დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ცრუ ინფორმაციები თურქეთის წინააღმდეგ - Neues Deutschland 12.04.2021 14:00

გერმანულ გაზეთ „ნოიეს დოიჩლანდ“-ში («Neues Deutschland») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ცრუ ინფორმაციები მეზობელი თურქეთის წინააღმდეგ“, რომელშიც საუბარია ქართულ მასმედიაში გავრცელებული ზოგიერთი მასალის ანტითურქულ ხასიათზე.

 

მასალის ავტორია დენეს ეგერი, რომელსაც პოლიტოლოგიური განათლება ბერლინის, ბრემენისა და სტამბოლის უნივერსიტეტებში მიუღია და თავის სტატიებში მხარს უჭერს თურქეთის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას და იმავდროულად „ამხელს“ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასმედიაში გამოქვეყნებული მასალების ანტითურქულ მიმართულებას.

 

გთავაზობთ „ნოიეს დოიჩლანდ“-ის პუბლიკაციის შინაარსს:

 

სტატიის ავტორი ეხება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებებს, რომელიც ხშირად გამოდის ტელეარხ „ობიექტივის“ ეთერში და „საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ თურქულ ექსპანსიაზე“ ლაპარაკობს. ავტორი პატრიოტთა ალიანსს პრორუსულ პარტიად თვლის და ხაზს უსვამს, რომ პარტიის თანადამფუძნებელი დავით თარხან-მოურავი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ რაღაც“შეთქმულების თეორიები“ არ გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ. ამას წინათ მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთს საქართველოდან საღი ბოსტნეული (პომიდორი, კარტოფილი) მიაქვს და სამაგიეროდ საქართველოში უხარისხო კვების პროდუქტები შემოაქვს.

 

საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოში არსებობს ინტერნეტ-პორტალი „სიცრუის დეტექტორი“, რომელიც ცდილობს წინ აღუდგეს და ამხილოს ამგვარი „ფეიკი, არასწორი, ტყუილი ინფორმაციები“. მაგალითად, სიცრუის დეტექტორმა“ ამხილა თურქეთის წინააღმდეგ მიმართული სიცრუე, რომ ვითომდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე თურქული არმიის ქვედანაყოფები განლაგდებიან, რომ ვითომდა თურქეთი საქართველოს საზღვრისპირა რეგიონის - აჭარის ანექსიას ცდილობს, რომ თითქოსდა მუსლიმანური თურქეთი ქრისტიანულ საქართველოს ემუქრება და ა.შ.

 

როგორც „ნოიეს დოიჩლანდ“-ის სტატიიდან ჩანს, ავტორი ესაუბრება თბილისში არსებული რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს, რომელიც თბილისისა და ანკარის უნივერსიტეტებში სწავლობდა. მისი თქმით, საქართველოში ანტითურქული ამბების გავრცელების უკან რუსეთი დგას: „რუსეთის ისტორიული ინტერესები და მეთოდები არ შეცვლილა - მოსკოვი კვლავ იმპერიალისტური კონცეფციის მიხედვით მოქმედებს: «Divide et impera!» - „გათიშე და იბატონე“.

 

ზურაბ ბატიაშვილი იხსენებს, თუ როგორ გაავრცელა 2019 წელს პატრიოტთა ალიანსმა დეზინფორმაცია, რომლის თანახმად, 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ამ დოკუმენტს მოქმედების ვადა გასდის და შესაბამისად, თურქეთი აჭარაზე კონტროლს დაიბრუნებსო. არადა, ყარსის ხელშეკრულება უვადოა. პატრიოტთა ალიანსი თავის პოლიტიკას „შეთქმულების თეორიის“ მიხედვით ატარებს: აღვივებს რა ნატოს წევრი თურქეთის წინააღმდეგ განწყობებს, აღნიშნული პარტია დასავლეთის წინააღმდეგაც გამოდის.

 

თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი ცდილობს გაანეიტრალოს პატრიოტთა ალიანსისა და სხვების მიერ გავრცელებული ანტითურქული ინფორმაციები. ამასთან, იგი არ თვლის, რომ ანტითურქული კამპანიის უკან რუსეთი დგას: ელჩი ვარაუდობს, რომ მასალები ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებული წყაროების ხელშეწყობით ვრცელდება.

 

დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ზურაბ ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო - თურქეთის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება: „თურქეთი უკვე მრავალი წელია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, თურქეთში ათასობით საქართველოს მოქალაქე მუშაობს. პატრიოტთა ალიანსი ამგვარი სტრატეგიით ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობს. თურქეთისთვის საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებთანაც ანკარას არავითარი კონფლიქტი არ აქვს“. და ბოლოს, როგორც „სიცრუის დეტექტორი“ იტყობინება, „საქართველო თურქეთში საერთოდ არ ახდენს თავისი ბოსტნეულის - პომიდვრებისა და კარტოფილის ექსპორტს“.

 

წყარო: https://www.neues-deutschland.de/artikel/1150630.fake-news-gegen-den-nachbarn-tuerkei.html

 

მოამზადა სიმონ კილაძე

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ