14:32 29.04.2021
ქვეყნების ხუთეული, სადაც, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

 

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 128 მილიონს უახლოვდება. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.3 მილიონია.

 

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.7 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია. ამასთან, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 38%-ი ინდოეთზე მოდის. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა მატულობს. გასული კვირის განმავლობაში ვირუსს 87 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 5%-ით მეტია.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge