22:51 06.04.2021
ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას შესახებ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი, „ქართული ოცნების“ გარეშე, შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, IRI-ის კვლევა იმ პერიოდშია ჩატარებული, როდესაც გახარია „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო და ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურს. გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პერმიერ მინისტრი იყო და მსგავს შემთხვევაში პარტიის რეიტინგები პერსონალურს ეხმარება.

 

 

„როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

წამყვანის კითხვაზე, ანუ, ფიქრობთ, რომ როდესაც გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაიზომება, გაცილებით მცირე იქნება? - კობახიძე პასუხობს: „ალბათ, ეს უნდა ვივარაუდოთ“.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის რეიტინგი პერსონალურ რეიტინგს განსაზღვრავს. თუმცა დაველოდოთ მომდევნო კვლევები, ის აჩვენებს ყველაფერს. დღეს არც არის ეს საკითხი აქტუალური, რადგან გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში დღეს არავითარი ფორმით არ არის ჩართული“, - აღნიშნა მან.

 

ამასთან, კობახიძემ უპასუხა წამყვანის კითხვას, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმების თაობაზე, თუ ვის შეუქმნის ის პრობლემებს ოპოზიციას, თუ ხელისუფლებას და აღნიშნა: „ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით“.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge