15:51 07.04.2021
ჯო ბაიდენის პოლიტიკა უკრაინაში: გამეორება იმისა, რაც ჯორჯ ბუშმა გააკეთა საქართველოში?

აშშ-ის ჟურნალ «The National Interest»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯო ბაიდენის პოლიტიკა უკრაინაში: გამეორება იმისა, რაც ჯორჯ ბუშმა გააკეთა საქართველოში?“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინა-რუსეთის 2021 წლის დაპირისპირება და გავლებულია პარალელები  საქართველო-რუსეთის 2008 წლის დაპირისპირებასთან, რასაც აგვისტოს ომი მოჰყვა. სტატიაში განხილულია და ერთმანეთსაა შედარებული აშშ-ის მიერ საქართველოსთან მიმართებით შესრულებული როლი 2008 წელს და ის როლი, რომელსაც, სავარაუდოდ, აშშ 2021 წელს შეასრულებს უკრაინასთან მიმართებით (ავტორი - ტედ გალენ კარპენტერი, აშშ-ის კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჟურნალის რედაქტორი).

 

გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს მცირე შემოკლებით:

 

„ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია მთელი ძალისხმევით ცდილობს დაარწმუნოს უკრაინის მთავრობა, რომ აშშ და ნატო კიევს აუცილებლად დაეხმარებიან დონბასის პრორუს სეპარატისტებთან და თვით რუსეთთან დაპირისპირებაშიც კი. თეთრი სახლის პრეს-რელიზში დადასტურებულია, ორ აპრილს სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკის აღუთქვა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა „დონბასში და ყირიმში რუსეთის აგრესიის წინაშე“. იმავეს იმეორებენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი...

 

ასეთი კონფრონტაციული და დემონსტრაციული გამონათქვამები თავისთავად ძალზე საფრთხილოა. მით უმეტეს, მაშინ, როცა ამას ვაშინგტონი სეპარატისტებისა და უკრაინის არმიას შორის მომხდარი შეტაკებების ფონზე აჟღერებს. დღემდე 2020 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მეტ-ნაკლებად საკმაოდ კარგად მუშაობდა, მაგრამ ახლა დაძაბულობა ძლიერდება. დონბასში განახლებული შეტაკებების პასუხად მოსკოვმა უკრაინის საზღვართან დამატებითი საარმიო ქვედანაყოფები გადაისროლა. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა უკრაინის გასაფრთხილებლად განაცხადა, რომ თუ კიევი დონბასში ომს დაიწყებს, ამით უკრაინა საკუთარ თავს დაიღუპავს.

 

პოზიციები გამკაცრება ყველა მიმართულებით აშკარად შესამჩნევია. უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ ზაფხულში მის ტერიტორიაზე ერთობლივი უკრაინა-ნატოს სამხედრო სწავლებები გაიმართება, ხოლო კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ „ნატოს სამხედრო ქვედანაყოფების უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანა რუსეთს აიძულებს ზომები მიიღოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდად რისკავს, რომ ჯორჯ ბუშ-უმცროსის კატასტროფული პოლიტიკა გაიმეოროს: აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა აშშ-ის „ძვირადღირებულ მოკავშირეს“ წარმოადგენს და რომ ვაშინგტონი აუცილებლად დაეხმარება საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. მიხეილ სააკაშვილს ყველა საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ შემდეგი დასკვნა გაეკეთებინა: ვაშინგტონი მას მტკიცედ გაუწევდა მხარდაჭერას. სხვათა შორის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ თბილისს მილიონობით დოლარის იარაღი მიაწოდა და ქართული არმიის სამხედრო მომზადებაშიც კი მონაწილეობდა.

 

ჯორჯ ბუში და ამერიკის სხვა ხელმძღვანელები ხმამაღლა და გაუთავებლად აქებდნენ მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს დემოკრატიულ რევოლუციას. 2005 წლის მაისში თბილისში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველო „თავისუფლების გზის მანათობელ ვარსკვლავად“ შერაცხა და ქართველი თვითმარქვია დემოკრატები იმისთვის შეაქო, რომ მათ მსოფლიოს „სამაგალითო ფერადი რევოლუცია“ აჩვენეს.

 

ამრიგად, ჯორჯ ბუში თვლიდა, რომ ქართველები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდნენ: „თქვენი გაბედულება სამაგალითოა სხვა დემოკრატი რეფორმატორებისთვის, თქვენ იძლევით სიგნალს მთელი მსოფლიოსათვის: თავისუფლება - დედამიწის ყოველი ქვეყნის, ყველა ხალხის მომავალია...“. მან შეცდომით დაამატა, რომ „საქართველო ისეთ დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს, სადაც უმცირესობის უფლებები დაცულია, სადაც თავისუფალი პრესა ყვავის, სადაც ხელისუფლება მიესალმება აქტიური ოპოზიციის არსებობას და სადაც მოსახლეობის ერთიანობა მშვიდობიანი გზით არის უზრუნველყოფილი“.

 

ჯორჯ ბუში ასევე დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ ნატოელი მოკავშირეები საქართველოსა [და უკრაინის] ალიანსში მიღებაზე დათანხმებულიყვნენ. მართალია, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის შედეგად პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჩანაფიქრი ვერ შეისრულა, მაგრამ აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაიჯერა: მოსკოვსა და თბილისს შორის ღია შეტაკების შემთხვევაში ნატო [მხარს საქართველოს დაუჭერს] და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმება. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ლიდერმა დაიწყო შეტევა  ქვეყნის მთავრობის კონტროლიდან გასული სეპარატისტული პროვინციის - სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან რუსული სამშვიდობო ძალების დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. თბილისის მოქმედების საპასუხოდ მოსკოვმა მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო, რუსეთის არმიის ნაწილებმა მოკლე დროში დაიკავეს საქართველოს რამდენიმე მსხვილი ქალაქი და თბილისის გარეუბნებს მიუახლოვდნენ.

 

ქართველთა იმედები, რომ ვაშინგტონის სიტყვიერი ქება-დიდება „დემოკრატი მეგობრის“ მისამართით პრაქტიკული დახმარებით განმტკიცდებოდა და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმებოდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. როცა სამხედრო მოქმედებების დაწყებისას ჯორჯ ბუშმა მიხეილ სააკაშვილს დაურეკა, საქართველოს პრეზიდენტმა მას მოუწოდა მეგობარი დემოკრატიული ქვეყანა რუსეთის წინაშე ბედის ანაბარად არ მიეტოვებინა. თავის მხრივ, ჯორჯ ბუშმა მას კვლავ განუცხადა, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა, მაგრამ სამხედრო დახმარების გაწევაზე არაფერი უთქვამს, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ მრავალჯერადი [ზეპირი] მხარდაჭერის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა არ მოისურვეს კონფრონტაცია და რისკზე წასვლა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსთან ნაკლებად ცნობილი ტერიტორიული დავის გამო. აშშ-ისა და ნატოს ჯარები ყაზარმებში დარჩნენ, მიხეილ სააკაშვილი კი საბოლოოდ იძულებული გახდა დამამცირებელ სამშვიდობო ზავზე დათანხმებულიყო, რის შედეგად სამხრეთ ოსეთი და კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი უკვე მტკიცედ აღმოჩნდნენ რუსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ.

 

აშკარად შეიძლება გაივლოს პარალელები აშშ-ის მხრიდან უკრაინის დღევანდელი შეგულიანება-წაქეზებასა და ჯორჯ ბუშის მიერ საქართველოსთან მიმართებით დაშვებულ შეცდომებს შორის. ეს ყველაფერი შეშფოთებასა და შიშს იწვევს. გავიხსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინის მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გააფრთხილა დასავლეთი, რომ უკრაინის ნატოს სატელიტად გადაქცევის მცდელობები რუსეთის უსაფრთხოებისათვის „წითელ ამკრძალავ ხაზს“ წარმოადგენს. 2014 წელს, როცა დასავლეთმა კიევში მაიდნის დემონსტრანტებს დახმარება გაუწია უკრაინის პრორუსი პრეზიდენტის [ვიქტორ იანუკოვიჩის] დამხობასა და პროდასავლური რეჟიმის დამყარებაში, კრემლმა საპასუხოდ ყირიმის ანექსია მოახდინა. ეს დასავლეთისთვის მკაფიო სიგნალი უნდა ყოფილიყო...

 

მაგრამ, როგორც ჩანს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, რომ ახალი შეცდომები დაუშვას და წინამორბედივით მარცხი განიცადოს. ასეთმა მიდგომამ შეიძლება ორ შედეგამდე მიგვიყვანოს: პირველი ცუდი იქნება, მეორე კი საშინელი. ყველაზე სავარაუდო იქნება ქართული სცენარის გამეორება, როცა უკრაინა, რუსეთთან კონფრონტაციაზე ვაშინგტონის მიერ წაქეზებული, დაიჯერებს, რომ ამერიკის დახმარება მას გარანტირებული აქვს და ამ დროს გამანადგურებლად და დამამცირებლად დამარცხდება, აშშ-ის ლიდერები კი, თავიანთი რიტორიკისა და პოზირების მიუხედავად, მაინც კეთილგონიერებას გამოიჩენენ და  რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაებმებიან.

 

მაგრამ მეორე შედეგი უფრო უარესია: არის იმის საფრთხე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცდება შეასრულოს თავისი ფარული ვალდებულება უკრაინის წინაშე და რუსეთის უშუალო მეზობლად დაწყებულ კონფლიქტში ჩაერიოს. ეს იქნება არნახული სისულელე, რადგან ყველაფერი შეიძლება ბირთვული ომით დასრულდეს. და თუ გავითვალისწინებთ იმ გაშმაგებულ მტრობას, რასაც თეთრი სახლი და ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტა ამჟღავნებს მოსკოვთან მიმართებით, ამის ალბათობა არ უნდა გამოვრიცხოთ.

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას უკრაინასთან ურთიერთობაში: ვაშინგტონი კიევს აძლევს ისეთ დაპირებას უსაფრთხოების სფეროში, რისთვისაც ამერიკა ძვირ ფასს გადაიხდის“.

 

წყარო: https://nationalinterest.org/blog/skeptics/joe-biden%E2%80%99s-ukraine-policy-repeat-george-w-bush-georgia-182036

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge