დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

როდესაც ზანგურთან ერთად სცენაზე დგომაზე უარი განვაცხადე, ბატონ რობერტს ჩემთვის რეპრესიები არ მოუწყია, პოლიტიკური ნიშნით დევნა კი სიცრუეა! - ლელა ალიბეგაშვილი 16.04.2021 01:26

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლელა ალიბეგაშვილი, სამი წლის წინ, იყო პირველი, ვინც ბესო ზანგურს საჯაროდ დაუპირისპირდა და მასთან ერთად ერთ სპექტაკლში თამაშზე უარი თქვა. ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული “სადღაც ცისარტყელას მიღმა”, ალიბეგაშვილმა, რამდენიმე სპექტაკლის შემდეგ დატოვა.

 

როგორც ლელა ამბობს, მისთვის სრულიად მიუღებელი იყო ბესო ზანგურის ყიამყრალობა, ბილწსიტყვაობა და წრეგადასულობა…

 

მაშინ მსახიობმა “ფეისბუქზე” კოლეგას საჯაროდ მოუწოდა – “რუსთაველის თეატრის სამარცხვინო მსახიობო, ბესო ზანგურო, გეყოფა! გაჩერდი!!!” ლელა ალიბეგაშვილს ამ უსიამოვნო ფაქტის გახსენება აღარ სურს, თუმცა “პრაიმტაიმთან” პატარა კომენტარს მაინც აკეთებს.

 

ლელა ალიბეგაშვილი: – ის, რომ ეს ტიპი ჩემთვის მიუღებელია, სამი წლის წინ დავაფიქსირე ჩემია აზრი – მე ზანგურის გვერდით სცენაზე არ დავდგები-მეთქი! და სპექტაკლიდან, სადაც ერთად ვთამაშობდით, წამოვედი. ჩემი პერსონაჟი ძალიან დამენანა, ლაშა თაბუკაშვილსაც ძალიან დაწყდა გული, მე რომ ეს სპექტაკლი დავტოვე. და ისინი, ვინც დღეს ძალიან ხმამაღლა გაჰყვირიან ზანგურის უზნეობაზე, არ მახსენდება, რომ მაშინ ჩემს გვერდით დამდგარიყვნენ. ჩემთვის, ჩუმად, თუნდაც ყურში რაიმე მხარდაჭერა დაეფიქსირებინათ, თუ ვინმესი ეშინოდათ. მე თანადგომა არავისთვის მომითხოვია. თუმცა ფაქტია, მარტო ვიყავი, გვერდით არავინ დამიდგა, ვერავინ გაბედა. და მე რატომ არ მეშინოდა? ამიტომ, ვამბობ, გმირობანას ნუ თამაშობენ. სიყალბედ მიმაჩნია სოციალურ ქსელში ყვირილი, ვგმობ ძალადობასო! ეს ფეისბუქის გარეშე, ისედაც ასე არ უნდა იყოს?

 

– თქვენ იცოდით, რომ ბესო ზანგური ცოლზე ძალადობდა?

 

– მე მონაყოლით ვიცოდი. აბსოლუტურად მჯერა, რომ ნინუცა არ იტყუება! თუ ზანგური ამ ფაქტს უარყოფს, უტიფრად იტყუება.

 

– როგორ გგონიათ, რატომ არის რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი ბესო ზანგური?

 

– სტურუა ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მას თავისი გემოვნება აქვს, ის წყვეტს, თეატრში ვინ იყოს და ვინ – არა. ბრწყინვალე რეჟისორია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ადამიანურ გადაწყვეტილებებს ვეთანხმები.

 

– ამ სკანდალში ის ბესო ზანგურის ერთადერთი მხარდამჭერია.

 

– განვმეორდები, როგორც რეჟისორი, ბრწყინვალეა, თუმცა მის ადამიანურ შეხედულებას, კომენტარებს და ნაბიჯებს, მე აბსოლუტურ ჭეშმარიტებად არ მივიჩნევ, არ ვიზიარებ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ხასიათის ჩვენ-ჩვენი თავისებურებებით.

ვაღიარებ, რომ ის არის ნამდვილად უდიდესი რეჟისორი. ვისაც სათეატრო ხელოვნებაში რაიმე გაეგება, ამ ფაქტს ვერ უარყოფს. ის ქმნის დიდ ტილოებს, მისი აზროვნება მასშტაბურია, ძალიან მომწონს.

 

როდესაც მე ზანგურთან ერთად სცენაზე დგომაზე უარი განვაცხადე, ბატონ რობერტს ჩემთვის რეპრესიები არ მოუწყია. რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნას ამ თეატრში, კატეგორიეულად ვაცხადებ, რომ ეს სიცრუეა!

 

ჩვენთან არიან მსახიობები, შესაძლოა ხმის რეჟისორიც, სცენის მუშაც, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრეა, მაგრამ ისინი თეატრში არიან და არავინ გაუგდიათ. მათ შორის, ის პიროვნებაც, რომელიც ახლა აცხადებს, რომ ჩვენს თეატრში მონობაა. თუ თვითონ არის მონა და მშიშარა, ეს მისი საქმეა. მე მონად არასდროს მიგრძვნია თავი. ამას ვაცხადებ კატეგორიულად. ჩემი თავისუფლება არავის შეუზღუდავს. პოლიტიკური რეპრესიები, ნაციონალებისგან, ჩემს ტყავზე კი მიგრძვნია.

 

ინტელექტუალურად უსუსურ ადამიანებს გულწრფელობა არ შეუძლიათ. არ გეშინოდეს და იყო გულწრფელი, აი, ეს არის თავისუფლება. ჩემი პიროვნული თავისუფლება იმდენად ძვირფასია ჩემთვის, ეს რომ რობერტ სტურუას შეეზღუდა, ჩემი ფეხი არ იქნებოდა მის თეატრში. სიყალბეს ვერ ვიტან, ვერც სცენაზე და მით უფრო, ცხოვრებაში…

 

 

 

წყარო: პრაიმტაიმი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ