მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი, ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საინტერესო ინიციატივის შესახებ წერს:
"მთავრობის კომპეტენცია და მოვალეობაცაა:
* მსოფლიოს მასშტაბით წინა პლანზე წამოსწიოს ჩვენი უძველესი ერის ყველა ისტორიული პრიორიტეტული მოვლენა, ფაქტი, მეფენი, დედოფლები, პატრიარქები, ისტორიული და სახალხო გმირები.
* პოპულარიზაცია და აფიშირება გაუწიოს საქართველოს ყოველ გოჯს, თავისი ციხე-სიმაგრეებითა და თუნდაც ქვათ-ქცეული ნანგრევებით.
* შექმნას პროფესიონალი გიდების მრავალრიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც უმაღლესი კატეგორიის კომპეტენციის ფარგლებში უცხოელებს ისე მოუთხრობენ ჩვენ ისტორიას, ჭირსა და ვარამს, აღორძინებასაც, რენესანსაც და დაცემასაც, რომ ტურისტები ემოციების გამო ''დაეცნენ!''
.
* დაურთონ წარწერა, ფირნიში, აბრა ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო შენობა-ნაგებობებსაც კი, ქუჩებს, შუკებს.... აღწერონ მათი ისტორიები.
* მხოლოდ ხინკალი, მწვადი და ქაბაბი, ''შარდენი'' და სოლოლაკი არ უნდა რჩებოდეს ტურისტს (მტერსა და მოყვარეს!) აეროპორტისაკენ გაქროლებისას მახსოვრობაში. მხოლოდ ღვინო, ქვევრი და ჩურჩხელა არაა ჩვენი 3000 წლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე უძველესი ერის სავიზიტო ბარათი! არც მთიულური ფაფანაკი და მშრალ ხიდზე ნაყიდი ხმალია ჩვენი სიმბოლო! ეს ყველაფერი მხოლოდ ირიბი დამატებებია ჩვენი ამოუწურავი, უდიდესი ისტორიის ფურცლების სტროფებს შორის!
* ''ახალი'' ერები საუკეთესო სცენარისტებსა და რეჟისორებს ამუშავებენ თითქმის არარსებული ისტორიების მოფიქრებაზე და მრავალ მილიონ ფილმებს იღებენ ''ასეთები ვიყავითო!''...
* ჩვენ კი... რა მილიონები გვეყოფა, ყველაფერი რეალური მხატვრულ, ან დოკუმენტურ ფილმებად რომ ვაქციოთ? თან სრული სიმართლე წარმოვაჩინოთ (ჩვენ კი არა, ოდესღაც რომი და კართაგენი დაეცა!), ცხადია, ყველა თავისი შუქ - ჩრდილით, შელამაზების გარეშე?! მაგრამ, უნდა დავხარჯოთ! მილიონებიც და მილიარდებიც, რათა მსოფლიოს კი არ დავუმტკიცოთ, არამედ შევახსენოთ, რანი ვართ და ვინ! საიდან მოვდივართ და ვისი შთამომავლები ვართ!
* საქართველო მხოლოდ ღომი, ყველი, ტაბაკა და ჭაჭა არ არის!
* საქართველო უძველესი ცივილიზაციის აკვანია და დროა, მთელი ძალით ''დავარწიოთ ეს აკვანი!''
* თუ არა და, გამოვძღეთ ცხრა სართულიან ქართულ სუფრებზე და შემდეგ პირდაპირ ეთერებში, ტელევიზიით ვუჩვენოთ მთელს პლანეტას, როგორ ვჭამთ და ვღრღნით ერთმანეს - როგორ დავკარგეთ დღეს თავი და აღარ გაგვაჩნია არავითარი სხვა მისია! გამოვფინოთ საჯაროდ საკუთარი ''ბინძური თეთრეული'' და მერე ვიძახოთ: ''ბასიანი! შამქორი, კრწანისი! გაგ-ვი-მარ-ჯოოს!''.... ოღონდ, ერთმანეთში ვიძახოთ, სამზარეულოებში, მსოფლიოს კი თავი დაკნინებულ, გასაქრობად გამზადებულ ერად წარმოვუჩინოთ!
* ეჰჰჰჰჰჰ....... დროზე მივხედოთ საკუთარ ისტორიას, სანამ სხვები მიისაკუთრებენ და მიითვისებენ! გთხოვთ! უფრო სწორად, ვითხოვ", - წერს ნანა გაგუა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge