17:03 07.04.2021
როგორ დაიპყრო ქართველმა დიპლომატმა იაპონელთა გულები - The Japan Times

იაპონურმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა „ჯაპან თაიმს“-მა («The Japan Times») 5 აპრილს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „როგორ დაიპყრო ქართველმა დიპლომატმა იაპონელთა გულები“. მასში გადმოცემულია იაპონიაში საქართველოს ელჩთან - თეიმურაზ ლეჟავასთან დაკავშირებული ისტორია - თუ როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდა (და აქვს) ქართველ დიპლომატს იაპონელებთან, უფრო ზუსტად კი ერთ-ერთ ჰიროშიმელ იაპონურ ოჯახთან ჯერ კიდევ 1992 წლიდან...

 

აღსანიშნავია, რომ სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჰიროშიმას პრეფექტურის იაპონურენოვან გაზეთ „ტიოკოგუ სიმბუნ“-ში, შემდეგ კი ინგლისურ ენაზე ითარგმა და „ჯაპან თაიმს“-ში დაიბეჭდა.

 

სტატიის დასაწყისში ნათქვამია, რომ საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა „ამომავალი მზის ქვეყანაში“ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას ტვიტერში 40 ათასი იაპონელი ხელმომწერი ჰყავს, იგი მოხერხებულად იყენებს იაპონური ენის ცოდნას, იაპონურ ჩვევებს და უნიკალურ პიარ კამპანიას ეწევა თავისი სამშობლოს სასარგებლოდ.

 

„ევროპასა და აზიას შორის მდებარე კავკასიის მთებში მდებარე საქართველს ბუნება ძალზე მდიდარია. ასევე მრავალფეროვანია მისი კულინარული კულტურაც, რამაც ქვეყანას ტურისტებში პოპულარობა მოუტანა. 2019 წლის აგვისტოდან - მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ლეჟავა ელჩად დაინიშნა, იგი აქტიურად წერს ტვიტერში საქართველოს შესახებ იმ მიზნით, რომ მისი სამშობლო რაც შეიძლება მეტმა იაპონელმა გაიცნოს. ელჩის პოპულარობა განსაკუთრებით  გაიზარდა 2019 წლის დეკემბერში, როცა მან გამოაქვეყნა ფოტოსურათი იმისა, თუ როგორ მიირთმევს ქართულ ტრადიციულ ეროვნულ კერძს - შქმერულს...

 

32 წლის დიპლომატი, რომელიც თავის თავს სიამაყით  „ჰიროშიმანსს“ (ანუ „ჰიროშიმელს“) უწოდებს, პირველად იაპონიაში 1992 წელს - საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა მშობლებთან ერთად და ოთხი წელი ჰიროშიმას პრეფექტურაში გაატარა (მთლიანობაში კი იაპონიაში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობს). თეიმურაზ ლეჟავა მუდმივ მოვალედ გრძნობს თავს ადგილობრივი ჰიროშიმელი ექიმის მიმართ, რომელიც მას მოუყვა, თუ როგორ გადაურჩა ატომურ დაბომბვას 1945 წელს. ახლა, როცა იმ ტრაგედიიდან 76 წელი შესრულდება, თეიმურაზ ლეჟავა ჰიროშიმაში ჩასვლას გეგმავს...

 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თეიმურაზ ლეჟავას მამამ - ალექსანდრე ლეჟავამ, მოსკოვში ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს იაპონელი გენეტიკოსი, ჰიროშიმელი ტეცუზი კატოდანი გაიცნო. ტეცუზი ლექციების წასაკითხად თბილისში მიიწვიეს. ქართველმა მასპინძელმა იაპონელ სტუმარს თავისი ოჯახი გააცნო. 1992 წელს კი ალექსანდრე ლეჟავა ეწვია ტეცუზი კატოდანს იაპონიაში, სადაც ოჯახით ოთხი წელი დარჩა... ქართველი სტუმრის ოჯახი იმდენად დაუახლოვდა იაპონელ მასპინძელს - ტეცუზის და მის ცოლს, იასუეს, რომ ისინი ყოველდღე ერთად სადილობდნენ. „მე სკოლისთვის ტეცუზი და მისი ცოლი მამზადებდა, ყველაფერს ისინი ყიდულობდნენ - სასკოლო ჩანთით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული“, - იხსენებს თეიმურაზ ლეჟავა.

 

საქართველოში დაბრუნებულმა თეიმურაზ ლეჟავამ თბილისის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ისევ იაპონიას მიაშურა და სწავლა ჰიროშიმას უნივერსიტეტში განაგრძო. მოგვიანებით იგი იბარაკის პრეფექტურაში, ქალაქ ცუკუბაში გადავიდა, შემდეგ კი აშშ-ის ოაჰაიოს შტატში, დაბრუნდა ტოკიოში, მუშაობდა კვების პროდუქტების იაპონურ კომპანიაში...  2015 წელს კი იგი საქართველოში დაბრუნდა. სწორედ თბილისში წამოსვლის წინ მოინახულა მან ტეცუზი კატოდანი, რომელიც მას 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური დაბომბვის შესახებ მოუყვა: იმ დღეს იგი, ჰიროშიმის სკოლის მოსწავლე, სამობილიზაციო კანონის შესაბამისად, მორიგე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტეცუზი მორიგეობიდან გათავისუფლდა და სახლში დარჩა. ატომური ბომბი როცა აფეთქდა, სკოლა მის ეპიცენტრში მოექცა. ჰიროშიმის მცხოვრებლებთან ერთად, ტეცუზის სკოლის 369 მოსწავლეც დაიღუპა. დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ ტეცუზიმ თავისი სკოლის ნანგრევები მოინახულა და ეს საშინელება სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში...

 

თეიმურაზ ლეჟავას სამშობლომ - საქართველომაც გადაიტანა ომის საშინელება, როცა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გამო რუსეთთან სამხედრო შეტაკება მოუხდა. მომავალი ელჩი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა და მძიმე სიტუაციის მომსწრე გახდა. „ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას“, - ამბობს თეიმურაზ ლეჟავა.

 

ჰიროშიმას ტრაგედია 76 წლის წინ მოხდა. ჩვენ მუდამ ზად უნდა ვიყოთ, რომ ომები და კონფლიქტები აღარ განმეორდეს“, - მტკიცედ ამბობს ქართველი დიპლომატი, რომელიც ჰიროშიმას მემორიალურ მუზეუმს უნდა ეწვიოს ტეცუზი კადოტანთან ერთად.

 

„ელჩის რანგში მე ჩემი ბაბუა, კადოტან-სანი ჯერ არ მინახავს. მას ჩემი მეუღლე და შვილები უნდა გავაცნო“, - ამბობს ქართველი დიპლომატი.

 

წყარო:

https://www.japantimes.co.jp/news/2021/04/05/national/hiroshima-georgia-diplomat/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge