დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ზელენსკი, სააკაშვილის გამოცდილება შენთვის გაკვეთილი უნდა იყოს“ 14.04.2021 12:47

დიდ ბრიტანეთში გამომავალმა არაბულმა გაზეთმა „ალ-არაბ“-მა («Al Araby») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ზელენსკი, სააკაშვილის გამოცდილება შენთვის გაკვეთილი უნდა იყოს“, რომელშიც, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, განხილულია  პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი მსგავსი სიტუაციები - რუსეთ-საქართველოს ომი (2008 წ. აგვისტო), აზერბაიჯან-სომხეთის ომი (2020 წ. ოქტომბერი) და გამოხატულია თვალსაზრისი, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ კარგად უნდა შეისწავლოს და დასკვნა გამოიტანოს მიხეილ სააკაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანის თავგადასავლებიდან (ავტორი - იბრაჰიმ ფარიხა).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობდა, აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლის დროს (1994 წელს) მის მიერ დამყარებული კავშირები ამერიკის სახელისუფლო წრეებთან და პოლიტიკოსებთან ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციასა და პრივილეგიების მოპოვებაში დაეხმარებოდა. როგორც კი საქართველოს ლიდერი გახდა, მიხეილ სააკაშვილმა იმედის თვალი დასავლეთს მიაპყრო და ნატოსთან ახლო ურთიერთობა დაიწყო, ქართველ ჯარისკაცებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის გზავნიდა. როცა 2008 წელს, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებთან ქართული არმიის შეტაკების დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის არმია შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კრემლის რისხვისგან ნატოსთან თანამშრომლობის ფაქტორი დაიცავდა. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ რუსეთის არმიამ მთლიანად გააკონტროლა როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები, ასევე ქვეყნის სხვა მხარეებიც, რუსული ტანკები კი დედაქალაქთან - თბილისთან რამდენიმე კილომეტრში აღმოჩნდნენ, მათ პრინციპში მიხეილ სააკაშვილის დამხობაც შეეძლოთ.


იმ რთულ დროს ნატოს ძალებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დაცვისათვის რაიმე მოქმედება არ განუხორციელებიათ, იგი რუსულ დათვთან პირისპირ აღმოჩნდა. ყველაფერი, რაც კი დასავლეთს შეეძლო მისთვის შეეთავაზებინა, საფრანგეთის მაშინდელი  პრეზიდენტის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობაში გამოიხატა. ფრანგი ლიდერი კრემლში მივიდა და რუსეთის პრეზიდენტს ქართველი კოლეგისათვის შეწყალება და ამნისტია სთხოვა იმ პირობით, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის მოქმედებას მეტად აღარ გაიმეორებდა. მოსკოვი დათანხმდა შეწყალებას, მაგრამ იმავდროულად კრემლმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მაინც აღიარა.


დღეს თითქმის იგივე სცენარი მეორდება უკრაინაში, რომლის პრეზიდენტი, აშშ-ის მეთაურის ერთგული მეგობარი, ვლადიმერ ზელენსკი, თვლის, რომ ნატო მას სასურველ დახმარებას აღმოუჩენსრუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ და ამ რეგიონის უკრაინის შემადგენლობაში დასაბრუნებლად. ვლადიმერ ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ნატო უკრაინას თავის რიგებში მიიღებს და ამ მიზნით იგი ალიანსის ჯარებს ქვეყნის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზას დაუთმობს. თავის მხრივ, ეს ბაზა საფრთხეს შეუქმნის ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს, რის გამოცკრემლი თავის შეშფოთებას და გაღიზიანებას არ მალავს.


კონდლიქტის ფესვები დიდი და ძლიერი სახელმწიფოების დაპირისპირებაში უნდა ვეძებოთ, რომლის ფონზე ნაკლებად ძლიერი ქვეყნები გარკვეული სარგებლის მიღებას ცდილობენ. ასეთ დროს გაჩენილი კონფლიქტის პირველი წესი იმაში გამოიხატება, რომ არსებობს გავლენის სფეროები, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ზონები, რომლებსაც კრემლი, თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხად მიიჩნევს. ასეთ ზონებში დასავლეთის სახელმწიფოები შემოიფარგლებიან მხოლოდ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით და არასოდეს არ ეხმარებიან თავიანთ მოკავშირეებს, რუსეთის უშუალო მოსაზღვრე ქვეყნებს სამხედრო სახით, თუნდაც რუსეთის ტანკები 2008 წელს თბილისში შესულიყვნენ, ან ახლა კიევში შევიდნენ. ეს ძველი წესია ჯერ კიდევ კარიბის კრიზისიდან მოყოლებული, როცა 1962 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედი მზად იყო ბირთვული ომი დაეწყო, მაგრამ საბჭოთა კავშირმა დროულად გაიტანა თავისი რაკეტები კუნძულ კუბადან, რომელიც ამერიკასთან ახლოს მდებარეობს. [მას შემდეგ გავლენის ზონების პრინციპი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია].


კრემლმა დონბასელ სეპარატისტებს რუსული პასპორტების დაურიგა და აქედან გამომდინარე, იქაურ მოსახლეობას თავის მოქალაქეებად თვლის. მოსკოვმა ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე თავისი ჯარის შეჭრა გაამართლოს - მოქალაქეების დაცვის მიზნით.


თავის მხრივ, დასავლეთს რუსეთთან მიმართებით თავისი ანგარიშები აქვს და კრემლთან დაპირისპირებაში კარგად იყენებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონბასისა და ყირიმის საკითხებს, რათა მოსკოვთან დაკავშირებული სხვა სერიოზული პრობლემები გადაჭრას საერთაშორისო არენაზე.


თავისი სისულელისა და დაუფიქრებლობის გამო მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთი დაკარგა, უფრო მეტიც - მათ კინაღამ დედაქალაქიც მიაყოლა. მას სჯეროდა, რომ დასავლეთი რუსეთისაგან დაიცავდა. რაც შეეხება ვლადიმერ ზელენსკის, როგორც ჩანს, მის მოქმედებაში ყოფილი მსახიობის პროფესიული გამოცდილება მჟღავნდება: მან კარგად შეითვისა როლი, რომ თითქოსდა სიტუაციას თავისი სურვილისამებრ დაალაგებს და დასავლეთისაგან მხარდაჭერას მიიღებს დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად.


ვლადიმერ ზელენსკისათვის სასარგებლო იქნება არამარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოცდილების შესწავლაც, რომელიც თავისი მეზობელივით დასავლეთთან ფლირტაობდა, 2018 წლიდან, როცა იგი ხელისუფლებაში მოვიდა. ამიტომაც კრემლმა სომხეთი თურქეთს და აზერბაიჯანს „მიჰყიდა“, ბოლო კი თვითონაცცაება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ უფრო აზერბაიჯანის, ვიდრე სომხეთის სასარგებლოდ: მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ნიკოლ ფაშინიანი კი ხალხმა ამისთვის კინაღამ დაამხო. მისი მდგომარეობა ამჟამადაც საკმაოდ მყიფეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი მდუმარედ შეჰყურებდა პროდასავლური სომხეთის ლიდერის მავედრებელ მზერას, რომელსაც იმედი ჰქონდა მხარდაჭერას მიიღებდა მოსკოვთან და ბაქოსთან დაპირისპირების დროს“.


წყაროები: https://www.alaraby.co.uk/opinion/%D8%A3%D9%88%D9%83%D8%B1%D8%A7%D9%86%D9%8A%D8%A7-%D9%88%D9%84%D9%8E%D9%83%D9%8E-%D9%8A%D8%A7-%D8%B2%D9%8A%D9%84%D9%8A%D9%86%D8%B3%D9%83%D9%8A-%D9%81%D9%8A-%D8%B3%D8%A7%D9%83%D8%A7%D8%B4%D9%81%D9%8A%D9%84%D9%8A-%D8%B9%D8%A8%D8%B1%D8%A9

https://inosmi.ru/politic/20210413/249552720.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ