დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გაამკაცრებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების პირობებს 02.04.2021 14:57

ევროკავშირის მედიაციით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებელ მოლაპარაკებებს წამყვანი ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მოსალოდნელ გართულებებზე საუბრობენ. მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების კუთხით შეზღუდვებზეცაა საუბარი.

 

„ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გამო, რადგან მათ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევისა, რათა დაეხმაროს არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში. ამ შედეგში დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი მუშაობისადმი და მივესალმებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული წინადადების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა. სასიცოცხლოდ აუცილებელია პოლიტიკური პარტიის აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის ნამდვილად სწორია: საარჩევნო და სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გამოსავალი სამომავლო არჩევნებზე და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევაზე. ეს გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას.

 

პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან.

 

ამავდროულად, მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების საქართველოს პარლამენტში მიღება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ODIHR– ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების საჭიროებას. ეს რეფორმები მთავარია ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისთვის შემდგომი ზიანის მიყენება, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს“- ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს 7 ევროპარლამენტარი აწერს: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი და ლიეტუველი დეპუტატი ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუშტრევიჩიუსი.

 

ევროპარლამენტის მწვავე განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი კეპულაძე გამოეხმაურა:

 

ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ევროკავშირი და აშშ მოლაპარაკებების ჩაშლას ასე ურეაქციოდ დატოვებდნენ? კაი, არ გამოდის, გავანებოთ თავიო. არა, მეგობრებო, კინო აწი იწყება - ეკონომიკური სანქციები, დაფინანსების გაჩერება, შეხვედრების გაუქმება და ა.შ. ისედაც ღრმა კრიზისში მყოფ ქვეყანას, რას მოუტანს ეს, ყველა ვხვდებით. ვინმეს არც ის ეგონოს, რომ ოპოზიციის "გაჯიუტების" ბრალია ეს სანქციები. პასუხისმგებელი ქვეყანაზე არის ხელისუფლება და კეთილი ინებოს, მიხედოს,“ -წერს გიორგი კეპულაძე.

 

რამდენად რეალურია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დაფინასების შეწყვეტის საშიშროება და ემუქრება თუ არა ჩვენს ქვეყანას მთავარი მოკავშირის დაკარგვის საფრთხე - ამ და სხვა საკითხებზე, „ჯორჯიან თაიმსთან“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა. ის დაფინანსების შეჩერებას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ  ევროკავშირმა შესაძლოა, ახალი დახმარების მიღების პირობები გაამკაცროს:

 

„ვფიქრობ, დაფინანსებას არ შეგვიჩერებენ, იმიტომ, რომ ეს ევროპარლამენტზე  არ არის დამოკიდებული. ამას წევრი ქვეყნები არეგულირებენ. ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტის მხოლოდ წერილი იყო, მაგრამ, რეზოლუცია ან იქნება, ან - არა. რეზოლუცია რომც იყოს, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ წევრმა ქვეყნებმა ასეთ ვითარებაში (კოვიდპანდემიის დროს და ა.შ) საქართველოს მაკროფინანსური დახმარება შეუჩერონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირის რეაქცია საყურადღებოა, იმიტომ, რომ უმეტესობა იმ ქვეყნების წარმოამდგენლები არიან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს  ყველაზე მეტად უჭერენ, ანუ, ბალტიისპირეთის ქვეყნები. მათი მხრიდან ასეთი ტიპის წინადადების გაჟღერება სასიამოვნო არ არის და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც მინიმუმ, შეიძლება ევროპარლამენტში ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის მხარდაჭერა შეგვიმცირდეს.

 

არ არის გამორიცხული, რომ ახალი დახმარების მიღების პირობები გაამკაცრონ. პირობითობა, რომელიც, პრაქტიკულად, მოხსნილი იყო, შეიძლება ახლა შემოიტანონ და რაიმე პირობები წაგვიყენონ. მაგალითად, სასამართლო რეფორმის გატარება,  საარჩევნო რეფორმის განხორციელება ისე, როგრც ამას ევროკავშირი მოითხოვს“, - აცხადებს ის.

 

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პრობლემური  ქვეყნების რიგში ჩადგება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ევროკავშირმა არცერთი მათგანი არ მიატოვა, მოკავშირის დაკარგვის საფრთხე არც საქართველოს არ უდგას:

 

„ევროკავშირის, როგორც მოკავშირის და პარტნიორის დაკარგვის საფრთხე არ გვიდგას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველგან პრობლემებია. მაგალითად, მოდლოვაში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსში. საქართველო მათ შორის, გარკვეულწილად, ყველაზე სტაბილური ქვეყანა იყო, ახლა კი, რეიტინგში უკან დაიხევს და ევროკავშირისთვის ისეთივე პრობლემური ქვეყანა გახდება, როგორიც სხვები არიან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩვენს ქვეყანას მიატოვებს, ისევე, როგორც არ მიატოვა მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი.  მას უბრალოდ, მთავრობასთან მაქსიმალურად შეზღუდული ურთიერთობა აქვს.

 

ევროკავშირს  ამ ქვეყნების  მიმართ სტრატეგია და მიდგომა არ მიუტოვებია. ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს ძალიან დიდი ზიანი მიადგება და ამ პირობებში  2024 წელს განაცხადის შეტანა აბსოლუტურად არაადეკვატური იქნება“, - დასძენს გოგოლაშვილი.

 

„ჯორჯიან თაიმსთან“ კახა გოგოლაშვილი ვლადიმირ პესკოვის და მისი თანმხლები პირების საქართველოდან გაძევების ფაქტსაც გამოეხმაურა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში მეგობრის იმიჯით ცდილობს შემოღწევას:

 

პესკოვი უკვე გამოვიდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეაქო იმისთვის, რომ მან ეს ფაქტი დაგმო. ამიტომ,  არამგონია რუსეთმა ტურისტების შემოსვლა შეაჩეროს.  სოციალურ მედიაში ამ თემაზე  თავად რუსი მოქალაქეები ძალიან  ბევრს წერენ და ძირითადად, ყველა იმ აზრზეა, რომ პოზნერი აქედან ტყუილად არ გააგდეს და სხვა რუსებს საქართველოში კარგად ექცევიან.

 

ეჭვი მეპარება, რომ ამ ფაქტმა რუსეთიდან ტურიზმის შეფერხება გამოიწვიოს. არც იმას მოველი, რომ რუსეთის მთავრობამ რაიმე შემზღუდველი ზომები მიიღოს, თუმცა, გააჩნია პოლიტიკურ მიზნებსაც. ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ რუსეთს უნდოდეს საქართველოსთან მეტი დისტანცირება მოახდინოს. მგონია, მას სურს, რომ მეგობრის იმიჯით უფრო მეტად შემოაღწიოს და ამ ვითარებაში, "ხიდების ჩაჭრა"  მის  ინტერესებში არ შედის", -განაცხდა კახა გოგოლაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ