15:16 05.04.2021
გაუძლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკა პანდემიის მოსალოდნელ მესამე ტალღას

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ეკონომიკის სექტორი, მნიშვნელოვნად დაზარალდა. გაუფასურებული ლარი, გაზრდილი საგარეო ვალი, შეჩერებული ინვესტიციები, ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, გაძვირებული პროდუქტები-ასეთია ქართული რეალობა.

 

რამდენად კრიტიკულია საქართველოში ეკონომიკური ვითარება, აქვს თუ არა ბიუჯეტს საგარეო ვალის მომსახურების რესურსი და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ამ საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსს" პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა. მისი შეფასებით, ქართული ეკონიმიკის მდგომარეობა იმ პარამეტრებში ჯდება, რაც მსოფლიოსთვისაა დამახასიათებელი:

 

"საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მძიმეა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელი პრობლემა. მთელ მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კრიზისია, რომლის საფუძველი კორონავირუსის პანდემიაა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უმთავრესი ინსტრუმენტი ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვა აღმოჩნდა, რამაც საწარმოების დახურვა გამოიწვია და შედეგად ეკონომიკური კრიზისი მივიღეთ. ეს გლობალური პრობლემაა. ის, რაც საქართველოში ხდება გლობალური კონტექსტიდან  ამოვარდნილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რთული  ეკონომიკური მდგომარეობაა, ის კრიტიკული ნამდვილად არაა და იმ პარამეტრებში ჯდება, რაც მთელი მსოფლიოსთვისაა დამახასიათებელი. საქართველოში შეიძლება, ეს კრიზისი უფრო მგრძნობიარე იყოს, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, რადგან  საქართველოს ეკონომიკას, ძირითადი ორიენტაცია ტურისტულ სექტორზე ჰქონდა აღებული, ეს  კი ყველაზე მოწყვლადი დარგია და მეტად დაზარალდა. ისეთი დარგები,როგორიცაა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა ჯეროვნად არაა განვითარებული და ესეც  ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახა".

 

პროფესორი მიიჩნევს, რომ თუ პანდემიის მესამე ტალღის გამო ქვეყანა ხელახლა ჩაიკეტება ეს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება:

 

"ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ეკონომიკას დააზარალებს, მაგრამ, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამის საფუძველი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი მასშტაბები იქნება.  ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ინფიცირებულებსა და ტესტირებულებს  შორის  პროცენტული თანაფარდობაც იზრდება და  ესეც უარყოფითი მოვლენაა. ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ,  თუ მესამე ტალღა დაიწყება ქვეყნის მთავრობას სხვა გზა არ ექნება, რომ კვალ ჩაკეტოს ეკონომიკა".

 

ლადო პაპავამ "ჯორჯიან თაიმსთან" საქართველოს საგარეო ვალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ბიუჯეტში პრობლემების არსებობა ბუნებრივია:

 

"საქართველოს აქვს დიდი, მაგრამ, არა ძალიან დიდი საგარეო ვალი. არსებობს ქვეყნები, რომელთა სახელმწიფო ვალი მთლიანი სამამულო პროდუქტის 200 პროცენტს აჭარბებს, ჩვენთან 60 პროცენტს მიუახლოვდა და ცოტათი გადააჭარბა. ეს დიდი საგარეო ვალია, მაგრამ ძალიან დიდი არ არის. რა თქმა უნდა, კრიზისის დროს ვალის მომსახურების რესურსი შეზღუდულია და მთელ მსოფლიოშია ასეა. ეკონომიკური კრიზისის დროს ბიუჯეტში პრობლემები იქმნება, რადგან, მაშინ, როდესაც ბიზნესის შეჩერების გამო ბიუჯეტს შემოსავლები აკლდება, მედიცინაზე, სოციალურ დაცვასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე ხარჯები იზრდება.

 

სახელმწიფო  ვალის მომსახურების პრობლემა არსებობს,მაგრამ საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვში არა არის,რომელთაც ეს ყველაზე მეტად გაუჭირდათ". 

 

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება. როგორც ლადო პაპავამ "ჯორჯიან თაიმსს" განუცხადა, ქვეყანამ საშუალო და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაზეც უნდა იფიქროს:

 

"უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ქვეყანაში აგრარული სექტორი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სამრეწველო გადამუშავება განვითარდეს. მიზანშეწონილია, ყველა რაიონში საშუალო და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას, რომლებიც, ერთი მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს, მეორე მხრივ, ადგილზე მოწვეული პროდუქტის გადამუშავება მოხდება. ეს,რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად, საგარეო ფაქტორზე, კერძოდ, იმპორტზე დამოკიდებულებაზე იმოქმედებს. დღეს, მაგალითად, რუსეთმა ხორბალი გააძვირა, ჩვენ, ძირითადად, იმპორტს აქედან ვახორციელებთ, ამიტომ  მარცვლოვანი კულტურების განვითარების შესაძლებლობა საფიქრალია".

 

იქედან გამომდინარე, რომ პანდემია გრძელდება, ეკონომიკური კრიზისის დასრულებაზე საუბარი შეუძლებელია. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ პროგნოზი  2021 წელს ეკონომიკური ზრდის თაობაზე, კრიტიკას ვერ უძლებს:

 

"პანდემია როდის დასრულდება, არავინ არ იცის. ამიტომ, უცნობია ისიც თუ როდის დამთავრდება ეკონომიკური კრიზისი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაკეთებული პროგნოზები, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც პანდემიის დასრულების ხელშესახები ვადები არ არსებობს. საქართველო ამ მდგომარეობიდან ისევე გამოვა, როგორც დანარჩენი მსოფლიო.

 

საზღვრების გახსნის პირობებში ტურისტული სექტორი განვითარდება, მაგრამ დიდ ბუმს არ უნდა ველოდოთ. პოტენციური ტურისტებიც, რომლებიც საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, იმ ქვეყნებიდან მოდიან, სადაც კრიზისია და მათი შემოსავლებიც შემცირებულია, ამიტომ სერიოზულ ეკონომიკურ ზრდას არ უნდა ველოდოთ",- განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge