20:01 03.05.2021
აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიში მოამზადა. ერთ-ერთ ქვეთავში, სადაც „რეგიონალურ პრობლემებსა და დაბალი ინტენსივობის კონფლიქტზეა“ საუბარი, საქართველოა მოხსენიებული. ანგარიშში მითითებულია, რომ კრემლის მოთხოვნილება მის უახლოეს სახმელეთო სამეზობლოში დარჩეს, როგორც „უსაფრთხოების მთავარი გარანტორი“, კვლავ მზარდია. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების სექტორში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნატო-სთან და სხვა საგარეო მხარდამჭერებთან თვალსაჩინოდ ასახავს, რომ რუსული „დომინირების მცდელობებს“ რთული გარემო ექმნება.

დოკუმენტი ხაზგასმით ამბობს, რომ 2008 წლიდან რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შეარყია ამ ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით და საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებით. აქვე, კრემლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუს სამხედროებს საპატრულოდ იყენებს. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს და არ გაჰყავს ჯარები პრე-კონფლიქტურ პოზიციებზე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge