21:30 06.04.2021
მე არც მენშევიკების გენერალი ვარ, არც ბოლშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ! - 6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა

6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღე.

 

გიორგი მაზნიაშვილი, 1871 წელს, გორის მაზრის სოფელ სასირეთში დაიბადა. დაამთავრა კადეტთა კორპუსი და შემდგომ, სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც მძიმედ დაიჭრა. პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გიორგი მაზნიაშვილი ვარშავასთან მძიმედ დაიჭრა და პეტერბურგში მკურნალობდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა და ციმბირის I მსროლელ პოლკს მეთაურობდა. 1917 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით.

1917 წლის მეორე ნახევარში გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში აქტიურად ჩაერთო. 1918 წლის გაზაფხულზე იგი ქართული კორპუსის მეორე დივიზიას ჩაუდგა სათავეში. 1918 წლის 8 აპრილს, მდინარე ჩოლოქთან, მისი სარდლობით, მცირერიცხოვანმა ქართულმა ჯარმა მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმა მიაყენა და მისი წინსვლა შეაჩერა.

1918 წლის ივნისში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა. მისი თაოსნობით, ქართულმა ჯარმა ჯერ აფხაზეთი და შემდგომ, სოჭისა და ტუაფსეს ოლქები რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებებისგან გაწმინდა. თუმცა, აგვისტოს ბოლოს ქართველებს ტუაფსეს დათმობა მოუწიათ. ბოლშევიკურმა ტამანის არმიამ, უკან დახევის დროს, ტუაფსეში განლაგებული მცირერიცხოვანი ქართული ნაწილები დაამარცხა, ხოლო ვიდრე დამატებითი ქართული ძალა სოჭიდან ტუაფსესკენ წავიდოდა, ოლქი თეთრგვარდიელებმა დაიკავეს, რომლებიც ფეხდაფეხ მისდევდნენ ბოლშევიკებს.

ნიშანდობლივია, რომ თავდაპირველად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტრო, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, სამხედრო დამსახურებისთვის, თბილისში შემორჩენილ რუსულ სამხედრო ორდენებს ურიგებდა. გენერალი მაზნიაშვილი ნატანებ-ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებისთვის ხმლით შემკული წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული ოპერაციისთვის - ხმლით შემკული წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1918 წლის დეკემბერში გენერალი მაზნიაშვილი სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლად დაინიშნა, სადაც აქტიური კონტრშეტევით მოწინააღმდეგეს უკან დაახევინა და სადახლო და შულავერი მისი შენაერთებისგან გაათავისუფლა. მაზნიაშვილის სამხედრო ნაწილების წინსვლა, 1918 წლის 31 დეკემბრის 24 საათზე, სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის ბრძანებამ შეაჩერა.

1919 წლის თებერვალში გენერალი მაზნიაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა. ხელთ არსებული მცირერიცხოვანი ძალებით მან ვერ მოახერხა ე.წ „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობის შეიარაღებული ფორმირებებისა და ადგილობრივი სეპარატისტებისგან ახალციხის დაცვა, რის გამოც იგი გენერალმა კვინიტაძემ შეცვალა.

1919 წლის ზაფხულში გენერალ მაზნიაშვილის წინააღმდეგ, ახალციხის დაცემასთან დაკავშირებით, საქმე აღიძრა. თუმცა, სასამართლომ ერთწლიანი კვლევა-ძიების შედეგად გენერალი სრულიად გაამართლა. გამართლებისთანავე, გიორგი მაზნიაშვილი თბილისის სადარაჯო ათასეულისა და თბილისის გარნიზონის მეთაურად დაინიშნა.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, თბილისის დაცვისას, გენერალი მაზნიაშვილი ქალაქის თავდაცვის ცენტრალურ სექტორს მეთაურობდა. მის სექტორში, ქართულმა არმიამ ომის ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც 19 თებერვალს, რუსული 58-ე მსროლელი ბრიგადა თითქმის სრულიად გაანადგურა. ამ ბრძოლაში მოწინააღმდეგემ დაღუპულების სახით 500-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ტყვედ 1600-მდე რუსი სამხედრო ჩავარდა.

ოსიაურის ბრძოლის დროს, გიორგი მაზნიაშვილი ერთ-ერთ სექტორს, ხოლო მოგვიანებით ლიხის ქედის თავდაცვის მარჯვენა სექტორს მეთაურობდა. 10 მარტს, სენაკის მაზრაში, მდინარე ცივთან, გენერალმა მაზნიაშვილმა აფხაზეთიდან შემოჭრილი რუსული ძალების შეტევა მოიგერია, რითაც ქართულ ძალებს სამტრედიიდან გასვლა და საჯავახოს ხაზზე გამაგრების საშუალება მისცა. 1921 წლის 18-21 მარტს, გიორგი მაზნიაშვილმა, ქართული ჯარით, ბათუმი მოწინააღმდეგის ნაწილებისგან გაწმინდა. ბოლშევიკებმა ცნობა მიიღეს, რომ ოსმალთა სარდალს, ქიაზიმ ბეის, ესარგებლა შექმნილი ქაოსით და ბათუმში შემოჭრილიყო. ბოლშევიკებს რიცხვმრავალი თურქების განდევნა არ შეეძლოთ მაშველი ჯარის გარეშე, მაგრამ ორჯონიკიძემ გადადგა თავის სიცოცხლეში იქნებ ერთადერთი ჭკვიანური ნაბიჯი – შეხვდა საქართველოში დარჩენილ გიორგი მაზნიაშვილს და ოსმალთა წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ეგ არის, რომ ამ თხოვნაში მაინც გაურია ცბიერმა სერგომ ბოლშევიკური პათოსი: “თქვენ იცით, რომ კანონგარეშედ იყავით გამოცხადებული და ყველა კომუნისტს შეეძლო ადგილზევე დაეხვრიტეთ, მაგრამ მე არ მოგკლავთ, მენშევიკების გენერალო, ოღონდ იბრძოლეთ ბოლშევიკებთან ერთად!” პასუხი კი ისეთი აჯახა გიორგი მაზნიაშვილმა, როგორც ჭეშმარიტ ქართველს და ღირსეულ ვაჟკაცს ეკადრებოდა: “მე არც მენშევიკების გენერალი ვარ, არც ბოლშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ!”.


მოგვიანებით, პარიზის ბულვარებზე მოსეირნე ჟორდანიას მთავრობის წევრები  ბრალად წაუყენებენ უბადლო მამულიშვილს საქართველოს ღალატს და ბოლშევიკებთან “შეკვრას”, მაგრამ ბრმისთვისაც კი ნათელი იყო, რომ მაზნიაშვილს სამშობლოს ბედი აღელვებდა მხოლოდ და არა ორჯონიკიძესთან ალიანსი. …გადავიდა დასავლეთ საქართველოში, გულანთებული აჭარლები და გურულები შეჰყარა, ოსმალებს ეკვეთა და სამ დღეში ისე გაუხადა საქმე წარმატებით გაზულუქებულ ქიაზიმ ბეის, რომ თურქთა მეთაური ლამის დაჩოქილი ევედრებოდა – ოღონდ ერთი დღის სამყოფი პური და უკან დასახევი გზა მომეცი, ბათუმს ახლავე დავტოვებ და აქეთ აღარც მოვიხედავო…

 


საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი მაზნიაშვილი ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა და დივიზიას მეთაურობდა. 1921 წლის 6 სექტემბერს იგი ორი წლით, თბილისში, მეტეხის ციხეში დააპატიმრეს. 1923 წელს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად, დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი საზღვარგარეთ გადასახლებით შეუცვალეს, რის შემდეგაც იგი, რამდენიმე წლის განმავლობაში, ირანსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1925 წელს გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ცხოვრება მშობლიურ სოფელ სასირეთში გააგრძელა. 1937 წელს გენერალი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს.


გენერალი გიორგი კვინიტაძე მის შესახებ წერდა: „გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა, როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის“.

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge