დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

შედეგი სხვა არაფერი იქნება, თუ არა ქვეყნის საბოლოოდ დაქცევა - დავით ზარდიაშვილი 12.04.2021 12:41

ხელისუფლების შეფასება, რომ საერთაშორისოდ ლეგიტიმურად აღიარებული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე წარმოქმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისი - ხელოვნურია, უდავოა, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ქვეყანაში ხელოვნურ კრიზისთან ერთად, არსებობს „ბუნებრივი“ და საკმაოდ მძაფრი კრიზისიც, რაც „ნამახვანის ინცინდენტად“ უნდა მოვიხსენიოთ.

 

"ისიც უეჭველია, რომ მსგავსი ხელოვნური კრიზისი, ვინაიდან მისი გადაწყვეტის რაიმე კონსტიტუციური გზა, თუკი ექსტრემისტული მიზანი - რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მიაღწიონ ხელისუფლების შეცვლას (რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა - სინამდვილეში, პოლიტიკური შინაარსით - კანონიერად არჩეული ხელისუფლების „გადადგომის“ მოთხოვნაა), დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, ე.ი. პარლამენტის და ავტომატურად, სახელმწიფოს საბოტაჟი უპირობოდ არ შეწყდება, არ არსებობს და ამიტომაც, იგი განსაკუთრებით საშიშია: მოვლენათა არაკონსტიტუციური განვითარების თვალსაჩინო და არსებითი რისკის გამო.


ქვეყანაში ამ ხელოვნურ კრიზისთან ერთად, არსებობს „ბუნებრივი“ და საკმაოდ მძაფრი კრიზისიც, რაც „ნამახვანის ინცინდენტად“ უნდა მოვიხსენიოთ. ეს კრიზისი ასახავს ფუნდამენტურ წინააღმდეგობებს და გადაუჭრელ პრობლემებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს ამ ეტაპზე გვაქვს; უწინარეს ყოვლისა, აშკარაა, რომ ხელისუფლებისა და იმ სამოქალაქო აქტივისტების, ვინც ნამახვანჰესის მშენებლობას კატეგორიულად აპროტესტებს, მიერ ეროვნული ინტერესების ხედვა ურთიერთსაპირისპიროა; ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ეს კრიზისი არ არის მხოლოდ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დისკომუნიკაციის შედეგი, არამედ რამდენიმე ფუნდამენტურად მოუწესრიგებელ, სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის, პრობლემას უკავშირდება, კერძოდ:


ა) ეროვნულ დონეზე ამა თუ იმ დარგობრივი პოლიტიკის (ამ შემთხვევაში საუბარია ენერგეტიკულ და ცხადია, ამავდოულად, ასევე, სულ ცოტა - გარემოსდაცვით პოლიტიკაზე.) დაგეგმვის და განხორციელების არა სისტემურობა, რაც ამ პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებს, მის მისაღწევად საჭირო საერთო-ეროვნული ამოცანების, პოლიტიკის რეალიზაციის გზების, ასეთი პოლიტიკის შესაძლებლობებისა და რისკების შეფასების, პოლიტიკის განსახორციელებლად აუცილებელი რესურსების და სხვ. და სხვ. ობიექტურად და რაციონალურად, იმთავითვე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, განსაზღვრისა და მკაფიოდ წარდგენის მწყობრი სისტემის არარსებობას აღნიშნავს; ასეთი სისტემის ჩამოყალიბების გარეშე კი საერთოდაც შეუძლებელია „მტყუან-მართლის“ ობიექტურად გარჩევა;


ბ) ქვეყანაში მიწის (ავტომატურად, ასევე სხვა ბუნებრივი რესურსებისაც - წყალის, წიაღის, ტყის) საკითხის ფუნდამენტურ მოუწესრიგებლობას: დამოუკიდებლობიდან 30 წელი გავიდა და ქვეყანას არა აქვს მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის რაიმე მოწესრიგებული, რაციონალური და სამართლიანი, სისტემა. არა აქვს მიწის მართვის რაიმე მწყობრი პოლიტიკა არც ეროვნულ და განსაკუთრებით, მით უფრო - არც მუნიციპალურ დონეებზე. ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რაც ნებისმიერი ერისა თუ საზოგადოების ცივილიზებულობის ელემენტარული პირობაა, რომ ერთი-მეორისგან ადექვატურად და სამართლიანად გაგვემიჯნა სახელმწიფო, მუნიციპალური, სათემო და კერძო მიწათმფლობელობა, ვერც იმას, რომ გვქონოდა მიწათსარგებლობის საყოველთაოდ სავალდებულო, მიუხედავად მესაკუთრე სუბიექტისა, მკაფიო ნორმები და წესები; შედეგი სავალალოა - უმსხვილესი მიწათმფლობელი ქვეყანაში არის კვლავაც სახელმწიფო, რომელსაც ლენინის დეკრეტით, მსოფლიო ისტორიაში მიწის უპრეცენდენტო ექსპროპრიაციის შედეგად, მემკვიდრეობით მუქთად და აბსოლუტურად უსამართლოდ ერგო და დღემდე ეროვნული, მუნიციპალური თუ სათემო ინტერესების შეუსაბამოდ, ამა თუ იმ მთავრობის შეხედულებისამებრ, შეუზღუდავად და განუკითხავად განკარგავს ამ უმთავრეს საქვეყნო რესურსს;


გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ჯერ კიდევ სისტემურ გაუმართაობას; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონსტიტუცია ევროპაში და ალბათ მსოფლიოშიც, ერთ-ერთი საუკეთესოა და პრაქტიკულად სრულად ასახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ძირეულ პრინციპებს და კონსტიტუციურ გარანტიებს, ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში გვქონდეს სახელმწიფოსგან გამიჯნული მუნიციპალური პოლიტიკა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურადაც - ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი იყოს არა ცენტრალური მთავრობის, არამედ - საკუთარი მოქალაქეების, ადგილობრივი მუნიციპალური თანასაზოგადოების, თითოეული საქალაქო თუ სასოფლო თემის წინაშე.


აი, ეს - სწორედ ეს ბუნებრივი კრიზისია გადასაწყვეტი, რასაც სულ ცოტა, სამი მიმართულებით (პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელების სისტემურობა, მიწის ფუნდამენტური რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის გამართვა) ფუნდამენტური მოუწესრიგებლობა განაპირობებს. ეს უნდა იყოს ქვეყნის ერთადერთი დღის წესრიგი, თუკი ერად და სახელმწიფოდ ყოფნა გვსურს და არა ძალაუფლებისთვის წესების გარეშე ბრძოლა, რისი შედეგი სხვა არაფერი იქნება, თუ არა ქვეყნის საბოლოოდ დაქცევა,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ