შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ონლაინ პოსტერული კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს და თავიანი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევები წარმოადგინეს.
კონფერენცია ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ გახსნა და კონკურსის მნიშვნელობასა და მიზნებზე, ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისების აუცილებლობაზე, კონკურსის ფარგლებში მათ მიერ ჩატარებულ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილმა, რომელმაც წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში მათი როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონკურსის გამარჯვებულმა ახალგაზრდა მეცნიერებმა - ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდიატმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გიორგი ჭკადუამ, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიატმა საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით ნიკოლოზ ალექსიძემ, ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიატმა სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით თამარ ცერცვაძემ, დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიატმა სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ვლადიმერ გამსახურდიამ, დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატმა აგრარული მეცნიერებების მიმართულებით ირაკლი ჯანაშიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიატმა ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ლუკა ნახუცრიშვილმა, ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდიატმა ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებების მიმართულებით ბესიკ დუნდუამ წარმოადგინეს პრეზენტაციები, მოხსენებები თავიანთი სამეცნიერო საქმიანობის, მიღწევების შესახებ. კონფერენცია კითხვა-პასუხით დასრულდა.
ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge