20:33 04.04.2021
ბათუმში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქცია „არა ნაცებს“ გამართეს

 

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხმაური იყო. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოფისთან ცოცხები მიიტანეს და შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ. მათი თქმით, ეს აქცია არის პასუხი ოპოზიციის მხარდამჭერთა გუშინდელ ქმედებებზე.

„გუშინ დაარღვიეს კომენდანტის საათი, მოცვივდნენ ჩვენს ოფისთან, სტიკერები გააკრეს, ეს ქცევა ნორმალურია და ჩვენი აქცია არა? ესენი არიან მიშას მონები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ პარტიის ოფისთან მისული ადამიანები.

„რას აპროტესტებდა ეს ხალხი, ვერ გავიგეთ, ვთხოვდით, მოდით, იქნებ თქვენი პრეტენზია მართლა რაღაცა ლოგიკასთან ახლოს არის-მეთქი, მაგრამ ამაზე პასუხი არ აქვთ და მიდიან. მთელი ქალაქი გამოიარეს, მოვიდნენ აქ და რა პრეტენზია აქვთ, არ იციან. ჰქონდათ დავალება, რომ აქ ხმაური აეტეხათ. არავითარი აგრესია ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური“ მოძრაობის აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge