15:22 22.04.2021
ასეთი გადაწყვეტილება, ხელს შეუშლის „ნაციონალურ მოძრაობას“ შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი - ბაკურ კვაშილავა

 

 

რა მოიგო ქვეყანამ და რა მოიგეს პოლიტიკურმა პარტიებმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება ქვეყნისთვის და რა ელის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ყველა სხვა ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით კვლავ რადიკალიზმის გზას ადგას - ამ საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსი" პოლიტოლოგ,  GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს,- ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.

 

 

 

- ბატონო ბაკურ, როგორ შეაფასებთ შარლ მიშელის დოკუმენტს,  რას აძლევს  ქვეყანას და მერე პოლიტიკურ პარტიებს ცალკე ოპოზიციას და ცალკე „ქართულ ოცნებას“?

 

 

 

- ეს მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც, სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს. ოპოზიციას აძლევს შანსს, შედარებით თანაბარი შანსები ჰქონდეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში. ვგულისხმობ იმას, რომ აქამდე, საქართველოში, მმართველ პარტიას გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა არჩევნებით ხელისუფლების შენარჩუნების, ვიდრე, ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის. თუ რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მოვლენასთან არ გვქონდა საქმე. ეს დოკუმენტი, ფაქტობრივად საფუძველს უყრის რეფორმას, რომელიც ამ შანსებს შედარებით გაათანაბრებს.

 

 

 

- ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს მმართველი გუნდიც საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს და ოპოზიციაც.

 

 

 

- კარგია, რადგან დღეს, გამოსავალი სწორედ ესაა. საკუთარ მხარდამჭერებთან, რას როგორ გაასაღებენ მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა და პოლიტიკური დისკუსია უშინაარსო დისკუსიიდან - შევალ, არ შევალ - მნიშვნელოვან თემებზე გადაინაცვლებს. შესაბამისად, ჩვენ, საზოგადოებამ, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ვუთხრათ - დიახ, თქვენ გაიმარჯვეთ, რადგან იმით, რაც აქამდე ხდებოდა დამარცხებული იყო საქართველო.

 

 

 

- თუმცა ამ პროცესებისგან, განზე დარჩა ერთ - ერთი ოპოზიციური ძალა, რომელმაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და არ შეუერთდა ამ ხელმოწერას,  რას ცვლის ესა და ეს ნაბიჯი, „ნაციონალური მოძრაობას “, როგორც პოლიტიკურ ძალას, უხეშად, რომ ვთქვათ, „გაქრობით“, ხომ არ ემუქრება?

 

 

 

- ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" დიდი გამოწვევაა. ის აღმოჩნდა მარტო, როგორც საქართველოში, ისე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეც, რადგან ფაქტობრივად, ყველას რეკომენდაციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთი გადაწყვეტილება, ხელს შეუშლის მას შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი.

 

 

 

- რატომ წავიდნენ ასეთ წამგებიან ნაბიჯზე?

 

 

 

- ალბათ მიაჩნიათ, რომ მათი მხარდამჭერებისთვის, სწორედ ასეთი რადიკალური პოზიციაა მნიშვნელოვანი და სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო შეუმცირდებოდათ გავლენა. ვფიქრობ, ეს შეცდომაა და მნიშვნელოვნად დაასუსტებს მათ პოზიციებს.

 

 

 

-  დოკუმენტზე, ჯერ მხოლოდ ხელმოწერებია, ფაქტობრივად არცერთი ხელმომწერი  ოპოზიციიდან არ შესულა პარლამენტში, და  რა მექანიზმი არსებობს, რომ  შეთანხმებაში ჩადებული პუნქტები აღსრულდეს.

 

 

 

- თუ მხოლოდ დოკუმენტზე დარჩა ხელმოწერები და პარლამენტში არავინ შევიდა, მარტო „ოცნებას“ ამ პუნქტების აღსრულება გაუჭირდება.  თუ პარტიები, შევლენ პარლამენტში, „ოცნებას“, უკვე ექნება ვალდებულება, რომ გაატაროს, ის ღონისძიებები, რასაც ხელი მოაწერა პრინციპების დონეზე.

 

 

 

-რაც შეეხება პატიმრების გათავისუფლებას, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ჩადებული, ამას როგორ შეაფასებთ პოლიტიკურად? ერთგვარ გაუგებრობას იწვევს, სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა განთავისუფლდნენ ამ ხელმოწერით.

 

 

 

-ესეთი ინტერპრეტაცია არსებობს, ეს ალბათ შეთანხმებული იქნება ევროპელ პარტნიორებთანაც, ისე ალბათ რთული იქნებოდა ამის წარმოდგენა, ასე თავისუფალი ინტერპრეტაციით. მეორეს მხრივ, ეს არის ის, რისთვისაც ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში იბრძოდა, იბრძოდა იმისთვის, რომ ეს ხალხი გამოსულიყო გარეთ და რეალურად ასეთი გადაწყვეტილებაც ჩაიდო ამ ხელმოწერის დროს. ახლა უკვე ინტერპრეტაციის საკითხი მნიშვნელოვნად ცდება შინაარსს, როგორც ეს შარლ მიშელის მიერ იყო წარმოდგენილი, მაშინ ამაზე  თვითონ ევროკავშირი გააკეთებს განცხადებას.

 

 

 

- ითქვა ისიც, რომ ევროკავშირი გადაიხდის გირაოს თანხას, თუმცა მელია გამოსვლაზე უარს აცხადებს...

 

 

 

-გასაგებია, რომ ეს არის რადიკალიზაციის მცდელობა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პროცესის პარლამენტში გაგრძელებას. რა თქმა უნდა,  ვერავინ დააძალებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მელიას რომ მოიქცნენ, ისე როგორც თუნდაც ევროკავშირი ამბობს, მაგრამ ფაქტია და ცხადად გამოჩნდება, რომ ისინი მიდიან ამ გადაწყვეტილების და დეესკალაციის საწინააღმდეგოდ.

 

 

 

- რაც შეეხება, კიდევ ერთ პუნქტს, რომელიც დოკუმენტშია ჩადებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების ბედი, როგორ ფიქრობთ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება, იქ დათქმული,  43 პროცენტის აღება ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების დროს?

 

 

 

- დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია, რომ "ქართულ ოცნებას", გაუჭირდეს, 43 პროცენტის აღება, იმიტომ რომ ოპოზიციამ, მთელი თავისი ენერგია, აქამდე დახარჯა იმ დავაში, რომელიც ეხებოდა ამ საკითხებს და შესაბამისად მას არ დაუწყია კამპანია და ძალიან ძნელია, მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის გათვალისწინებით, მან დროზე მოახდინოს მობილიზაცია და ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც შეუშლიდა ხელს „ოცნებას“ მიეღწია იმ მინიმუმისთვის რომელიც ამ დოკუმენტში არის ჩადებული.

 

 

 

- გახარიას ფაქტორზე რას იტყოდით?

 

 

 

- გახარია თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ექნება აქტიური საარჩევნო კამპანია მე მგონია, რომ მას ექნება წარმატებული სტარტი.

 

 

 

- ერთგვარად მოიაზრებენ რომ ეს თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის პროექტია, ოპოზიციის წინააღმდეგ, ამას თქვენ როგორ აღიქვამთ?

 

 

 

- არ ვიცი, შესაძლოა, ასეც იყოს ჯერჯერობით არც ასე და არც ისე დამამტკიცებელი საბუთები არ გვაქვს, ფაქტი ერთია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  არ იყოს ე.წ ბიძინა ივანიშვილის პროექტი გახარია იქნება ისეთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლება ბიძინა ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა.

 

 

 

 

 

ესაუბრა დალი ბჟალავა

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge