14:35 30.04.2021
იმედია, ნამოხვანის მომიტინგეები და გოლეთიანი არ წამოეგებიან რუსულ ანკესზე - ვაჟა შუბითიძე

ნიკა მელია ციხიდან ჯერ იმიტომ არ გამოდის, რომ 15 მაისის აქციამდე პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა რამენაირად ასწიონ რუსებმა საქართველოში. ამიტომ,  იგონებენ ახალ-ახალ ვერსიებს - ხან უარყოფს ამნისტიას, ხან უარზეა ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, ხან რას იგონებენ და ხან რას, რომ 15 მაისამდე არ გამოვიდეს, - ამის შესახებ, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში აცხადებს.

 

"ასევე საეჭვოდ, მესამედ გადაიდო - 23 მაისამდე ნამოხვანის აქცია. ორივე ეს აქცია სჭირდებათ გახარიას პარტიის პრეზენტაციისა და ახალ ამპლუაში გამოსაყვანად, რომელიც ასევე მეექვსედ გადაიდო მაისის შუა რიცხვებისათვის. ამერიკელებმა ჩვენს სტრუქტურებს აუკრძალეს მიტინგებზე ხალხის "მიშველება" თბილისში ნაცებისა და გახარიასთვის. ამიტომ ჩაეჭიდნენ ეკოლოგიურ მიტინგებს ნამოხვანში და უნდათ ეს გულწრფელი პროტესტი გამოიყენონ თავიანთი მიზნებისათვის. ვინაიდან ჩაიშალა გახარიას გმირად და ეროვნულ შემრიგებლად (ნაცებსა და ოცნების "დაპირისპირებაში") გამოყვანა ხალხის თვალში, ახლა ცდილობენ მისთვის და მისი პარტიისათვის ისეთი სასტარტო პირობების შექმნას ამ აქციებით, რომ პრეზენტაცია რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას დაუკავშირონ, თუმცა მუხტის აწევა უჭირთ. ამიტომ მოსალოდნელია რაღაც ახალი სკანდალის ან სენსაციის გაჟღერება აღდგომის მერე ტევე პირველზე ან " მთავარზე" (ფარული ჩანაწერები ან მაგის მსგავსი, რომელსაც ხალხის აღშფოთება ან ქუჩაში გამოსვლა უნდა მოჰყვეს მათი ვერსიით).

 

საბოლოოდ, მათი გეგმით, გახარიას პარტიის შექმნას უნდა მიებას ნაცებისა და ნამოხვანის მიტინგები, გაჟღერდეს მთავრობის გადადგომის და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თემა. ამას უნდა მოჰყვეს გახარიას მოსვლა ხელისუფლებაში და ოცნების ჩანაცვლება (ნაცები ისევ მთავარ ოპოზიციად უნდა დარჩნენ).

 

იმედია, ნამოხვანის მომიტინგეები და გოლეთიანი არ წამოეგებიან რუსულ ანკესზე (მიტინგის ჩატარება პრობლემა არაა, მაგრამ მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს გახარიას მოსაყვანად). ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნები არ მოადუნებენ ყურადღებას (ამის გამოძახილია ის, რომ კელი დეგნანი საქართველოდან არ გაემგზავრება შვებულებაში). ოცნებაც უნდა მიხვდეს, რომ გახარიას ხელშეწყობა ძალიან ძვირად დაუჯდება და ხელისუფლებას მალე დაემშვიდობება ამდენი თავზე ხელის გადასმით გახარიაზე და მის კადრებზე, რომლებიც ისევ იკავებენ თანამდებობებს", - აცხადებს ვაჟა შუბითიძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge