დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მთავრობამ უარი უნდა თქვას ახალ ლოქდაუნზე - გიორგი ცუცქირიძე 22.04.2021 16:58

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში შემდგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მესამე ლოქდაუნი ორმაგი რეცესიის ტოლფასი იქნება. კოვიდპანდემია იმიტომაც არის გლობალური, რომ გლობალურად ვრცელდება და ეკონომიკასაც გლობალურად კეტავს. პანდემიის მესამე ტალღამ არა თუ ჩვენ, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას გადაუარა, რამაც ამ ქვეყნების ეკონომიკების ჩაკეტვა გამოიწვია. მართალია, რიგით მესამე ლოქდაუნი ვადიანობით და ჩაკეტვის სიმძიმით, წინა ორი ლოქდაუნისაგან გაცილებით ლიბერალურია, მაგრამ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე მაინც ნეგატიურად აისახა. ჩაკეტვები კი ძირითადად სასწავლო დაწესებულებებს, რესტორნებს და გასართობ ცენტრებს შეეხო, ძირითადად ორი კვირიდან ოც დღემდე.


ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად უკვე გასულ წელსვე გამოვიდა რეცესიიდან და მოხსნა შეზღუდვები ეს ჩინეთია. ჩინეთმა ეს ვაქცინაციით და ძალზე მკაცრი შეზღუდვებით შეძლო, სადაც თუნდაც მოქალაქეთა კონტროლს გადაადგილებაზე პოლიციასთან ერთად, საჯარისო ნაწილებიც ახორციელებდენ. იმ პერიოდში რამდენიმე ქალაქი კი სულაც ჩაიკეტა.


კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც უკვე მოხსნა ყველა შეზღუდვა, მათ შორის ნიღბის ტარებაზე, ეს ისრაელია. ამ ქვეყანამ ეს წარმატებული და საყოველთაო ვაქცინაციის შედეგად შეძლო.


საქართველოშიც კორონავირუსის მესამე ტალღის დადგომა პროგნოზირებადი იყო, ამას ჩვენზე გაცილებით მაღალი თვითდისციპლინირებული და კოლექტიური მენტალობის ქვეყნები ვერ გადაურჩნენ.


მიუხედავად იმისა, რომ მესამე ტალღის პიკი, მაისის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი, ახლა მისი შიშით ეკონომიკის მორიგი ჩაკეტვა, მიზანშეუწონლად მიმაჩნია.


კოვიდპანდემიამ აჩვენა, რომ რამდენიც უნდა ჩაკეტო სივრცეები, ვირუსი მაინც ვრცელდება და მუტაციასაც განიცდის ე.წ ტალღისებური განვითარების გამო.


მით უმეტეს მესამე ლოქდაუნი ეკონომიკაზე ძალზე მძიმედ აისახება, რადგან დიდია ალბათობა ეკონომიკა შევიდეს ორმაგი რეცესიის ფაზაში, რაც ნიშნავს, რომ წინა წლის მსგავსად, ამ წელსაც ზრდა უარყოფით მაჩვენებელზე იქნება. ორმაგი რეცესია იმ თვალსაზრისითაც არის არასასურველი სცენარი, რომ ამ ციკლიდან გამოსვლას მინიმუმ ორი წელი დასჭირდება და რაც მთავარია ბიზნესების ნაწილს სრულ გაკოტრებამდე მიიყვანს და ვეღარც საგადასახადო თუ სხვა შეღავათები უშველის. ეს განსაკუთრებით მცირე ბიზნეს ეხება, რომელიც დასაქმების ყველაზე დიდ ბაზას ქმნის. თავის მხრივ სოციალური ხარჯების ზრდა, მიგვიყვანს ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ უფრო ზრდაზე, ისედაც მაღალი დეფიციტის პირობებში. საგარეო ვალებით მისი დაფინანსებაც გაძნელდება, ასევე პანდემიის შედეგად გაზრდილი ვალის გამო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. რაც ასევე მხოლოდ ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე და ისედაც მაღალი რეფინანსირების განაკვეთის ნიშნულის კიდევ მეტად ზრდას და ეკონომიკის შენელების პროვოცირებას გამოიწვევს.


აქედან გამომდინარე, მთავრობამ უარი უნდა თქვას ახალ ლოქდაუნზე, და კარგია, რომ მთავრობა აქეთ იხრება, მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა და საერთაშირისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით უახლოეს, 2021 -2026 წლებში, ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი 34.5 პროცენტიანი ზრდა, არა თუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ერთადერთი, ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვები არის დასაშვები და ისიც მცირე ხნით.


გამოსავალი კი არა ეკონომიკის ჩაკეტვაში, არამედ საყოველთაო ვაქცინაციაშია და მთელი ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ