15.04.2021 20:54
დავით ქართველიშვილის პოსტი:
ამიფეთქეს პირადი მიმოწერა აწ უკვე ყოფილმა ფრენდებმა, "არა ნამოჰვანელებმა", ერთი მეორეზე უფრო აპოკალიფტური "ჭეშმარიტებების" გაზიარებით. აქ აღარ მოვიყვან მათ ყველა "არგუმენტს" - გასაგებია: "საქართველოს გაუმარ ჯოს", "არ დავუშვებთ", "შევაკვდებით", "გადაგაყოლებეთ" და ა.შ.
ან რას ვწერ, ან ვისთვის, ან თქვენ რამ გაგაძლებინათ ჩემს სამეგობრო წრეში ასეთ წვალებას? "ჯოს-ჯოს"-ებით ან რას მივაღწიეთ, ან რა ვერ დავუშვით, ან რას შევაკვდით, ან რა და რას გადავაყოლეთ - შეგიძლიათ შემახსენოთ? არ მოგბეზრდათ? ერად, ქვეყნად, სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბება აღარ გინდათ? მოგბეზრდათ დამოუკიდებლობა? დაგღალათ ამ, არ ვუარყოფ, მძიმე ღვაწლმა? ნამოჰვანზე ვსაუბრობ ეხლა თუ ნებისმიერი (!) დამოუკიდებელი (!!) შემდგარი (!!!) სახელმწიფოსთვის (!!!!) დამახასიათებელი პროტესტების გამოხატვის ფორმაზე?!
თუ ასე გვხიბლავს და გვინდოდა ნეო-ნეანდერტალურ საზოგადოებად ჩამოყალიბება, ეს 30 წელი რას ვწვალობდით ჩვენ ან სხვას რად ვაწვალებდით? თურქეთის ოკუპაცია არ გვემუქრება - არც ბათუმში, არც რიონის ხეობაში. გვემუქრება, აწ უკვე მესამედ - რუსეთის პროტექტორატის ქვეშ სამარცხვინო შეძრომა, როგორც ყოველთვის - ქართველი ადამიანის პირდაპირი ხელშეწყობით. იმიტომ რომ თქვენი ქცევით - უარს ამბობთ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, თამაშის წესების პატივისცემაზე.
გავანებოთ თავი იმას, რომ უარს აცხადებთ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან დიალოგის რეჟიმზე - ვინაიდან არ სცემთ პატივს სახელმწიფოს. გავანებოთ თავი იმას, რომ არ გსურთ პატრიარქის მოწოდება გაითვალისწინოთ, ესკალაციაზე თქვათ უარი და დიალოგის რეჟიმში გადახვიდეთ - ვინაიდან არც დედაეკლესიას სცემთ პატივს და არც საპატრიარქოს. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ვინც ვთვლით, რომ "ჯოს-ჯოს"-ების რეჟიმიდან გამოსვლაა საჭირო. ვინც თვლის, რომ მსგავსი ეჭვების არსებობის მქონე ურთულესი საქმეების გასარჩევად ქვეყანაში არსებობს მთავრობა, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, საპატრიარქო. ანუ ხელში ქვები დავიჭიროთ, სარკინიგზო გზები და ავტობანი გადავკეტოთ და მიწასთან გავასწოროთ ყველაფერი - რისი გულისთვის ჩვენს ისტორიაში სისხლით ჩაიწერა 1989 წლის 9 აპრილი?
ასეთი, თქვენი პოსტ-კოლონიალური, ნეანდერტალური მიდგომებით რუსეთის მესამე ოკუპაციას ნამდვილად დააჩქარებთ. ვიმეორებ - არა ნამოჰვანზეა საუბარი, რომლის ბედის გადასაწყვეტ ცივილიზებულ გზებზე უკვე მერამდენედ შეგახსენეთ! და თუ სახელმწიფო ინსტიტუტებმა სახელმწიფო ღალატის ნიშნები გამოავლინეს ნამოჰვანის საქმეში - აღსრულდეს კანონი და სამართალი! საუბარია ერის რესურსებზე, ფორს მაჟორულ სიტუაციებში იმოქმედოს არა ველური კანონების, არამედ ადეკვატურად იმისა, რასაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეობრივი აზროვნება ჰქვია.
და თუ თქვენში ეს რესურსი ამოიწურა, ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენდამი ჩვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ამ ქვეყნის დარჩენილ ნაწილს - რომელსაც თქვენს უკან ყურებაწეულმა ძალებმა 1 255 500 ჰექტარი ქართული მიწა რუსებს უკვე ჩააბარეს - დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსენალში მქონე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ყველა არსებული რესურსით დავიცავთ ბოლომდე.