14:56 04.05.2021
"სააკაშვილი ავანტიურისტი გამოდგა, რომელსაც, იმედი ჰქონდა, რომ რუსებს სამხრეთ ოსეთიდან გააძევებდა "

რუსეთის სამთავრობო ფედერალურმა გაზეთმა „როსიისკაია გაზეტამ“ («Российская газета») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მეთოდი“, რომელშიც საუბარია სიტუაციის, მოვლენების პროგნოზირების მეთოდებზე, მის სიზუსტეზე - რამდენად შეიძლება გამართლდეს ან არ გამართლდეს პროგნოზი, რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას და ა.შ.  პუბლიკაციის ავტორია ცნობილი რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგი, პუბლიცისტი ლეონიდ რაძიხოვსკი. იგი ერთმანეთს ადარებს იმ პროგნოზებს, რომლებსაც ექსპერტ-პოლიტოლოგები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის დაწყებამდე და რუსეთ-უკრაინის 2021 წლის დაძაბულობის დროს აკეთებდნენ. საბოლოოდ, ავტორს გარკვეული დასკვნები გამოაქვს.


გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:


„მე არ მომწონს სიტყვა „პოლიტოლოგი“. ჩემი აზრით, პრეტენზია იმ მეცნიერულობაზე, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს, უსაფუძვლოა: პოლიტიკა ალგორიტმებს არ ექვემდებარება, მისი „გაციფრება“ შეუძლებელია. განა შეიძლება ადამიანის როგორც გონიერი არსების სოციალური ქცევისა და ფსიქოლოგიის დაპროგრამება?


პოლიტიკაში კანონზომიერება მიახლოებითია, მეტაფორულია და ამ დროს მრავალი ინტერპრეტაციაა დასაშვები. ეს თავის დროზე ნიკოლო მაკიაველსაც აქვს ნათქვამი... გარდა ამისა, არ არსებობს უნივერსალური პოლიტოლოგია, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული სხვადასხვა რეგიონზე („დასავლეთი“, „აღმოსავლეთი“, „ევრაზია“ და ა.შ.), კულტურაზე, ტრადიციებზე, დისკურსებზე...


პოლიტიკა მეცნიერება კი არ არის, არამედ შესაძლებლობის ხელოვნება, ანუ რისი გაკეთებაც პოლიტიკოსს და მის გარემოცვას შეუძლია. ამ დროს მუშაობს ყველაფერი ერთად - ინტუიციის, ნების, ემოციების, პირადი და სახელმწიფოებრივი ამბიციების, ანგარებითი სწრაფვის კომბინაცია, როცა შეუძლებელია ყოველი ელემენტის გამოცალკევება. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთთან პოკერს თამაშობენ, მაგრამ მკაფიოდ ვერ წარმოუდგენიათ, პარტია რით დასრულდება...


და როგორ შეიშლება ამ ყველაფრის „გაანალიზება“?


თუ „ქანდაკებას“ იმ ქვად წარმოვიდგენთ, რომელსაც ყველაფერი „ზედმეტი“ მოაშორეს და რაღაცას დაამსგავსეს, მაშინ „პოლიტიკური ანალიზი“ იმას ჰგავს, როცა საღი აზრის ძიების მიზნით ყოველივე სისულელეს და სიცრუეს გვერდზე მოისვრი... მაგრა ამ დროს შეცდომის დაშვება იოლია: პოლიტიკოსები, რომლის მოქმედებასაც აანალიზებ, ხშირად ემოციურები არიან, მოულოდნელ ნაბიჯებს დგამენ, მიდიან თავიანთი ინტერესების საწინააღმდეგოდ...


მოვიყვან ორ მაგალითს ჩემი საკუთარი „წინასწარმეტყველებიდან“ - წარუმატებელ და წარმატებულ პროგნოზებს:


მაგალითი პირველი.


2008 წელს, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მაქსიმალური გამწვავების  დროს, როცა ყველა გაიძახოდა, შეტაკება გარდაუვალიაო, მე ვიმეორებდი: „ომი არ იქნება-მეთქი“. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო გიჟი არ არის, რომ თავს დაესხას მასზე ბევრად ძლიერ რუსეტის სამხედრო კონტინგენტს, დამარცხების გარანტიით. თავის მხრივ, არ რუსეთი არ გამოიჩენს ისეთ სიგიჟეს, რომ საქართველოში შეიჭრას და გრანდიოზული საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს-მეთქი. ომი რომც დაიწყოს, 100%-იანად ნათელია, რომ რუსეთი ქართულ არმიას სამხრეთ ოსეთიდან გააძევებს, მაგრამ საქარტველოს მთლიანად ან მის ნაწილს არ დაიპყრობს - რად უნდა რუსეთს სხვისი ტერიტორია, სადაც მას ოკუპანტად შერაცხავენ? ესე იგი, საბოლოო ჯამში, აშკარაა, რომ ყველა მხარე შეეცდება სტატუს-ქვოს შენარჩუნებას, ტერიტორიულ-ძალისმიერი (გეოპოლიტიკური) წონასწორობის დაცვას. და თუ ასე იქნება, რისთვის დაჭირდება რომელიმე მხარეს ომის დაწყება?


მე შევცდი. მიხეილ სააკაშვილი ავანტიურისტი გამოდგა, რომელსაც, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ ელვისებური დარტყმით გააძევებდა რუსებს სამხრეთ ოსეთიდან, შემდეგ საქმეში „ევროშუამავლები“ ჩაერთვებოდნენ, პროცესი გაჭიანურდებოდა, რუსეთი მოერიდებოდა ომში დიდ გარდაუვალ მსხვერპლს (სისხლისღვრა ხომ არაპოპულარულია!), არ წავიდოდა აშშ-სთან და ნატოსთან პირდაპირ კონფლიქტზე და საბოლოო ჯამში, კრემლი უკან დაიხევდა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა, ერთი მხრივ, თავისი ძალები ზედმეტად, გადაჭარბებულად შეაფასა, მეორე მხრივ კი - რეალურად ვერ შეაფასა მოწინააღმდეგე, სასურველი სინამდვილედ წარმოიდგინა, რაც პოლიტიკოსის ბანალურ შეცდომას წარმოადგენს. იმავდროულად, ანალიტიკოსის ბანალური შეცდომაა ის, რომ მან რეალურად ვერ შეაფასა პოლიტიკოსის ავანტიურიზმი და ზედმეტად გადააფასა მის ტვინში საღი აზრის არსებობა.


მაგალითი მეორე.


ამ ცოტა ხნის წინათ ბევრი ანალიტიკოსი ირწმუნებოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყებოდა. ერთი მხრივ, სახეზეა რუსეთის სამხედრო მანევრები, ხდება ჯარების თავმოყრა უკრაინის საზღვართან, მეორე მხრივ - უკრაინაც აგროვებს თავის ჯარებს დიონბასთან და ა.შ. მე ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ვიყავი, რომელიც დარწმუნებით ვამბობდი, რომ არავიტარი შეტაკება არ დაიწყებოდა. ლოგიკა იგივე იყო, როგორც ზემოთ ვთქვი: უკრაინა რუსეთზე სუსტია და ვერ შეძლებს დონბასის დაკავებას, რუსეთს კი არანაირად არ ჭირდება უკრაინაში შეჭრა - მსხვერპლის გაღება და დასავლეთთან, ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა-მეთქი. ესე იგი, ვამტკიცებდი, რომ ომი არ იქნება. ჩემი პოზიცია ბევრმა პოლიტოლოგმა „დაასამარა“, განსაკუთრებით უკრაინელებმა, რომლებიც გააფთრებულები გაჰყვიროდნენ - უკრაინა დაიკავებს დონბასს, რუსეთი კი სამაგიეროდ უკრაინაში შეიჭრება...


რა არის მხედველობის ასეთი აბერაციის (გადახრის, ცდომილების) მიზეზი?


რა არის და მოწინააღმდეგის დემონიზირება. უკრაინის ოფიციალური დისკურსი გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთი - „მორდორია“ (ანუ „შავი ქვეყანა“, ჯონ ტოლკიენის „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით - ს.კ.), აგრესიულად მოქმედებს უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთია „ბოროტების იმპერიის“ ბუნება. ანუ, ამ შემთხვევაში მოქმედებს „აბსოლუტური ბოროტების პრეზუმფცია“. ცხადია, ჩვეულებრივი პრაგმატული გათვლები იგნორირებულია. სხვათა შორის, ჩვენს ტელეშოუებშიც იგივეს ამბობენ უკრაინის „ნაცისტურ ხელისუფლებაზე“.


მე ვთვლი, რომ „აბსოლუტური კეთილშობილება“ პოლიტიკაში საერთოდ არ არსებობს - არ იყო და არც იქნება. ასევე „აბსოლუტური ბოროტებაც“. თუმცა ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც იყვნენ მანიაკი პოლიტიკოსები (ადოლფ ჰიტლერი, პოლ პოტი და სხვები), რომლებიც თავიანთი ბუნებით, იდეოლოგიით, ქცევით და ფსიქოლოგიით თითქოსდა დაპროგრამებულნი იყვნენ „აბსოლუტურ ბოროტებაზე“.


რა არის პოლიტოლოგთა მიერ დაშვებული შეცდომების მიზეზი?


პირველი გამოიხატება „მტრის ხატში“ - რწმენაში, რომელიც წინასწარ ხელს უშლის ადამიანს ობიექტურად შეხედოს სიტუაციას („ისინი ჯაშუშები არიან, ჩვენები კი მზვერავები“). ასეთი ენით საუბარი აუცილებელია ფანატიკოსებისა და პროპაგანდისტებისთვის, მაგრამ ის ხელს უშლის ანალიზს, ანალიტიკურ აზროვნებას.


მეორე - „ზემოდან ქვემოთ“ დაკვეთაში („სასახლიდან - მოედანზე“), წამოსული სხვადასხვა უფროსობიდან, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით... ამ დროს „ანალიზი“ მხოლოდ ჩვეულებრივ პროპაგანდას წარმოადგენს.


ამ „მოჩვენებებიდან“ განწმენდა ძალიან რთულია, ისინი ხშირად ადამიანების შეგნებაში გაუცნობიერებლად მოქმედებენ... მაგრამ მათი თავიდან მოშორება აუცილებელია ობიექტური ანალიზისათვის“.


წყარო: https://rg.ru/2021/05/03/radzihovskij-politika-ne-poddaetsia-algoritmizacii.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

 




ავტორ(ებ)ი :