დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ნათია თურნავას მიმართ ნამხვანჰესის მშენებლობის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს - დავით ჭიპაშვილი 15.04.2021 16:47

უკვე 5 თვეა, რაც რიონის ხეობის მცველები ნამახვანჰესის მშენებლობას პერმანენტულად აპროტესტებენ. საუბარია ნამახვანის კასკადის პროექტზე,რომელიც ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას გულისხმობს: რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

 

საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნაა, მთავრობამ  ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელ კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულება გააუქმოს,რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობის ნაწილი კომპანიას საკუთრებაში, ნაწილი კი 99 წლით, მართვის უფლებით გადაეცა.

 

კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.  მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გიგავატ. სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო, ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.

 

ჰესის ამოქმედების შემდეგ, „ენკა“ ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონი ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს.

 

პროექტის სარგებლიანობაზე  საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც. ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდბელობის  გასაღებია.

 

"პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ერთმანეთზე გავლენის მოხდენის და ზეწოლის უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ენერგეტიკა, ამიტომ ჰესების მშენებლობით ვაზღვევთ მომავალი თაობების სიძლიერეს და დამოუკიდებლობას. წარმოიდგინეთ, რომ არ აშენებულიყო ენგურჰესი, რომელიც დღეს ადგილობრივი ენერგიის 2/3-ს უზრუნველყოფს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები რომელიმე მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი, უქმნის თუ არა ის ეკოლოგიურ საფრთხეს გარემოს და  უნდა გაუქმდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, - ამ საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი, - დავით ჭიპაშვილი ესაუბრა.  მისი მოსაზრებით, გაფორმებული ხელშეკრულბა კაბალურია და ვინც გააფორმა, მათ მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს.

 

„მთლიანად პროექტი არის პრობლემა. პროცესში, ლოგიკური ეჭვები ჩნდება კორუფციის გარიგებების თაობაზე. ამ ეტაპზე, საკითხი ნამახვანის რაობაზე არ დგას. დაწყებული პროცესი უნდა შეწყდეს და ვინც ასეთი ტიპის ხელშეკრულება გააფორმეს, მათ მიმართ გამოძიება დაიწყოს.

 

რატომ ვთვლით, რომ ეს არის კაბალური ხელშეკრულება? რეალურად, ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ერთი მხარე-სახელმწიფო იღებს ვალდებულებებს კომპანიის მიმართ. მეორე მხრივ, ჩვენ კომპანიის მიერ აღებულ რაიმეს რისკსაც კი ვერ ვხედავთ. რისკების განაწილება კერძო კომპანიასა და ვთქვათ, სახელმწიფოს შორის, ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

 

როდესაც ხელშეკრულებას ხელი ეწერებოდა, არ არსებობდა დასაბუთება, თუ რატომ უღირდა სახელწმიფოს ასეთ პირობებზე დათანხმება. ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები  სხვა ინვესტორების მიმართ დისკრიმინაციულია.ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და განსაზღვრულ მოთხოვნებს არღვევს,თუნდაც, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების მოთხოვნებს ვგულისხმობ. ასევე, პროექტთან დაკავშირებით,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის უარყოფით  დასკვნებსაც ეწინააღმდეგება“, - აცხადებს ის.

 

დავით ჭიპაშვილი თვლის, რომ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოა.

 

„თავის დროზე ვსაუბრობდით, რომ პროექტზე საჭიროების დასაბუთება უნდა ყოფილიყო გაკეთებული, რომელიც, არ გაკეთებულა არც მაშინ, არც დღეს. ეკონომიკის მინისტრმა მედიაში რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ენერგოდამოუკიდებლობა, ეს არ ნიშნავს, რომ  პროექტი ამას მართლა მოიტანს. ეს სხვა საკითხია. სად არის ქვეყნისთვის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი, რომელიც, ამ დათქმას გაამართლებს, ან სად არის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა?!

 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებები უსუსური მცდელობაა იმისა, რომ  ის კონსტიტუციური დარღვევები, რომლებიც ამ პროექტის გამო ახლა ხდება,  გადაიფაროს.

 

ენერგოდამოუკიდებლობა სასაცილოდ ჩანს. მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ვერანაირი ერთი, ორი ან ათი ნამახვანი ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობას ვერ მოუტანს. ქვეყანა ბუნებრივ აირზე და ნავთობპროდუქტებზეა დამოკიდებული, რომელიც იმპორტით შემოგვაქვს“, - დასძენს ის.

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას დავით ჭიპაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციიდან გასული პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდეს. ის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას  გადადგომის მომხრეცაა.

 

„რეალურად, რიონის ხეობის დარაჯებს ეკონომიკის მინისტრის მიმართ ნდობა სრულად დაკარგული აქვთ, რომელიც, ვითომ დიალოგზე დათანხმდა და გაიქცა. მერე - პოლიცილებს უგზავნიდა, არბევდა. აქედან გამომდინარე, დღეს, დიალოგი უნდა დაიწყოს ერთ საკითხზე-კონსტიტუციიდან გასული პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა დაბრუნდეს. ეკონომიკის მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს და  მის მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უნდა დაიწყოს,თუ რატომ და რანაირად მოხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება. ამ  ყველაფრის შემდეგ კი, ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ.

 

როდესაც ჩვენ რიონის ხეობის დარაჯებზე ვსაუბრობთ, აქ ასევე ის ადამიანებიც უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და მათაც ანალოგიური კითხვები გააჩნიათ. ეს პროცესი კი,  საზოგადოების რეალური მონაწილეობით უნდა წარიმართოს“, -განაცხადა ჭიპაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ