1-3 სექტემბერს - თბილისში CROSSROADS-ის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება და სტარტაპერებისა და დამოუკიდებელი მეწარმეებისათვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაა. ახალი სტარტაპ ღონისძიების დაწყება დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დაანონსდა.
CROSSROADS არის პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სტარტაპებსა და მათ ირგვლივ არსებული ეკოსისტემის სხვა მონაწილეებს აერთიანებს. როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ღონისძიება განკუთვნილია ყველა დამწყები თუ გამოცდილი იმ სტარტაპებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან იპოვონ პლატფორმა, სადაც შეძლებენ ახალი კავშირების დამყარებას, დამატებითი უნარების შეძენას, გამოცდილების გაზიარებას, განვითარებასა და ზრდას.
„CROSSROADS არის ყველაზე ინკლუზიური, მრავალფეროვანი, ღია და ხელმისაწვდომი ღონისძიება სტარტაპ სექტორისათვის, რომლის მიზანიც არის სტარტაპების განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე რეგიონსა და საერთაშორისო მასშტაბით. დღესდღეობით, ეკოსისტემაში, სადაც სტარტაპების 97% წარმატებას ვერ აღწევს, ჩვენი მიზანი, სწორედ ამ მაჩვენებლის შეცვლაა. ამისათვის ყველაზე ეფექტური გზა არის ცოდნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ინვესტორთა კონტრიბუცია, სხვადასხვა ტრენინგები და კვალიფიკაციის ამაღლება, რასაც სრულად უზრუნველყოფს CROSSROADS“ - განაცხადა CROSSROADS-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სვეტალ კუმარმა.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, CROSSROADS გახდება მოწინავე პლატფორმა დიალოგისთვის მათ შორის, ვინც ახლა იწყებს თავის საქმეს; ვისაც უკვე გავლილი აქვს გზა წარმატებულ სტარტაპამდე და სურს საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და ვისაც შეუძლია ხელი შეუწყოს და დააჩქაროს სტარტაპის ზრდა და განვითარება.
„საქართველოს მიზნად აქვს დასახული სტარტაპ ეკონომიკის გაძლიერება. მთლიანად რეგიონი ფლობს ინოვაციებისა და შემოქმედებითობის მნიშვნელოვან პოტენციალს. სწორედ ამ პოტენციალის გამოყენების ხელშესაწყობად იქმნება ისეთი მრავალფეროვანი და მრავალფუნქციური პლატფორმა, როგორიც არის CROSSROADS“ - განაცხადა CROSSROADS-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ.
CROSSROADS-ის კიდევ ერთი დამფუძნებლის და მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კონფერენციის თანადამფუძნებლის ლინდა პერეირას თქმით, CROSSROADS აქვს ამბიცია იყოს განვითარებისა და ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
„ჩვენი პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სრულ მზადყოფნას აცხადებენ ამ ინიციატივის მხარდასაჭერად. CROSSROADS აქვს ამბიცია იყოს განვითარებისა და ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი მიზანია, თითოეული სექტორიდან სტარტაპების, მეწარმეების, აღმასრულებელი დირექტორების, ინვესტორების, მთავრობებისა და გლობალური ლიდერების გაერთიანება ერთმანეთის, რეგიონისა და მომავლის საერთო ხედვის მხარდასაჭერად“ - განაცხადა ლინდა პერეირამ.
CROSSROADS-ის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, საქარველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტარტაპერები და გამოცდილი მეწარმეები ეწვევიან, ამა წლის 1-3 სექტემბერს გაიმართება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge