დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ვლადიმერ პუტინი უკრაინას ისევ ომით ემუქრება - უცხოური პრესა 12.04.2021 14:14

ერთ-ერთი ამერიკული წამყვანი გაზეთის - „ვაშინგტონ პოსტ“-ის («The Washington Post») სარედაქციო კოლეგიამ გამოქვეყნა სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინი უკრაინას ისევ ომით ემუქრება. დასავლეთი პასუხისათვის მზად უნდა იყოს“. 

 

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

 

რედაქციის აზრით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტის ზონაში ბოლო დრეების განმავლობაში მომხდარი სიტუაციის ესკალაცია საკმაოდ ცნობილ ტაქტიკას წარმოადგენს, როცა „ხელისუფლებას მოსახლეობის ყურადღების სხვა პრობლემაზე გადატანა სურს“. ვლადიმერ პუტინი ცდილობს რუსული საზოგადოების ყურადღება მოადუნოს, რადგან მოსახლეობაში მატულობს უკმაყოფილება ეკონომიკის სტაგნაციისა და კორონავირუსის პანდემიაზე მთავრობის არაეფექტური რეაგირების გამო. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თავმოყვარეობა ალექსი ნავალნის მიერ მამხილებელი მასალების გამოქვეყნებით შეილახა (გავიხსენოთ ფილმი „გელენჯიკის სასახლის“ შესახებ) და თუ ამას დავამატებთ ჯო ბაიდენის რემარკს, რომ იგი თავის რუს კოლეგას მკვლელად მიიჩნევს, მაშინ გასაგები იქნება პუტინის განზრახვა - ისეთი რამ გააკეთოს,  საზოგადოებას სულ სხვა საფიქრებელი ჰქონდეს...

 

ამასთან, როგორც“ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგია წერს, რუს და უკრაინელ ანალიტიკოსებს ეჭვი შეაქვთ იმაში, რომ ვლადიმერ პუტინს მართლაც სურს ომის დაწყება და ამისთვის რეალურად ემზადება. თუმცა, ცხადია, ამის სრულებით გამორიცხვაც არ შეიძლება: „შესაძლოა რუსეთის ლიდერი იმისთვის ისწრაფვის, რომ უკრაინის არმიას ცხვირი სწრაფად გაუტეხოს და სისხლი მოადინოს, შემდეგ კი თავის უკრაინელ კოლეგას ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური დათმობები მოსთხოვოს, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

 

„კრემლს ასევე შეუძლია ტრანსატლანტიკურ ერთობაში განხეთქილება შეიტანოს და ამით ხელი შეუშალოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევას ამერიკასა და ევროპას შორის კავშირურთიერთობების აღდგენის თაობაზე“, - აღნიშნავს „ვაშინგტონ პოსტი“.

 

გაზეთი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს - მზად იყვნენ უკრაინისათვის შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით დასახმარებლად რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. „და კიდევ - დასავლეთის სახელმწიფოებს ასევე მზად უნდა ჰქონდეთ ახალი სანქციები, განსაკუთრებით გაზსადენის მიმართ: როგორც კი რუსეთი აგრესიას დაიწყებს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა საბოლოოდ უნდა დასამარდეს“, - აცხადებს გაზეთის რედაქცია.

 

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/global-opinions/putin-again-threatens-war-with-ukraine-the-west-must-be-ready-to-respond/2021/04/08/7f292d8e-96f4-11eb-b28d-bfa7bb5cb2a5_story.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ