13:59 12.04.2021
როდის შეიძლება აღდგეს ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის

რუსეთის გაზეთ „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») 12 აპრილის ნომერში დაბეჭდილია ინტერვიუ გრიგორი კარასინთან სათაურით „ჩვენი ინიციატივით რაიმე შეზღუდვა არ ხდება და არც შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ ვსარგებლობთ“, რომელშიც იგი ჟურნალისტ ელენა ჩერნენკოს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს შესახებაც ესაუბრება. აქვე ვიტყვით, რომ ცოტა ხნის წინათ გრიგორი კარასინი ფედერაციის საბჭოში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა - საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- გააგრძელებთ ამჟამინდელ როლში საქართველოსთან მოლაპარაკებას? რა გეგემები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

 

- ის დავალება და უფლებამოსილება, რომელიც კონტაქტების გაგრძელებას ითვალისწინებს საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელთან რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, ჩემთვის არავის მოუხსნია. ჩვენ ამ ერთობლივ მუშაობას 2012 წლიდან ვახორციელებთ და მას სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროებში პრაქტიკული სარგებლობა მოაქვს, თუმცა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა და თვით საქართველოში მიმდინარე ხისტი შიდაპოლიტიკური ბრძოლის გამო, [ერთობლივი მუშაობა] დროდადრო საკმაოდ რთული ხდება ხოლმე. პანდემიამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ 2020 წელს ერთმანეთს პირადად შევხვედროდით, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებდით მუშაობას ონლაინ-ფორმატით და იმედი გვაქვს, რომ ერთმანეთს ისევ შევხვდებით.

 

- როდის შეიძლება აღდგეს ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის?

 

- ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. საქართველოში რადიკალური მყვირალების მოქმედების გამო ამ საკითხს გაურკვევლობა ემატება. გავიხსენოთ ამასწინანდელი შემთხვევა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად უმსგავსი ინციდენტი იყო. ამავე დროს ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გავიგონეთ საქართველოს პრემიერის დაბალანსებული და [დამგმობი] განცხადება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

 

- როგორ არის საქმე 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზების შესახებ, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებასა და ვაჭრობის მონიტორინგს ითვალისწინებს?

 

- მუშაობა გრძელდება. ტარდება შეხვედრები ერთობლივი კომიტეტის ჩარჩოებში, აგრეთვე მოუგვარებელ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. რუსეთი განწყობილია კონტრუქციული თანამშრომლობის გასაგრძელებლად იმ მიზნით, რომ შეთანხმება რაც შეიძლება მალე ამუშავდეს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს სურვილს.

 

წყარო:  https://www.kommersant.ru/doc/4770374


მოამზადა - სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge