დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საქართველო შეიძლება მალე თურქულ-ირანულ კოლონიად იქცეს - უცხოური პრესა 02.04.2021 13:35

რუსულმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ («Комсомольская правда») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქართველებმა პოზნერი გააგდეს? ნაადრევია სიხარული. საქართველო შეიძლება მალე თურქულ-ირანულ კოლონიად იქცეს“ (ავტორი - ედუარდ ჩესნოკოვი, პოლიტიკური მიმომხილველი).

 

გთავაზობთ შემოკლებული სახით:

 

„ლიბერალურმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა დაბადების დღის აღნიშვნა საქართველოში გადაწყვიტა. სხვა ადგილები, რომელიც მის არისტოკრატულ სტატუსს შეეფერება, მიუწვდომელი იყო - საფრანგეთში [და ამერიკაში], რომელთა მოქალაქეცაა, კორონავირუსი მძვინვარებს და რესტორნები დახურულია...

 

საქართველოში კი მწვადის შეწვა და აჯიკის დაგემოვნება მაინც შეიძლება, მაგრამ დასვენება არ გამოუვიდა: ქართველი პატრიოტები მიუვარდნენ და იმ სასტუმროს, სადაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი და მისი მეგობრებს ბანკეტის მოწყობა ჰქონდათ განზრახული, ლაყე კვერცხები დაუშინეს.

 

ჩვენთან, მოსკოვში, შეიძლება ვინმე ოპოზიციონერობს, მაგრამ იგი, მათთვის, ყოფილ საბჭოთა განაპირა მხარეებისათვის, მაინც რუსი ოკუპანტია, თუნდაც თბილისში აშშ-ის მოქალაქის პასპორტით ჩაფრინდეს. სტატუსიანი ლიბერალობა მხოლოდ რუსეთში ფასობს...

 

მოკლედ, მე იმდენად პოზნერზე არ ვწერ, რამდენადაც საქართველოზე. იქაური დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ამზადებენ ანგარიშებს ჩანაწერებით:: „რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული აქცია წარმატებით ჩატარდა, რასაც თან ახლავს მიმდინარე წლის მეორე ნახევრის ფინანსური ხარჯები“.

 

კი, ცხოვრება გართულდა, გაუარესდა, მაგრამ ქართველებს მაინც აქვთ იმედი, რომ ძველი კარგი დაბრუნდება. უფროს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს ის დროს, როცა სიტყვა „გრუზინ“ მდიდარი ადამიანის სინონიმი იყო, ხოლო თუ შენი გვარი „ძე“-ზე ან „შვილ“-ზე ბოლოვდებოდა. შეგეძლო დაგეწერა წიგნები და ფილმები გადაგეღო... არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დონის - შენს წინაშე მოსკოვისა და ლენინგრადის დაწესებულებების კარები ფართოდ იღებოდა... რუსეთიდან კი საქართველოში ხელებდაკოჟრილი მუშები ჩადიოდნენ და ქარხანა-ფაბრიკებს, ჰესებს აშენებდნენ. რატომ? „იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველები, ყველაზე საუკეთესოები ვართ“.

 

ვინც ცოტა ახალგაზრდები არიან, სხვანაირ მაძღარ წლებს იხსენებნ - ორიათასიანების დასაწყისს, 21-ე საუკუნის პირველ ათეულს, როცა დასავლეთს „დემოკრატიის ვიტრინა“ სჭირდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბათუმის ცათამბჯენები ჯადოქრული ჯოხის აქნევით იზრდებოდნენ. ე.წ. „საექსპერტო საზოგადოება“ წარმატებით ბერავდა ყველაფერს და ამის სანაცვლოდ გრანტებს ითვისებდა, ვთქვათ, ასეთი სტატიებით - „რატომ გამოუვიდა მიხეილ სააკაშვილს“ და ასე შემდეგ.

 

რუსი ტურისტი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოური ნოსტალგიის ტყვეობაში იყო, მზიურ საქართველოში ჩადიოდა, ქართულ კურორტებზე ისვენებდა და ქართულ სინგაპურში აპარტამენტებსაც კი ყიდულობდა, რესტორნებსაც. პიკური გახდა 2019 წელი, როცა საქართველოში თითქმის 10 მილიონი ტურისტი ჩავიდა, დიდი ნაწილი რუსეთიდან. ტურიზმმა იმ წელს ქვეყნის ეკონომიკას 4 მილიარდი დოლარი მოუტანა - მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი. საინტერესოა, რომ ამის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა მაინც მცირდება. რატომ? იმიტომ, რომ ქართველები საზღვარგარეთ გარბიან - თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ისრაელში, ევროპის სხვა ქვეყნებში. მათი „ევროპული გზა“ მხოლოდ ცალმხრივია. იგივე ითქმის ჩვენთან, რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში წამომსვლელებზეც... მათ პერსპექტივა სამშობლოში არ აქვთ, სადაც „მაძღარ წლებშიც“ კი უმუშევრობის დონე 20%-ს აღემატებოდა.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საგარეო ვაჭრობის ბალანსი, რომელიც საქართველოს უარყოფითი აქვს: მზიური ქვეყანა უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარის საქონელი შეაქვს. ამას „ვაჭრობაში „უარყოფითი სალდოს“ უწოდებენ. იმიტომ, რომ საქართველოს გასაყიდი მაინცდამაინც ბევრი არაფერი აქვს („კეთილმა ევროპელებმა“ ქართველებს 300-მილიონიანი ბაზარი დაუთმეს, მაგრამ ქართული პროდუქციის იმპორტი იქ „მიზანშეუწონელია“). საქართველომ რუსეთში 2018 წელს 957 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა,  398 მილიონის კი გაყიდა, ანუ რუსეთს ნახევარი მილიარდი დოლარის დადებითი სალდო აქვს.

 

გესმის, ჩემო ქართველო მკითხველო? თქვენი ეკონომიკიდან ფული უცხოეთში მიდის, თქვენი მოსახლეობა მცირდება, ხოლო წარმატებით ჩატარებული ანტიპოზნერული აქციის შემდეგ კი ყველაზე წყალწაღებული მოსკოველი ლიბერალიც კი გაიფიქრებს - ღირს საქართველოში წასვლა და დასვენება? ბოლოს და ბოლოს, სოჭშიც გვაქვს ნორმალური სასტუმროები.

 

შენ ალბათ, გჯერა, რომ პანდემია გაივლის და ტურისტები დაბრუნდებიანო, ძველი დრო ისევ დადგებაო... კი, პანდემია, ალბათ, მართლაც გაივლის, მაგრამ გლობალურ ეკონომიკაში კრიზისი დარჩება, ცხოვრება დამძიმდება. ბათუმურმა ბარებმა და კახეთის ვენახებმა ძველებურად შეიძლება არავინ მოხიბლოს. გესმის, ძმაო? ახალ მსოფლიოში შენი ქართული ნაციონალიზმი არავის აღარ დასჭირდება. საჭიროა მხოლოდ ენერგია, მრეწველობა, არმია... რომლებიც მხოლოდ მსხვილ და ძლიერ მოთამაშეებს აქვთ - მაგალითად, რუსეთსაც.

 

და ალბათ, ჩემო ძვირფასო ქართველო მკითხველო, როცა საკუთარ დემოგრაფიულ და ეკონომიკურ სტატისტიკას ღრმად დაუკვირდები, მიხვდები, რომ რაც დრო გადის, უფრო უარეს პირობებში იცხოვრებ. ალბათ, საკუთარ თავს ჰკითხავ: რა ვქნა?

 

სამწუხაროდ, შანსი ხელიდან 10 წლის წინ გაუშვი, როცა რუსეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ქმნიდა. რჩება ერთი შესაძლებლობა: უნდა გაიხსენო, რომ ოდესღაც რუსულ ენას სწავლობდი და რუსეთში ნათესავები გყავდა. უნდა მოძებნო მტვრიანი დიპლომი და რუსეთში წამოხვიდე. ჩვენ, რუსები, კეთილი ადამიანები ვართ: გვესმის, რომ „რუს ოკუპანტებს“ იმიტომ გაჰყვიროდი, რომ ამ იდეას პოლიტიკოსები და მასმედია თავს გახვევდა. გახსოვდეს, რომ შენი ქვეყანა შეიძლება ისევ თურქულ-ირანული კოლონია გახდეს.

 

წყარო: https://www.kp.ru/daily/27259/4391475/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ