16:24 30.04.2021
ვის შეუშვებენ აღდგომის ტაძარში? - იერუსალიმის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

იერუსალიმის საპატრიარქო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები უნდა მივიდნენ შაბათს, პირველ მაისს 09:00 საათიდან 10:00 საათამდე ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვებენ. ისინი, ვისაც არ აქვთ გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, დარჩებიან წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე.

 

შეგახსენებთ, რომ წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის საიდუმლოს იესო ქრისტეს აღდგომის ყოვლისმომცველი სასწაული განაპირობებს. ეს საოცარი და განუყოფელი მოვლენა მიეცა კაცობრიობას, როგორც ნიშანი და ბეჭედი მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა. როგორც ცნობილია, ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა აღესრულება ძველი სტილით - იულიანური კალენდრით, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დადგენილი ქრისტეს აღდგომის გამოთვლის წესის მიხედვით და მხოლოდ მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ხელით.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge