დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა და მონტრეს კონვენციის ბედი 09.04.2021 16:16

თურქული გაზეთი „მილიეთი“ («Milliyet») სტატიაში „რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა და მონტრეს კონვენციის ბედი“ ყურადღებას აქცევს შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილ სიტუაციას, რომელიც ბოლო დღეებში მკვეთრად გამწვავდა რუსეთ-უკრაინის კონფრონტაციის გამო დონბასთან მიმართებით.

 

პუბლიკაციაში ბევრი კითხვაა დასმული: ჩაერევა თუ არა ნატო და აშშ რუსეთ-უკრაინის სავარაუდო კონფლიქტში? რას ნიშნავს რუსეთის გართხილება ნატოს მიმართ: „ნუ გაგხვდით იძულებულს დამატებითი ზომები მივიღოთ“? რა როლის შესრულება შეუძლია მონტრეს კონვენციას სრუტეების შესახებ დღევანდელი სიტუაციის ფონზე?


სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე საკმაო გამოცდილება აქვს ბოსფორ-დარდანელის სრუტეებისა და შავი ზღვის აკვატორიის „ათვისებაში“, ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კრიზისიდან. „აშკარაა, რომ ვაშინგტონს თავისი ინტერესები აქვს: არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ რუსეთთან დაკავშირებითაც. ჩვენ აშშ-ის მუდმივი ანგარიშების მოწმენი ვართ: როგორც ყოველთვის, ამერიკა ცდილობს „ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელი მოკლას“.


გაზეთი ესაუბრება სტამბოლის უნივერსიტეტის დოქტორს, გადამდგარ გენერალს ნაიმ ბაბიუროღლუს, რომელიც კომენტარს უკეთებს შავი ზღვის რეგიონში შექმნილ სიტუაციას:


„ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, რომ უკრაინის პრობლემა სათავისოდ გამოიყენოს, თურქეთი და რუსეთი ერთმანეთს დააშოროს. ვაშინგტონი ესწრაფვის რუსეთის გავლენის შემცირებას შავი ზღვის რეგიონში, მაგრამ როგორ? როგორ და იმით, რომ რეგიონი, აშშ-ის ხელშეწყობით, მუდმივად კონფლიქტების ზონა გახდება, შესაბამისად, რუსეთი მუდმივად იქნება დაკავებული კრიზისებით. მაგრამ ამერიკას თავისი მიზნების მისაღწევად მარმარილოს ზღვაც დაჭირდება, ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით სარგებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკამ თავისი გეგმის რეალიზებისათვის მონტრეს კონვენციას გვერდი უნდა აუაროს.


საქართველო-რუსეთის კრიზისის დროს, 2008 წლის ზაფხულში, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შეყვანა განიზრახა, თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკის გემების გატარებაზე ბოსფორისა დადარდანელის სრუტეებში. ახლა ვაშინგტონი ფიქრობს, რომ რადგანაც თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში (თურქეთი აღიარებს ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ), შესაძლოა ანკარამ თავისი პოზიცია შეარბილოს: მონტრეს კონვენციის მოთხოვნებზე თვალი დახუჭოს და ამერიკის გემებს სრუტეებში გასვლის ნება მისცეს, რითაც ვაშინგტონს, თავისი მოკავშირეების - ბულგარეთ-რუმინეთ-საქართველოს დახმარებით, შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ფლოტზე ბევრად მეტი ხომალდები ეყოლება. მაგრამ მონტრეს კონვენციის გვერდის აცვლა საშიშია როგორც თურქეთისათვის, ასევე შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებისთვისაც. არაა გამორიცხული, რომ შავ ზღვაში სამხედრო ძალების კონცენტრაციამ არასახარბიელო შედეგები გამოიწვიოს. თურქეთმა უნდა დაინახოს ეს ხაფანგი და არცერთ სხვა ქვეყანას სრუტეების გასაღები ხელში არ უნდა ჩაუგდოს.


კითხვა: ჩაერევა თუ არა ნატო ამ სიტუაციაში? რამდენად სავარაუდოა ასეთი ვერსიის რეალიზება?


ნაიმ ბაბიუროღლუ: ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლში ჩაწერილია, რომ ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. რასაკვირველია, ეს ეხება მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებს. უკრაინა ნატოს წევრი არ არის, ის მხოლოდ პარტნიორია, პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე და არა როგორც ალიანსის მოკავშირე. ამიტომაც ისევე როგორც 2014 წელს ნატომ ვერ მოახერხა რუსეთისათვის ყირიმის ანექსიის საკითხში ხელის შეშლა, სიტუაციაში პრაქტიკული ჩარევა, ასევე ახლაც ხელს ვერ შეუშლის, რეალურად ვერ ჩაერევა. ამ შემთხვევაში ალიანსს მხოლოდ ზოგიერთი დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმებით სარგებლობა შეუძლია. მაგრამ თვითონ ამერიკას, თუ ვაშინგტონი მოისურვებს, ლონდონთან და სხვებთან ერთად, კიევისათვის დახმარების გაწევა შეუძლია. მაგრამ ვიმეორებ, ეს ნატოს ეგიდით შეუძლებელია“.


პუბლიკაციის დასასრულს გადმოცემულია გაზეთის დასკვნა: „ერთი სიტყვით, აშშ-ის მიერ გამოხატული „გულშემატკივრობის“ მიღმა სრულიად კონკრეტული და სიღრმული ინტერესები იმალება: ისარგებლოს უკრაინის კრიზისით, ზეწოლა მოახდინოს ნატოს სხვა წევრებზე, მათ შორის გერმანიაზეც, რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლის მიზნით, ერთმანეთს დააშოროს რუსეთი და თურქეთი და შავი ზღვა კონფლიქტის ზონად გადააქციოს“.


წყარო: https://www.milliyet.com.tr/yazarlar/tunca-bengin/rusya-ukrayna-gerilimi-ve-montro-hesaplari-6476356


მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ