14:08 07.04.2021
საქართველოს წაშლილი ისტორია - რა ბედი ელის გელათის ტაძრის საუკუნოვან ფრესკებს

უკვე წლებია, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსი ყოველდღიურად ზიანდება. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ტაძრის დროებითი გადახურვაც, თავიდანვე შეცდომით იყო შესრულებული.


დღეს-დღეობით, ტაძარში საკმაოდ რთული მდგომარეობაა, თუნუქის სახურავი ფრესკების დაზიანების პროცესს ვერ აჩერებს. მოზაიკისა და მხატვრობის ნაწილი ჩამოშლილია, ნაწილს კი არასათანადო დაცვის გამო  მძიმე ბედი ელის

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო ერთი თვეა, სხვადასხვა რაოდენობის თანხას ითხოვს და აცხადებს, რომ დაშვებული ხარვეზების გამოსწორება სასწრაფოდ უნდა მოხდეს, რადგან, გელათი ნალექს ვეღარ გაუძლებს, სამუშაოების დაწყება კი, სამწუხაროდ,ჯერ კიდევ  ვერ ხერხდება.  

 

ფაქტია, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად და მის დასაცავად პროცესები წინ არ მიდის. კომპანია, რომელმაც სათანადო დროებითი გადახურვაც კი ვერ შეძლო, მხოლოდ 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე, გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გელათის მონასტერთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ადეკვატური და კომპეტენტური პასუხის გაცემა მოუწევს.

 

ფრესკები საკმაოდ მძიმედ არის უკვე დაზიანებული. მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ლამის 13-წლიანი, მრავალშრიანი და კომპლექსური პრობლემები. სწარაფად უნდა გამოსწორდეს იმიტომ, რომ გელათის გარეშე, არც ძლიერი საქართველო არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად უკვე რამდენჯერმე შეხვდა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს, რომელიც რესტავრაციის პროცესში საშემსრულებლო ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის გზების ძიების მიზნით შეიქმნა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილიჯორჯიან თაიმსთან საუბარში აცხადებს, რომ ძველისძველი ფრესკების დაკარგვისა და ამ მხრივ, მდგომარეობის გაუარესების რისკები ყოველდღიურად იზრდება.


ამაზე დიდებული ისტორიული ძეგლი მგონი არ აქვს საქართველოს. ეს არის ქართული ხმა მსოფლიო მრავალხმიანობაში. თანაც, ეს პროცესები წლებია, გრძელდება. ერთი შეცდომა გავიგეთ, მაგრამ, მუდმივად სხვა მიმართულებით მიდიოდე, -  გაუგებარი პროცესია.

 

პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეკისრება. ვერ აწიეს ეს მძიმე განძი და დაეპნათ. ერთადერთი გზა არის ის, რომ აღიარონ ეს უბედურება. ჩამოიყვანონ დამოუკიდებელი, უმაღლესი კლასისა და რეპუტაციის მქონე სიძველეების კონსერვატორები და რესტავრატორები. იმისათვის, რომ გამოსავლის გზა და სტრატეგია დადგინდეს, დიაგნოზი უნდა დაისვასთუ ესენი შინაურობაში ნაცნობ უცხოელებს ჩამოიყვანენ, ეს საქმეს ნამდვილად ვერ უშველის,“- აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

 

მისივე თქმით, არსებული სიტუაციის დროში გაწელვა ისევ ძეგლს დააზიანებს.

 

დროში გაწელვაც უბედურებაა, ვფიქრობ, ბიუჯეტი დროულად უნდა გამოიყოს. საელჩოები რისთვის არსებობს? ამ შემთხვევაში, მთავარია, იცოდე ვინ გჭირდება. ბოლოს და ბოლოს, ერთ კვირაში გასაკეთებელი საქმეა და  ამდენი წელი გაიწელა... ჩემი აზრით, სულ რაღაც 3-4 კაციანი ჯგუფი უნდა ჩამოიყვანო, მუშაობის ყველა პირობა შეუქმნა, ჰონორარი მისცე და დაადებინო დასკვნა. მერე სხვა ჯგუფს მისცეს საქმე, კონფერენციები ჩაატარო და აწონ-დაწონილი გეზი გამოკვეთო.  ამას კარგი მუშაობის დროს, მაქსიმუმ ერთი თვე დაჭირდება,“- აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

 

რა ზიანდება ყველაზე მეტად ტაძარში, რა პერიოდი დასჭირდება არსებული ხარვეზების გამოსწორებას და რაც, მთავარია როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?

 

ამ და სხვა საკითხებზე ჯორჯიან თაიმსს არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი ესაუბრა.

 

ამ დროისათვის აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად  მოლაპარაკებები და მსჯელობა მიმდინარეობს. ჩართულები არიან სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, სააგენტოსა და დარგის სპეციალისტებიხდება ჩამოყალიბება ზოგადად, თუ რა ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. კომპლექსურია ფერწერაც, ნალესობაც, გარე არქიტექტურა, კრამიტის გადახურვა. ის ჰიდროსაიზოლაციო სისტემა, რაც გელათისთვის გამოიყენეს, მისაღები არ იყო. ესეც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ნამდვილად რთული სიტუაციაა და დაკვირვება სჭირდება, რომ იგივე წრეზე არ წავიდეთ და ისევ ჩიხში არ მოვხვდეთ.

 

ვფიქრობ, ამისათვის უცხოელების ჩართვაა საჭირო, რადგან, გელთის ტაძარი იუნესკოს ძეგლია, მანვე უნდა გასცეს რეკომენდაციები. სახელმწიფომ შედეგ უკვე მათთან და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უნდა მოახერხოს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა,“- აღნიშნავს არქიტექტორ-რესტავრატორი.

 

მისი თქმით, მიზეზი შესაძლოა იყოს კრამიტი, ან ჰიდროსაიზოლაციო თანამედროვე მასალები, რომელიც ტაძრის გადახურვისთვისაა გამოყენებული.

 

როგორც რესტავრატორი, ვფიქრობ, რომ ნალესობის დაზიანება შესაძლოა არასწორი ჰიდროსაიზოლაციო სისტემის  გამო ხდება და თავისთავად, ფრესკაც ზიანდება. ეს არის უშუალოდ დასავლეთის მკლავის კამარაში არსებული მხატვრობის უბანი, რომელიც ბოლო პერიოდში, უფრო მეტად დაზიანდა და გამოაჩინა ის პრობლემები, რაც გადახურვასთან იყო  დაკავშირებული.


ამჟამად, დროებითი გადახურვაა და გამოშრობის პროცესია დაწყებული, რომელიც, კიდევ ცალკე დამატებით პრობლემაა. სველდება ერთია და გამოშრობა უკვე გამოფხვიერებასაც იწვევს.

 

უბრალოდ  მიხვალ სპეციალისტი და ვერაფერს ჩაატარებ, რადგან იუნესკოს დონის ძეგლია. ამიტომ, ყველა შემთხვევაში უცხოელების ჩართვაა საჭირო, ვისაც უშუალო გამოცდილება აქვს. გადახურვასთან დაკავშირებით კი, სწორი დაგეგმვა და მენეჯმენტია საჭირო. პარალელურად, უნდა მოხდეს როგორც ფრესკის გამაგრება,  ასევე, გადახურვის და საიზოლაციო ფენების გამოკვლევა-გამოსწორება.

 

სამწუხაროდ, ყველაფერი უთავბოლოდ არის გაკეთებული, პროექტირებიდან მოყოლებული, ფიზიკური სამუშოებით დამთავრებული და ზუსტად ეს არის პრობლემების მიზეზი,“- აცხადებს გოგოთურ მისრიაშვილი.

 

როგორც ის ჯორჯიან თაიმსთანგანმარტავს, საჭიროა მოზომილი და გააზრებული ქმედებები. უნდა განისაზღვროს, რა არის საჭირო, რომ კიდევ უარესად არ დაზიანდეს ძეგლი.

 

ფაქტობრივად, მინუსში ვართ. უნდა ამოსუფთავდეს კამარის თავი არქიტექტორ-რესტავრატორებთან და დარის სპეციალისტებთან ერთად. გამოკვლევაა საჭირო,- რომელი კრამიტია ნახმარი, მე როგორც ვიცი, ორნაირია.

 

გასარკვევია,  კრამიტი რა ხარისხისაა. ფაქტია, რაც ჩვენ ვნახეთ, ახალი თეთრი კერამიკა  იშლება, ახლა უკვე ამაზეც აღარ საჭირო ლაბორატორიული კვლევები, აშკარად ეტყობა, რომ დაზიანებულია და დროს ვერ გაუძლებს. ჩემი აზრით, კრამიტის ქვეშ მოწყობაცაა შესაცვლელი. ფატქობრივად, აპკშია ფერწერა და ეს იწვევს ყველაფერს. შესაძლოა, კრამიტი არ უშვებს, მაგრამ სწორედ ჰიდროსაიზოლაციო ფენებიზიანებს ამ ფრესკებს

 

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სააგენტოს ხელმძღვანელის დამსახურებაა, ვერ გაიაზრა, რა დონის პროექტთან ჰქონდა საქმე და არ ჩართო თავის დროზე უცხოელები.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იუნესკო ამ საქმეში იმ დონეზე არ არის ჩართული, როგორც უნდა იყოს. აუცილებელი იყო მათ ნუსხაში მყოფ ძეგლს მეტი ყურადღება დათმობოდა. სამწუხაროდ, ამ დონემდე ჯერ კიდევ ვერ მივედით,“- აცხადებს გოგოთურ მისრიაშვილი.

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge