დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

პოსტპანდემიური ეკონომიკა კიდევ უფრო მეტი გლობალიზაციისაკენ იქნება გადახრილი - გიორგი ცუცქირიძე 01.05.2021 18:01

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
პოსპანდემიური ეკონომიკა კიდევ უფრო მეტი გლობალიზაციისაკენ იქნება გადახრილი.
ჩვენგან განსხვავებით, სადაც მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი, ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე და მელიას კამერიდან გამოყვანის მექანიზმებზეა აგებული, მსოფლიოში გაცხოველებული დისკუსია მიდის პოსტ პანდემიური მსოფლიო თუ როგორი იქნება, რაც პანდემიამ მოიტანა გაზრდილი გლობალური რისკებით, ეკონომიკების რეცესიით თუ გლობალური ღირებულების ჯაჭვების წყვეტით.
მოსალოდნელია თუ არა გლობალიზაციის რევიზია, რაც ევროპის ქვეყნებში გაძლიერებული მემარჯვენე რადიკალიზმის(ნაციონალური ფრონტი საფრანგეთში, ფიდესი უნგრეთში, კანონი და სამართლიანობა პოლონეთში, თავისუფლების პარტია ნიდერლანდებში და ავსტრიაში, დანიის სახალხო პარტია, ჩრდილოეთის ლიგა იტალიაში თუ ოქროს განთიადი საბერძნეთში) და პროტექციონიზმის შედეგად გამოწვეულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს. დეგლობალიზაციის ეს მოლოდინი ეფუძნებოდა მიგრანტების კრიზისს ევროპაში და პანდემიანდელი მოდელების ჩამოშლას, პანდემიის დასაწყისში წამყვანი კომპანიების 94% კორონავირუსის გამო, ლოქდაუნების შედეგად მიწოდების ჯაჭვის რღვევას განიცდიდა, ხოლო საბოლოო აწყობამდე ან გამოშვებამდე ტრანსსასაზღვრო მიწოდების ან ღირებულების ჯაჭვებში გლობალური ვაჭრობის 60% შედგებოდა შუალედური საქონლისა და მომსახურებისგან (მაგ. კომპონენტები და ნახევარფაბრიკატები), პოსპანდემიურ სამყაროს მომავალიც ზოგჯერ როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ნეოლიბერალური ეკონომიკური წესრიგის "ლეგიტიმურობის კრიზისად" ან "გლობალიზაციის დასასრულის" ეპოქადაც სახელდებოდა.
თუმცა, მსოფლიო მძიმედ, მაგრამ მაინც გამოდის პანდემიური შოკიდან, გლობალური პანდემიის დამარცხებაც საბოლოოდ ვაქცინაციით მოხდება, რაც თავისი არსით ისედაც არის გლობალიზმის პროდუქტი. თუ მარსის მომავალი კოლონიზაციის ასპექტებსაც მივიღებთ მხედველობაში, რასაც ახალი ტექნოლოგიური რევოლუცია მოყვება, რობოტიზაციის გაძლიერებულ ტენდენციებს და ხელოვნური ინტელექტის არც თუ შორეულ პერსპექტივებს, გლობალიზაციის ფუნდამენტური საფუძვლების რევიზია არ მომხდარა, როგორც ეს თუნდაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების წინაპერიოდეში მოხდა და პოსტ პანდემიურ სამყაროში გლობალიზაციის კიდევ ურფრო მეტი საჭიროება და სარგებლობა იქნება.
ეს ჩინეთის მაგალითმაც აჩვენა, რომელიც ყველაზე სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან. არც ტრამპის დოქტრინამ იმუშავა, რომ ტრანსნაციონალური კომანიები გადააწყობდენ რეგიონალურ ლოჯისტიკებს და წარმოების მნიშვნელოვან ნაწილს სხვა მიმართულებით გადმოიტანდენ.
რა თქმა უნდა, გადაფასდება აქამდე მოქმედი გლობალური ღირებულების ჯაჭვის გადამეტებული დამოკიდებულების არსებული მოდელები, რაც უკვე დაწყებულია, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ძვრები გლობალური ინვესტიციებისა და ვაჭრობის ძირითადი ეფექტურობის ზრდის და არა შემცირებისკენ იქნება მიმართული. გაიზრდება ეკონომიკების თვიკმარობაც, ძირითადად აგროსასურსათო და ჯანდაცვის პროდუქციის ნაწილის წარმოების და სერვისების მიმართულებით, თუმცა ლოჯისტიკა, ტრანსასაზღვრო გადაადგილება და მედიცინა უფრო გლობალური ხასიათის გახდება.
გლობალიზაციის არსებულ ინდიკატორებს, დაემატება იდეების, ადამიანური კაპიტალის, ციფრული ტექნოლოგიების, პორტფელური ინვესტიციების და „ეფექტური ინსტიტუციური პრაქტიკის“ კიდევ უფრო გაფართოება, ტრანსნაციონალური კომპანიებიების მხრიდან, რომლებიც არიან უმაღლესი სტანდარტების კატალიზატორი და გამტარებლები იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ინვესტიციას დებენ. ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა ცოდნის გადადინების ეფექტები არაერთ ქვეყანაში, სადაც მოქმედებენ ეს კომპანიები და ამის მაგალითი არის, პირველ რიგში ჩინეთი და ინდოეთი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური პოლიტიკის ახალი პარადიგმა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, არამედ, მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვაზე და ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური პოტენციალის მაქსიმალურ დატვირთვაზე იქნება ორიენტირებული. ფოთის პორტის რეკონსტრუქცია და ანაკლიის პროექტის დაჩქარებაც ამ გლობალურ კონტექსტშია განსახილველი. ეკონომიკაში ყველაზე მაღალ დამატებულ ღირებულებასაც სწორედ ეს მოდელი იძლევა. ყველა სხვა დამატებითი წინაპირობა, მათ შორის ენერგეტიკა სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული, რაც დაასრულებს კიდეც ჰიდროენერგეტიკაზე მიმდინარე, ხშირად პოპულისტურ და ქვეყნისათვის დამაზიანებელ დისკუსიებსაც.
დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, იხარეთ და იბედნიერეთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ