17:43 14.04.2021
ვის გვთავაზობს გახარია, გარდა საკუთარი პერსონისა?

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილიმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა, დღეს, მმართველი პარტიის დატოვების შესახებ პარლამენტში განცხადება  გააკეთეს.

 

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

გიორგი გახარიას თანამოაზრეების განცხადებამ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია  გამოიწვია. შესაბამისად, ამ თემის შეფასებებიც განსხვავებული იყო.


„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ აღნიშნულ თემაზე, სოციალურ ქსელში, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს:


ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

 

„გახარიას ჯერ პარტია არ შეუქმნია და პარლამენტიდან უკვე 6 დეპუტატი გაჰყვა...

ანუ, პარტიის პოლიტიკური პლატფორმა ცნობილი არ არის, არ ვიცით მემარჯვენე პარტია იქნება, მემარცხენე, მთვარის თაყვანისმცემლების თუ ვენერის? მაგრამ ხალხი უკვე მიჰყვება გახარიას...

ეს არის ქართული "დემოკრატია".

მიჰყვება ხალხი ცხვარივით პიროვნებას და არა - იდეას. რამდენად სწორი იყო ამ ფონზე საპარლამენტო მმართველობის შემოღება საქართველოში, ეს კიდევ უზარმაზარი თემაა...

როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, "ევროპას გავაოცებთ დემოკრატიითო", ასე არ გამოვიდა. ევროპა მაგრად "გამო.....ვეთ", ნუ, ის კრისტიან დანიელსონი მაინც...

კიდევ კარგი, იმ ღვთისნიერმა შვედმა ეს სიტყვა არ იცის...“

 

 

 

ლევან ნიკოლეიშვილი, ანალიტიკოსი:

 

„ასეთი უცნაურობა პირადად მე, პოლიტიკაში ხშირად არ მინახავს. „ქართული ოცნების“ შეცდომებიო, ხუთივემ ცალ-ცალკე აღნიშნა... საინტერესოა, რა შეცდომებზე აქვთ საუბარი. აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ, რადგან, მათი ლიდერი ჯერ შსს მინისტრი იყო, მერე - პრემიერ მინისტრი. თუ რამე შეცდომებზე უნდა ისაუბრონ, ალბათ, თავად შეიკრიბონ დახურულ სივრცეში და იქ გააანალიზონ, თორე, სხვა მხრივ, ასეთი არაადეკვატური განცხადებებით შორს ვერ წავლენ.“

 

 

დავით ქართველიშვილი, პოლიტოლოგი:

 

„გახარიას გუნდის უმარტივესი გამოწვევა - თუ მათ უნდათ, რომ გაზომონ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, მაჟორიტარებმა უნდა დატოვონ მანდატები. ეს შექმნის მოცემულობას, რომ თვითმმართველობასთან ერთად ჩატარდება შუალედური საპარლამენტო არჩევნები. შიდა ქართლში, მცხეთა - მთიანეთსა და სამეგრელოს რეგიონებში. ეს იქნება რეალური ტესტი - ამ მაჟორიტარებმა არჩევნები მოიგეს „ოცნების“ რეიტინგით, თუ ეს იყო გახარიას, ან მათი რეიტინგი. გახარიასთვის ახლა ამაზე უკეთესი საზომი, თუ რას ფიქრობს საზოგადოება მის მიმართ, არ და ვერ იქნება!“

 


გია აბაშიძე, პოლიტოლოგი:

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველასთვისაა. ვისაც რომელი და კანონის ფარგლებში დაშვებული რა პარტიის შექმნაც უნდა, მისი/მათი არჩევანია.

საზოგადოებაში კი დიდი ხანია არის ის მძაფრი მოლოდინი, რომ კონსტრუქციული ძლიერი ოპოზიციური პარტია/პარტიები გვეყოლება და არა მორიგი ფუყე დაპირებები, შემდეგ "ნაცებთან' პირდაპირი თუ ირიბი კავშირები, განაწყენებული, რევანშისტული ქმედებები, შემდეგ მალე გაქრობა ავანსცენიდან და ა.შ.

ჩემი აზრით, გახარიამ და სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ ოპოზიციური კონსტრუქციული ნიშის დაკავების სურვილი, სრულიად ახალი და განსხვავებული უნდა შეთავაზონ ამომრჩეველს.

თუ მმართველ პარტიას ძლიერი, ჯანსაღი კონკურენტი ეყოლება პოლიტიკურ ველზე, ამას რა ჯობია? თუმცა, ამ ნიშამდე მისვლა და იქ განმტკიცება საკმაოდ რთულია.

ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შედეგები ზუსტად დაგვანახებს პოლიტიკურ პეიზაჟს და იმას თუ ვის რა პოტენციალი აქვს.“

 

 

სერგი კაპანაძე,  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

 

„დღეს ქოცები 6-მა დეპუტატმა დატოვა.

მანამდე პრემიერი გადადგა.

მანამდე პარტიის თავჯმდომარე.

არავითარი არჩევნები! ხალხის სრული ნდობა აქვთ ქოცებს!

2024!!!“

 

 

 

გიორგი გახარიას გუნდის მიერ "ქართული ოცნების" დატოვების ფაქტს "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გამოეხმაურა:

 

 

"უცნაურია, რომ ასე მალე დაიწყო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის დაშლის პროცესი. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რაც უძღვოდა ამ ფაქტს, მოსალოდნელი იყო მათი გამოყოფა "ოცნებიდან". ხელისუფლებაში მყოფმა ამჟამინდელმა ძალამ საკუთარი ლეგიტიმურობა უნდა დაადასტუროს. თუ ის ამას არ გააკეთებს, დაშლის პროცესი გაგრძელდება, რაც, ქვეყნისთვის კარგი არ არის. ურთულესი პერიოდია, პანდემიაა, ეკონომიკა გაჩერებულია და ასეთ დროს, სახელისუფლებო ძალა უნდა იყოს უფრო მტკიცე, შეკრული და მიზანსწრაფული, ვიდრე დღეს არსებული "ქართული ოცნებაა", რომელიც, ფორმალურად დარჩენილია მისი დამფუძნებლის, ივანიშვილის გარეშე.  რეალურად იგულისხმება, რომ ის, რაც ხდება „ქართულ ოცნებაშიც" და პოლიტიკაშიც, ბიძინა ივანიშვილის თამაშია. 

 

ცვლილებები გარდაუვალია, ივანიშვილი უკან თუ არ დგას, ის გარკვეულ ბიძგს აძლევს ამ პროცესს. ადრე თუ გვიან ეს მყიფე წონასწორობა პოლიტიკურ ველზე დაირღვევა.  ივანიშვილისა და გახარიას გარეშე დარჩენილ „ქართული ოცნებას“, რომელსაც გარკვეული რეიტინგი ჰქონდა მხარდამჭერებში, შანსი იმისა, რომ შეძლებს საარჩევნო ციკლის ბოლომდე მიყვანას, ძალიან ცოტა აქვს.

 

"ოცნების" რღვევა დროულია, უფრო მეტიც, ველოდები სხვა პარტიების გამოჩენას, რადგან ოპოზიციური სპექტრიც ძალიან სუსტია. ერთი და იგივე სახეები, გაცვეთილი ფრაზები, ჩვეული არაეფექტური მეთოდები, ჭიდაობა, ძიძგილაობა, ქართულ საზოგადოებას მობეზრდა,"- აცხადებს ვაჟა ბერიძე.

 

მისივე თქმით, გახარიას გუნდთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

 

"ის კი იყო მენეჯერი, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს. უნდა ჩანდეს, თუ რა ხედვა აქვს გახარიას. რა პლატფორმაზე იდგება პარტია, რომელსაც ქმნის? იმ ადამიანებმა, რომელებიც ჩვენ ეკრანებზე დავინახეთ, მაინცდამაინც ბევრი რამ არ უთხრეს საზოგადოებას. ვინ არიან? რა საზოგადოებაა? ფინანსები საიდან იქნება? ბიძინა დააფინანსებს პირდაპირ თუ ირიბად? ვის გვთავაზობს გახარია, გარდა საკუთარი პერსონისა? სხვები ვინ იქნებიან  პარტიაში? მარტო გახარია ეყოფა ამ ამბავს? - ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, რადგან ქვეყანა ამოყირავებულია"- განმარტავს პოლიტოლოგი.

 

როგორც ვაჟა ბერიძე აცხადებს, საზოგადოებაში გახარია მართლაც რეიტინგულია.

 

"მას  გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან ნამდვილად ექნება. "ოცნება" უკვე ვეღარ ინარჩუნებს მოწინააღმდეგე ფრონტზე მთავარ როლს. აუცილებელი იყო ვიღაცის გამოჩენა. გახარიას ნამდვილად აქვს შანსი, თუმცა, ძალიან გაუჭირდება იმ პოპულარობის შენარჩუნება, რითაც ის  პოლიტიკაში მოვიდა,"-აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge