22:16 28.04.2021
ბულგარული კომპანია „ემკო“ უარყოფს, რომ 2011 წელს აფეთქებული საბრძოლო მასალა საქართველოში ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი

ბულგარული კომპანია „ემკო“ უარყოფს, რომ 2011 წელს აფეთქებული საბრძოლო მასალა საქართველოში ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამის ინფორმაციას ბულგარული მედია ემილიან გებრევის კომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„პროკურატურა ტყუის და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მათ ინფორმაციის გაბათლება არსებული დოკუმენტებითაა შესაძლებელი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც ბულგარული მედია ავრცელებს.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ წარსულში მათ საწყობში ჩეხეთიდან ტრანსპორტირებული საბრძოლო მასალის აფეთქების შემთხვევა ნამდვილად მოხდა.

„2011 წელს, 12 ნოემბერს „ემკოს“ საწყობში, ლოვნიდოლეში მოხდა აფეთქება. აფეთქდა 2010 წლის შემდეგ ჩეხეთიდან ჩამოტანილი საბრძოლო მასალა. 2013 წლის ნოემბერში ამ საქმის გამოძიება პროკურატურამ შეწყვიტა, თუმცა პროკურატურის განცხადება, რომ აფეთქებას წინ უძღოდა ხანძარი, სიმართლეს არ შეესაბამება. სრული ტყულია განცხადება, რომ საბრძოლო მასალა ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი, მათ შორის საქართველოში. ამ ტყუილის დადასტურება შესაძლებელია ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით“, – ნათქვმია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „პროკურატურა განზრახ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რათა „ემკოს“ შეაწმინდოს ხელი და შესაძლოა, ცდილობს ინფორმაციის დამალვას ბულგარეთში რუსეთის სპეცსამსახურების აქტივობის შესახებ“.

შეგახსენებთ, დღეს ბულგარეთის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარე საწყობებში, კომპანია „ემკოს“ კუთვნილი და საქართველოსა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის აფეთქებაში რუსეთის ექვსი მოქალაქეა ეჭვმიტანილი.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge