დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"საბოტაჟის რეჟიმიდან გამოსული ოპოზიცია, ხელმოწერილი დოკუმენტის რევიზიის სტრატეგიაზე გადავიდა" 23.04.2021 15:43

საბოტაჟის რეჟიმიდან გამოსული ოპოზიცია, ახლა უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის რევიზიის სტრატეგიაზე გადავიდა, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 


"ლელოს პირით, ჯერ პროკურატურის მხრიდან აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის პირობა დააყენა და ახლა უკვე ევროპარლამენტარების თავდებობით მელიას გამოშვება, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილ დოკუმენტში ცალსახად არის გაწერილი მელიას გამოშვების პირობები - გირაო ან ამნისტია. რაც არანაკლებ საინტერესოა, მელიას თავდებში გამოშვებას დაეთანხმა ნაციონალური მოძრაობა, როგორც დოკუმენტზე ხელისმოწერის წინაპირობას.


დოკუმენტის ხელისმოწერის გამო, ოპოზიციის დაპირისპირება, რომ ბლეფი იყო, ამ ქმედებითაც კარგად გამოჩნდა, ევრომედიაციის მხარდაჭერილი დოკუმენტის რევიზიის მიზანიც ნათელია და ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას ემსახურება:


მელიას ციხიდან მორალური ჰანდიკაპით გამოყვანა, მისი ჰეროიზაციით და პოლიტიკური დივიდენდების დაწერით. ამასთან, ქართული ოცნების რენომეს დაზიანებას, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საკუთარი ელექტორატის წინაშე.


ამავე დროს ამ ოპოზიციის კრეფსითმა სახემ, საფანჩატურეთის მასპინძელმა ბატონმა შალვა ნათელაშვილმა, ახალი ანტიდასავლური სერია გამოაცხო, როდესაც გრიგოლიასთან სტუმრობისას ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებს თუ დიპლომატებს სულ მოსყიდულები და მექრთამეები ეძახა. თუ ვის ინტერესში შედის ევროამერიკული მედიაციის ძალისხმევით პოლიტიკური სტაბილიზაციის ეჭქვეშ დაყენება, ესეც ცნობილია. მისი კრიტიკის ერთ-ერთმა ადრესატმა, ცნობილმა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა ვიოლა ფონ კრამონმა ოპოზიციის ამ რევიზიის მცდელობას ცალსახად სწორედ პუტინის რუსეთის ინტერესი უწოდა.


რასაც ჩვენ ამ დღეებში ვუყურებთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანის განვითარებისათვის, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს არა უბრალოდ ახალი მოთამაშეების პოლიტიკაში შემოსვლა, არამედ ახალი პოლიტიკური ალტერნატივა. პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა ვიწრო პარტიულ, არამედ სახელმწიფო ინტერესზე, ოპონირების კრიტიკულ თუმცა ზომიერ რეჟიმზე, რომლის დროსაც პრიორიტეტები საერთო ეროვნულ კონსენსუსზე იქნება აგებული.


ამ პრინციპებზე და ღირებულებებზე აგებულმა პროდასავლური ტიპის პარტიებმა უნდა ჩაანაცვლოს არსებული პოსტშევარნაძისეული "სავაჭრო ამქარი", რომლის არსებობაც ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი საფრთხეა.


გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემოსვლის ახალი განაცხადი და მისი სამომავლო პარტიის კონცეფცია, რომლის კონტურებიც უმრავლესობიდან წამოსული მისი მხარდამჭერი დეპუტატების ოპონირების კონსტრუქციული ხასიათით გარკვეულ წარმოდგენას უკვე იძლევა, ამიტომაც არის ასე აქტუალური.


მისი პოლიტიკაში წარმატებული შემობრუნების თვალსაზრით, მიუხედავად მაღალი რეიტინგისა, და საზოგადოებრივი ინტერესისა, ბევრი რამე მის პირველ გზავნილებზეც იქნება დამოკიდებული. როგორ ხედავს ის ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს და რაც მთავარია თუ რა სახის პოზიციონირებას გაუწევს ქართულ ოცნებას, რომელსაც კონსტრუქციული ოპონირება ჰაერივით ესაჭიროება. დასავლური დემოკრატიაც თავის დროზე, დიდწილად ამ სახის ოპონირებით შედგა და არა საბოტაჟის და მუდმივ დესტრუქციაზე აგებული პოლიტიკური არქიტექტურით!"

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ