიმერ პოზნერისათვის დამნაშავე ჟურნალისტის ან რუსული იმპერიალიზმის მხარდამჭერის იარლიყის მიწებება სისულელეა. მას თავისი თვალსაზრისი აქვს, რომელიც სულაც არ არის კონსერვატიული - შესაბამისად, იგი კარგად ეწერება დასავლურ მედიასაზოგადოებაში. ასე რომ, როგორც შეტევის ობიექტი, ვლადიმერ პოზნერი ამ მიზნით ნაკლებად შესაფერის ფიგურას წარმოადგენს.
სიტუაცია იმას ჰგავს, რაც სერგეი გავრილოვს თავს გადახდა 2019 წელს, მაგრამ იმ ისტორიის თავისებურება საპარლამენტო არჩევნების წინ ძალების ერთგვარ „შემოწმებაში“ გამოიხატა - ოპოზიციონერებს სიტუაციის შერყევა სურდათ ხმის მიცემამდე ერთი წლით ადრე, ახლა კი ოპოზიციას ქუჩის მასშტაბური გამოსვლების ორგანიზება ან პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა აღარ შეუძლია. ევროკავშირიც არ ჩქარობს ოპოზიციისადმი დახმარებას. შესაბამისად, თვითონ ოპოზიციას უწევს ძალისხმევის გამოჩენა. მათ ვლადიმერ პოზნერი თავიანთი მიზნების მისაღწევად, როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, „ხელში მოჰყვათ“. იგი თბილისში ბოლო სამი წლის განმავლობაში დადის, ფრაზა აფხაზეთის შესახებ კი 5 წლის წინ თქვა. ეს რომ მართლაც პრობლემა ყოფილიყო, პრეტენზიები მისთვის უფრო ადრე უნდა წაეყენებინათ.
მთლიანობაში საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დღეს ისეთია, რომ რუსეთის საზოგადოებრივად ცნობილმა ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ქვეყანაში წასვლისაგან. საქმე უსაფრთხოებაში კი არ არის, არამედ იმ რისკში, რომ საქართველოში ყოფნისას შეიძლება მძევლად იქცე ხელისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში“.
ვადიმ მუხანოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის („მგიმო“) ევრაზიული კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:
„ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული სიტუაცია განსხვავდება გავრილოვის თავგადასავლისაგან. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი საქართველოში ვითარების სერიოზულად ასარევად გამოიყენეს, პოზნერთან მიმართებით კი ქართულ ოპოზიციას ყურადღების მიქცევა სურდა. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თავადასხმის ობიექტი გახდა არა იმდენად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისათვის, არამედ უფრო ანტიკოვიდური წესების დარღვევისათვის: ქვეყანაში ვირუსული სიტუაცია რთულია, ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, ადამიანები შეზღუდულები არიან და ამ დროს ისინი ხედავენ, რომ ვლადიმერ პოზნერი და მისი თანხმლები პირები რესტორანში სხედან...
თუმცა, რასაკვირველია, ეს ისტორია ოპოზციის მიერ ძალიან გაბერილია, რასაც საქართველოს ხელისუფლებაც ადასტურებს. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების სამომავლო უსაფრთხოებას, ვლადიმერ პოზნერი მაინც მათგან ცოტა შორს დგას, იგი სხვებთან შედარებით ბევრად ცნობილ პიროვნებას წარმოადგენს. რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები მსგავს სიტუაციაში საეჭვოა, რომ აღმოჩნდნენ, ქართულ ოპოზიციას ისინი არ აინტერესებს“.
წყარო: https://www.mk.ru/politics/2021/04/01/v-gruzinskom-skandale-vokrug-poznera-nashlas-nestykovka.html
მოამზადა სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge